აბზინდას ნაყენი მავნებელი მწერების და მღრღნელების წინააღმდეგ
17 / 01 / 2019

აბზინდას 1 კგ. დამჭკნარ მიწისზედა ნაწილს 10-15 წუთის განმავლობაში ადუღებენ მცირე რაოდენობის წყალში (დაახლ. 2 ლ.), შემდეგ აცივებენ, გამოწურავენ და მიღებულ ხსნარს უმატებენ 10 ლ. წყალს. ეფექტურობის გაზრდის მიზნით ხსნარს შესაძლებელია დაემატოს ქათმის გამხმარი სკინტლი (1 კგ სკინტლს ხსნიან მცირე რაოდენობის წყალში და აყოვნებენ 1-2 დღის განმავლობაში). აღნიშნულ ნაზავს იყენებენ ფოთოლმღრღნელი მავნებლების წინააღმდეგ.

ვაშლის ნაყოფჭამიას მატლების წინააღმდეგ ნახარშის დასამზადებლად აბზინდას ნედლს მიწისზედა ნაწილებს ჭრიან წვრილად, ყრიან ვედროში და ავსებენ ნახევრამდე. დარჩენილ ნახევარს ავსებენ ცივი წყლით, 10 ლიტრამდე. აყოვნებენ 24 საათს, შემდეგ 30 წუთის განმავლობაში ადუღებენ, აცივებენ, გაფილტრავენ და მიღებულ ხსნარს განაზავებენ წყალთან, 1/1-ზე შეფარდებით.

კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ 0,5 კგ წვრილად დაქუცმაცებულ აბზინდას უმატებენ 10 ლ. წყალს, ერთ ჭიქა ხის ნახარშს, 1 სუფრის კოვზ თხევად საპონს და აყოვნებენ 3-5 საათს. შემდეგ კარგად გამოწურავენ და მიღებულ ხსნარს იყენებენ მავნებლის წინააღმდეგ.

აბზინდას გამოყენება თესლის ფრინველებისაგან დასაცავად: აბზინდას 900 გრ. მიწისზედა ნაწილს უმატებენ 1ლ. მდუღარე წყალს, აყოვნებენ ნახევარ საათს და შემდეგ გამოწურავენ. აღნიშნულ ნაყენში 1-2 საათის განმავლობაში ათავსებენ სათესლე მასალას, კარგად ურევენ, გადაწურავენ და გაშრობის შემდეგ თესავენ.

მსგავსი სიახლეები