არაქისი (მიწისთხილი) - მოვლა-მოყვანის აგროწესები
17 / 01 / 2019

ნიადაგის შერჩევაარაქისი კარგ მოსავალს იძლევა მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის ნოყიერ ნიადაგებზე, შავმიწებზე, ყავისფერ და ალუვიურ ნიადაგებზე. მისი წარმოებისათვის გამოუსადეგარია მტკიცე, პირშეკრული ნიადაგები, აგრეთვე ბიცობი და დაჭაობებული მიწები.

ნიადაგის დამუშავებამიწისთხილის, იგივე არაქისის დასათესად  განკუთვნილი ნიადაგი უნდა მოიხნას 28-30 სმ-ის სიღრმეზე ოქტომბერ-ნოემბერში, ნაწვერალის აჩეჩვის ან წინამორბედი კულტურის აღების  შემდეგ.

გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე 2-ჯერ ტარდება კულტივაცია 10-12 სმ-ის სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.

თესვის წესები და ნორმებითესვა ხდება გარჩეული თესლით, ან გადატეხილი პარკებით. თუმცა გასათვალისწინებელია რომ გადატეხილი პარკებით თესვისას ნათესი გვიან ამოდის და მცირდება მოსავლიანობა გარჩეული თესლის შემთხვევაში, დასათესად გამოსადეგია მხოლოდ კარგად განვითარებული თესლი. წვრილი და განუვითარებელი მარცვლები დასათესად არ გამოიყენება.

მიწისთხილი ითესება მაშინ, როდესაც ნიადაგის ტემპერატურა 10 სმ-ის სიღრმეზე გათბება 14-15°C-მდე.

მიწისთხილი ითესება კვადრატულ-ბუდობრივად ბუდნებში, ან მწკრივებად.

კვადრატულ-ბუდობრივად თესვისას ბუდნებს შორის მანძილი უნდა იყოს 60-70 სმ. ბუდნაში კი ტოვებენ 3-დან 6-მდე მცენარეს.

მწკრივად თესვის დროს მანძილი მწკრივებს შორის უნდა იყოს 60-70 სმ, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის მანძილი კი საჭიროა იყოს 15-20 სმ.

პარკებიანად თესვის დროს ერთ ჰა-ზე ითესება 100-120 კგ.

გარჩეული თესლი ერთ ჰა-ზე ითესება 60-80 კგ.

დათესვის შემდეგ სასურველია რომ ნათესი მსუბუქად მოიტკეპნოს საბეკნელით.

მორწყვა. თუ მიწისთხილი სარწყავ ნაკვეთზე ითესება, სასურველია თუ იგი მოირწყვება დათესვისთანავე. აღმოცენების შემდეგ მცენარე შედარებით ადვილად იტანს გვალვას. ყველაზე მეტად იგი წყლისადმი მომთხოვნია ყვავილობის დაწყების და პარკების განვითარების ეტაპებზე და შესაბამისად, თუ ამ დროისათვის გვალვიანი და მშრალი ამინდებია, აუცილებელია მიწისთხილის სისტემატური მორწყვა, ისე, რომ არ იქნას დაშვებული ნიადაგის გამოშრობა.

ნიადაგის განოყიერება. მიწისთხილის ნაკვეთში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით. საშულოდ მოხვნის წინ საჭიროა 10-15 ტ. გადამწვარი ნაკელის შეტანა ერთ ჰა-ზე. ხოლო მინერალური სასუქებიდან კი საჭიროა 100-200 კგ სუპერფოსფატის და 50-100 კგ კალიუმის მარილის შეტანა ერთ ჰა-ზე.

როგორც სუპერფოსფატის, ასევე კალიუმიანი მარილის მთლიანი დოზების 2/3 მზრალად მოხვნის წინ უნდა იქნას შეტანილი, ხოლო დანარჩენი 1/3 კი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.

ნათესის შემდგომი მოვლა. მიწისთხილის აღმოცენებამდე თუ ნიადაგმა ქერქი გაიკეთა, საჭიროა ნათესი დაიფარცხოს მსუბუქი ფარცხით. დაფარცხვა ასევე შესაძლებელია აღმოცენების შემდეგაც – ეს უდრის ნათესის ერთხელ გათოხნა-გაფხვიერებას. ამის შემდეგ მიწისთხილის ნათესში საჭიროა ნიადაგის სისტემატური გაფხვიერება და სარეველებისაგან გასუფთავება, უშუალოდ ფართობში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე.

გარდა ამისა, რადგანაც არაქისი მიწაში ივითარებს ნაყოფს, კარგ შედეგს იძლევა მიწის 1-2 ჯერადი შემოყრა.

მიწის პირველი შემოყრა უნდა ჩატარდეს ყვავილობის დაწყებისას. ხოლო მეორე და მესამე შემოყრა კი საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წვიმიანი სეზონი დადგება.

მოსავლის აღება-შენახვა. არაქისის მოსავლის აღებას იწყებენ ფოთლების გაყვითლებისა და პარკების ნორმალურად ფორმირების შემდეგ, როცა პარკები უკვე გავსებულია, ხოლო მარცვალი კი დამახასიათებელი ფერისაა.

მოსავალი მშრალ ამინდში უნდა აიღოთ, კარტოფილის სათხრელი ან არაქისის სათხრელი მანქანებით.

მოსავლის აღების შემდეგ საჭიროა მცენარე შეშრეს. ამ მიზნით აღებულ მოსავალს ზვინებად აწყობენ. ამავე პერიოდში ხდება მარცვლის საბოლოო დასრულება.

გამშრალი მასა ილეწება სპეციალური არაქისის პარკების გამცვლელი მანქანებით.

არაქისის ახლად გამოლეწილი პარკები 18-20%-მდე ტენს შეიცავს. ამიტომ შენახვამდე საჭიროა მისი გაშრობა სპეციალურ ვენტილირებად ფარდულებში და ტენიანობის 8-10%-მდე დაყვანა.

მსგავსი სიახლეები