მრპ-ის წინაკუჭების ჰიპოტონია და ატონია - სიმპტომები და მკურნალობა
17 / 01 / 2019

ისეთი დაავადებაა, რომლის დროსაც ადგილი აქვს წინა კუჭების ფუნქციის კუმშვადობის უნარის შესუსტებას ან მოშლას,  რაც იწვევს საკვები მასისი შეჩერებას ფაშვსა და წიგნარაში, აგრეთვე მათში აირებისა და ტოქსიკური პროდუქტების წარმოშობას. ადგილი აქვს მსხვილი რქოსანი პირუტყვის ბაგურ პირობებში შენახვის დროს.

ეტიოლოგია. დაავადების გამომწვევი მიზეზებია: ერთფეროვანი, ძნელად ასათვისებელი, დიდი რაოდენობით უჯრედანას შემცველი უხეში საკვებით და კონცენტრატებით ხანგრძლივი კვება (მშრალი ნამჯა, ჩალა, ბზე, ჩენჩო და სხვ.); დაობებული, გაფუჭებული, დამპალი საკვები; სწრაფი გადასვლა ერთი საკვებიდან მეორეზე; წყლის ნაკლებობა; მოციონის უქონლობა; ცხოველის გადაღლა და სხვა.

დაავადების სიმპტომები. დაავადება მიმდინარეობს მწვავე და ქრონიკულად. ჰიპოტონიის დროს ხდება წინაკუჭების შეკუმშვის რიცხვის და ძალის შემცირება, ატონიის დროს კი ხდება მოქმედების სრული შეწყვეტა. აღინიშნება: ცხოველის ზოგადი მდგომარეობის დაქვეითება, უხასიათობა, დიდხან წვანან, იძულებით დგებიან; მადის გაუკუღმართება, შემცირება ან სრული გაქრობა; ცოხნის რაოდენობის და პერიოდების შემცირება ან სრული გაქრობა, ბოყინი. ფაშვის შეკუმშვები არათანაბარი ძალითაა და დუნეა, დასაწყისში გადავსებულია, მკვრივი, მოგვიანებით კი დარბილებული, ან თხიერი შიგთავსით, ხმიანობა სუსტად მოისმინება და მანძილი ხმების შორის იზრდება. მარცხენა საშიმშილე ოსოში გროვდება აირი. ავადმყოფობის ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს ადგილი აქვს: გახშირებულ სუნთქვას, ყაბზობას, შემდეგ, ფაღარათს, გამოიყოფა მყრალი სუნის ფეკალი.

მწვავე  ატონია დროული მოვლა- მკურნალობის ჩატარებისას 2-3 დგეში მთავრდება ცხოველის გამოჯანმრთელებით

დაავადების მკურნალობა. დაავადების პირველ დრეს უნიშნავენ ერთდღიანი მშიერს ან ნახევრად მშიერს დიეტას, მარილიანი (1:1000 ) ან ძმრიანი (3:1000 )  წყალი შეუზღუდავად. რეკომენდირებულია: ღრმა ცივი ოყნა, ფაშვის ამორეცხვა (30-40 ლ გოგირდმჟავა ან 1% სოდის ხსნარი), შიგნით საფაღარათო მარილი ან ზეთი, 3 საათიანი მოციონი, ფაშვის მასაჟი. მედიკამენტებიდან რუმინატორული და საფაღარათე თვისებების მქონე  პრეპარატებს (მენბუთონის 10% საინექციო ხსნარი, ჩემერიცას (შხამას) ნაყენი, ინდიჯესტი, ფლორატონი), ფერმენტული პრეპარატები. ვენაში - კოფეინის, გლუკოზას, ნატრიუმის ქლორიდის 5-10% ხსნარი. კანქვეშ - მაცერობაცილინი, ამილოსუბტილინი, პროტოსუბტილინი, კარბოქოლინი, პოლიკარპინი, პროზერინი, ვერატრინი.

დაავადების პროფილაქტიკა. მოერიდეთ მკვეთრ გადასვლას ერთი ტიპის საკვებიდან მეორეზე, გაფუჭებული, უხარისხო, დაობებული, დაბინძურებული საკვების გამოყენებას, საჭიროა აქტიური მოციონი, საკმარისი რაოდენობით სუფთა ხარისხიანი წყალი სასმელად.

შემდგენელი: ანა ბოკუჩავა

ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

მსგავსი სიახლეები