კაკალი - ბაღის მოვლის აგროტექნოლოგია
17 / 01 / 2019

ნიადაგის დამუშავება. კაკლის ბაღში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს ხეების გარშემო სარეველა ბალახების განვითარება. თავდაპირველად, ახალგაზრდა ბაღში ე.წ. „შავი ანეული“ არის ნიადაგის მოვლის ყველაზე რეკომენდირებული წესი. ამ დროს შემოდგომაზე შეაქვთ ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების რეკომენდირებული ნორმები და ხდება ბაღის მოხვნა. ვეგეტაციის პერიოდში კი ჩატარდება 4-5-ჯერადი კულტივაცია. ასეთ მდგომარეობაში ნიადაგი შესაძლებელია იყოს 6-8 წლის მანძილზე, შემდეგ კი აუცილებელია ბაღში ნიადაგის ხანმოკლე დაკორდება, მრავალწლიანი ბალახებით. ამ მიზნისათვის საუკეთესო ვარიანტია სიდერატების (მწვანე სასუქი) თესვა. სიდერატებად გამოიყენება ბარდა, ხანჭკოლა, ცულისპირა, ცერცვი, სოია. მათი თესვა ხდება შემოდგომაზე, ჩახვნა კი გაზაფხულზე ყვავილებისა და პარკების ფორმირებისას.

განოყიერება. კაკლის ბაღში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით. ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობებია:

აზოტი N-2,5-3,3%/მშრალ ნივთიერებაზე.

ფოსფორი P-0,10-0,30%/მშრალ ნივთიერებაზე.

კალიუმი K-1,2-3,0%/მშრალ ნივთიერებაზე.

მაგნიუმი Mg-0,30-1,0%/მშრალ ნივთიერებაზე.

კალციუმი Ca-0,6-1,4%/მშრალ ნივთიერებაზე.

საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა კაკლის ბაღში შეტანილი იქნას 80-100 კგ. აზოტი, 80-100 კგ. ფოსფორი და 80-100 კგ. კალიუმი (სუფთა ნივთიერებები).

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:

  • აზოტი - ვეგეტაციის პერიოდში: პირველი შეტანა კვირტების დაბერვის პერიოდში, მეორე შეტანა დანორმების შემდეგ, ხოლო მესამე შეტანა კი მოსავლის აღების შემდეგ.
  • ფოსფორი - ხსნადი ფორმის შეტანა საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა კი შეტანილი უნდა იქნას შემოდგომაზე, ან გვიან ზამთარში.
  • კალიუმი - იგივე, რაც ფოსფორის შემთხვევაში.

ორგანული სასუქები: ყოველწლიურად შეტანის შემთხვევაში საჭიროა 6–10 ტონა. ასევე შესაძლებელია შეტანა ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ და ამ შემთხვევაში საჭიროა 35-40 ტონა.

სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით.

მორწყვა. კაკალი ტენისადმი ყველაზე მომთხოვნია  ნაყოფების დამსხვილების და სიმწიფის პერიოდებში. მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია უშუალოდ ნაკვეთში არსებულ კლიმატურ პირობებზე და ნიადაგის ტენიანობაზე.

მორწყვა წვეთოვანი სისტემით, ან .. „სპრინკლერით" ერთი მორწყვის საორიენტაციო ნორმა: 60-100 კუბ./მ 1 ჰა-ზე.

მორწყვის რაოდენობა სეზონის განმავლობაში: 16-25 -ჯერ.

მორწყვა მოღვარვით, ან კვლებში მიშვებით. ერთი მორწყვის საორიენტაციო ნორმა: 600-700 კუბ./მ 1 ჰა-ზე.

მორწყვის რაოდენობა სეზონის განმავლობაში: 5-6-ჯერ.

რწყვის  უმთავრესი საორიენტაციო ვადებია:

პირველი მორწყვა. ადრე გაზაფხული, ვიდრე  კვირტები გაიშლებოდეს. ეს დრო ხელს უწყობს  ხეების  ნორმალურ ყვავილობასა  და ნაყოფის  გამონასკვას. რწყვის დაგვიანება კი იწვევს  ნასკვების დიდი რაოდენობით ცვენას.

