ბროკოლი - წარმოების აგროწესები
17 / 01 / 2019

ნიადაგის მომზადება. გაზაფხულზე დასარგავად განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე.

გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.

კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. ასევე აღსანიშნავია რომ ნიადაგის მულჩირება ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას.

ბროკოლის ზაფხულის ბოლოს გადასარგავად ნიადაგი გადარგვამდე 1-2 თვით ადრე უნდა მომზადდეს.

ნიადაგის განოყიერება.  ნიადაგში შესატანი ორგანული და მინერალური სასუქების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა განხორციელდეს ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე. საშუალოდ, ბროკოლის ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად, წვეთოვანი მორწყვის გამოყენებით და შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით, საჭიროა: აზოტი 19,8კგ., ფოსფორი 8,0კგ., კალიუმი  24,0 კგ. (სუფთა ნივთიერებები). მაგალითად, თუ იგეგმება ერთ ჰა-ზე საშუალოდ 20 ტონა მოსავლის მიღება, შესაბამისად შესატანი მინერალური ნივთიერებების რაოდენობები იქნება:

  • N – აზოტი – 396,0 კგ. სუფთა ნივთიერებება.
  • P- ფოსფორი – 160,0 კგ. სუფთა ნივთიერებება.
  • K- კალიუმი – 480,0 კგ. სუფთა ნივთიერებება.

ფოსფორის 2/3-ის შეტანა უნდა განხორციელდეს მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი – გამოკვების სახით. ამავე წესით უნდა შეტანილი იქნას ასევე კალიუმი. ხოლო აზოტის შეტანა კი უნდა განხორციელდეს ვეგეტაციის პერიოდში, გამოკვების სახით.

მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 40 ტონა გადამწვარი ნაკელის შეტანის შემთხვევაში კი საჭიროა აზოტი 196კგ, ფოსფორი 60კგ, კალიუმი 240 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

თესვა და გადარგვა. ბროკოლი ძირითადად ჩითილის მეთოდით მოიყვანება. ჩითილების გამოსაყვანად წარმატებით გამოიყენება საჩითილე კასეტები და სპეციალურად მომზადებული საკვები სუბსტრატი. საჩითილედ თესლი ღია გრუნტში გადარგვამდე 35-50 დღით ადრე ითესება.

ჩითილების გამოყვანის ოპტიმალური პირობები: აღმოცენებისთვის 18-20°С, ხოლო ზრდა-განვითარებისთვის – 14-18°С.

ტენით უზრუნველყოფა: ჩითილების მორწყვა პერიოდულად წარმოებს, საჭიროების მიხედვით.

რგვის ნორმა: ჰექტარზე დასარგავად საჭირო ჩითილის რაოდენობა დამოკიდებულია მოყვანის ვადებზე, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობაზე, საკვებ არესა და ჰიბრიდების ზრდის სიძლიერეზე. გავრცელებულია ზოლებრივი დარგვა 70+50X22-35 სმ. დარგვის ეს წესი ზრდის მოსავლიანობას და წარმოების ეფექტიანობას. ამ წესით დარგვისას 1 ჰა-ზე საჭიროა 50-90 ათასი ჩითილი.

გადარგვის შემდგომი მოვლამორწყვა. ბროკოლის ტენით უზრუნველყოფის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. ბროკოლი ყველაზე მეტად ტენისადმი მომთხოვნია გაღივების, აღმოცენების, ყვავილობის, გადარგვის და თავების ზრდა-ფორმირების ფაზებში.

ბროკოლი ვეგეტაციის განმავლობაში საშუალოდ 5-10 ჯერ უნდა მოირწყას.

მორწყვა შესაძლებელია როგორც წვეთოვანი სისტემის გამოყენებით, ასევე კვლებში მიშვებით. გარდა ამისა, ცხელ ამინდებში მაღალეფექტურია ბროკოლის გამაგრილებელი დაწვიმებით მორწყვა.

 თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა ერთ ჰა-ზე არის 350-400 კუბ./მ.

ნიადაგის გაფხვიერება.  ჩითილების გადარგვის შემდეგ, ვეგეტაციის პერიოდში აუცილებელია ნიადაგის პერიოდული გაფხვიერება და სარეველების მოცილება. ნიადაგის გაფხვიერება-შემოყრა და სარეველების მოცილება ხორციელდება პერიოდულად, უშუალოდ ნაკვეთში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე.

მოსავლის აღება-შენახვა. ბროკოლის მოსავლის აღება შერჩევით ხდება, როცა თავები სასურველ სიდიდეს მიაღწევს.

ბროკოლი უნდა ინახებოდეს 0°С ტემპერატურაზე 98-100% ფარდობითი ტენიანობის პირობებში. ამგვარ პირობებში ბროკოლი 2-3 კვირა შეიძლება იქნას შენახული.

თუ შეუძლებელია შენახვის, ან ტრანსპორტირების დროს რეკომენდირებული ტემპერატურის ან ფარდობითი ტენიანობის უზრუნველყოფა, ამ დროს აუცილებელია ყინულის გამოყენება შეფუთვაში.

ტემპერატურის უზრუნველყოფა შესაძლებელია, ყინული არ არის აუცილებელი.

მსგავსი სიახლეები