კიტრის მავნებლები – ბაღჩის ბუგრი
17 / 01 / 2019

აღწერილობა – ზრდასრული ბაღჩის ბუგრი (Aphis gossypii Glov.) შესაძლოა იყოს როგორც ფრთებით, ასევე ფრთების გარეშე.

ფრთიანი ბუგრის ფრთები გამჭირვალეა, აქვს ულვაშები, შავი თავი და მკერდი.
უფრთო დედლების ულვაშები მკრთალი ყვითელი ფერისაა, ექვსნაწევრიანი, პირველი და მეორე ნაწევარი მურაა, წვეროსი კი შავი. ასევე შავია საწვნე მილები, თავი, შუა და უკანა ზურგი. მუცელზე აქვს შავი ლაქები. ბუგრის სხეული ოვალური ფორმისაა, სიგრძით 1,2-2,1 მმ.

მატლი თავდაპირველად მკრთალი-მწვანე ფერისაა, ხოლო შემდგომ – მოყვითალო-მწვანე.

მავნებელი ძირითადად იზამთრებს სარეველა ბალახებზე, იმაგოს ფაზაში, თუმცა შესაძლებელია გამოიზამთროს მატლის ან ნიმფის სტადიაზე. გაზაფხულზე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 12ºC-ით, ბუგრი იწყებს გამრავლებას და კვებას. თავდაპირველად მავნებელი იკვებება სარეველა მცენარეთა ფოთლებზე, ხოლო შემდეგ გადადის სასოფლო სამეურნეო კულტურებზეც.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა – ღია გრუნტის შემთხვევაში ბუგრი გადადის კიტრზე ივლის-აგვისტოში, ხოლო დახურულ გრუნტში კი გაზაფხულზე. ბუგრების კოლონიები სახლდებიან კიტრის ფოთლების ქვედა მხარეებზე, გვერდით წანაზარდებში, ნასკვებზე ყვავილებში, წუწნიან წვენს და იწვევენ მათ დეფორმაციას. ზოგჯერ ბუგრების მოქმედების შედეგად ფოთლების ზედაპირზე ფორმირდება სოკოვანი ნადები.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ;
  • მცენარეული ნარჩენების განადგურება;
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

მზაღო ლობჟანიძე 

სრული პროფესორი ბიოლოგიის დოქტორი

მსგავსი სიახლეები