ღორის კლასიკური ჭირი - აღწერილობა, სიმპტომები და მკურნალობა
17 / 01 / 2019

აღწერილობა. ღორის კლასიკური ჭირი (ლათ. Pestis suum) ინფექციური ვირუსული დაავადებაა. ავადდებიან ყველა ასაკის შინაური და გარეული ღორი, განსაკუთრებით კი, ჯიშიანი მაღალპროდუქტიული ღორები. ახასიათებს ცხელება, სისხლის ძარღვებისა და სისხლბადი ორგანოების დაზიანება. დაავადება შეიძლება გამოვლინდეს წლის ყველა დროს.

ეტიოლოგია. დაავადების აღმძვრელია რნმ-ის შემცველი ვირუსი Pestisvirus-ის გვარიდან  Flaviviridae-ს ოჯახიდან. ღორის ორგანიზმში ვირუსი შეიჭრება საჭმლის მონელებელი ტრაქტიდან, სასუნთქი ორგანოებიდან და დაზიანებული კანიდან. ვირუსი ინაქტივირდება 600C ტემპერატურაზე 10 წუთში, ადუღებისას - მომენტალურად. საღორეში ის არ კარგავს ვირულენტობას ერთი წლის განმავლობაში. გაციებულ ხორცში ინახება 2-4 თვე, გაყინულში - რამდენიმე წელიწადს, დამარილებულში - 10 თვემდე, შებოლილში კი - 3 თვე.

ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული და დაავადება გადატანილი, ვირუსმატარებელი გარეული და შინაური ღორები. ვირუსმატარებლობა გრძელდება 3-10 თვის განმავლობაში. ავადმყოფი ორის ორგანიზმიდან ვირუსი გამოიყოფა შარდათან, ეკალთან, ცხვირის, თვალის და სხვა გამონადენებთან ერთად. ვირუსის გადაცემის ფაქტორებია დაინფიცირებული გარემო, წყალი, საკვები, ქვეშსაფენი, ლეშები, დაკლის პროდუქტები და სხვა. ჭირმოხდილი ღორი იძენს მყარ იმუნიტეტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

დაავადების სიმპტომები. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 5-8 დღე (შეიძლება  გაგრძელდეს 3 დღე, ან  2-3 კვირა). ავადმყოფობა მიმდინარეობს: მწვავედ, ქვემწვავედ, ქრონიკულად და ელვისებურად. ღორის კლასიკური ჭირის დროს ყურადღება ექცევა: მაღალ მუდმივ ტემპერატურას, წერტილოვანი სისხლჩაქცევებს ლორწოვან გარსებზე, კანზე, მუცელზე, კისერზე, ბარძაყის შიდა მხარეს,  წითელ ლაქებს კანზე, რომლებიც ხელის დაჭერით არ უფერულდებიან. მაკე ღორებში ადგილი აქვს აბორტებს, გოჭების ნაადრევ დაყრას და სიკვდილიანობას. მწვავე ფორმისას ცხოველი 2-10 დღეში კვდება, ქვემწვავე ფორმის დროს კი 10-12 დღეში.

დიაგნოზი. დიაგნოზს  ადგენენ ეპიზოოტოლოგიური, კლინიკური და პათანატომიური მონაცემების საფუძველზე. საბოლოო დიაგნოზი დგინდება ლაბორატორიის მიერ.  

დიფერენცირებული დიაგნოზი. ტარდება პასტერელოზთან, სალმონელოზთან, აუესკის დაავადებათან, წითელ ქართან, ჯილეხთან, ღორის აფრიკულ ჭირთან, მოწამვლასთან.

მკურნალობა. დაავადების მკურნალობა დაუშვებელია, დაავადებულ ღორებს დაუყონებლივ კლავენ სანიტარულ სასაკლაოზე.

დაავადების პროფილაქტიკა. ღორის ჭირის საწინააღმდეგოდ ვეტერინალურ-სანიტარული ღონისძიებების ჩატარებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროფილაქტიკურ აცრებს. პრობლემის გადასაწყვეტად არ უნდა დარჩეს არცერთი სული ღორის ჭირზე აუცრელი 2-თვის ასაკიდან. აცრებისათვის იყენებენ ღორის ჭირის ვაქცინას.

შემდგენელი: ანა ბოკუჩავა

ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

 

მსგავსი სიახლეები