მეორე მორწყვა. ყვავილობისა და გამონასკვის  დამთავრებიდან 15-20 დღის შემდეგ. ამ პერიოდში  რწყვა ხელს უწყობს  ხის  ძლიერი  საასიმილაციო  აპარატის  შექმნას.

მესამე მორწყვა. ივნისში ნასკვების ფიზიოლოგიური ცვენის დროს,როცა ხდება ნაყოფის   ფორმირება.   

მეოთხე მორწყვა. ნაყოფის დასამწიფებლად - საჭიროა  ჩატარდეს მოსავლის აღებამდე  20-30 დღით ადრე.

ტენიანობის შენარჩუნების მიზნით, მორწყვის შემდეგ საჭიროა ნიადაგის ზედაპირის გაფხვიერება  და ჯამების დამულჩვა. 

ბაღის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სადაც ჭარბი ტენია ანუ ფართობი ჭაობდება  უხვი ნალექების მოსვლის დროს, საჭიროა  ჩატარდეს სამელიორაციო სამუშაოები.

სხვლა-ფორმირება. კაკალი ბუნებრივად ივითარებს გაშლილ ძლიერ ვარჯს. მისი ფორმირების საუკეთესო წესია მეჩხერ-სართულიანი, ცვალებად-ლიდერიანი ფორმა.

კაკლის დარგვისას უნდა შევინარჩუნოთ ცენტრალური (გამაგრძელებელი) ღერო, რომელიც დარგვის დროს არ უნდა გადაიჭრას, სუსტად დატოტვილ ერთწლიან ან ორწლიან ნერგების ქვედა ტოტებს ამოკლებენ სამ-ოთხ კვირტამდე, ხოლო ზედა ტოტს ხელუხლებლად ტოვებენ.

შემდგომი წლების განმავლობაში გასხვლის მიზანია მივიღოთ ცენტრალურ-ლიდერიანი, იარუსიანი ან უიარუსო ფორმის მცენარე.

ცენტრალური ლიდერის გარშემო იარუსებად განვითარებული უნდა იყოს 6-10 ტოტი, რომლის დამოკლება არ შეიძლება, ამასთანავე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ ლიდერი ტოტი უნდა იყოს სქელი და გრძელი, ვიდრე მისგან გამომავალი გვერდითი ტოტები.

შემდგომ წლებში რეგულარულად ხდება კონკურენტი ტოტების მოცილება (გამოჭრა), ხოლო ლიდერს არ ეხებიან. გვერდითი ტოტებიდან ამოიჭრება გახშირებული, გამხმარი, ქვევით მიმართული და გადახლართული ტოტები, ხოლო შემმოსავი ტოტები საჭიროებისამებრ გამომეჩხერდება.

გასხვლის მეთოდის შერჩევისას, ასევე მხედველობაშია მისაღები ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ქარისაგან დაცულობის თვალსაზრისით.

მოსავლის აღება-შენახვა. სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ შესაბამისი მოვლისა და აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში, ერთ ჰა-დან შეიძლება მივიღოთ 3-5-7 ტონა მოსავალი. კაკალი იკრიფება (იბერტყება) სრული სიმწიფის სტადიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში გული გამოშრობისას პატარავდება ზომაში და ცუდად ინახება.

მწიფე კაკლების მწვანე გარსი თავად სკდება და ცვივა, რაც მთლიანი სიმწიფის მაჩვენებელია, რადგანაც ნაყოფის მთლიან სიმწიფეში შესვლა ერთდროულად არ ხდება მიმართავენ ტოტებიდან მის ჩამობერტყვას.

კრეფის შემდეგ იმ კაკლებს, რომლებსაც მწვანე გარსი აქვთ შემორჩენილი აცლიან მას, რეცხავენ სუფთა წყალში და აშრობენ მზეზე ან სპეციალურ საშრობში. გამშრალ კაკალს ინახავენ გრილ და მშრალ სათავსოში სადაც ტემპერატურა 3-10°ჩ-ია ხოლო ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა კი 60-65%-ის ფარგლებში. ასეთ პირობებში იგი ინახება ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

მსგავსი სიახლეები