ფრინველის ყვავილი - აღწერილობა, სიმპტომები და მკურნალობა
17 / 01 / 2019

გავრცელებული ვირუსული დაავადებაა. ავადდება შინაური და გარეული ფრინველის 60-მდე სახეობა, 4-12თვის ასაკში. წყალში მცურავი ფრინველი ავადდეა იშვიათად. ხასიათდება ეგზანთემის განვითარებით  უბუმბულო ადგილებზე და ფიბროზულ-ნეკროზული დაზიანებებით  ზედა სასუნთქ გზებში და პირის ღრუში. ფრინველის დაცემა- 50-70%, გამოჩეკვის დაქვეითება  80%-ით.

ეტიოლოგია. აღმძვრელია Avipoxvirus-ს ვარის, Avipoxviridae-ს ოჯახის ვირუსი. ვირუსი მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურის, ეთერისა და ეთილის სპირტის მიმართ. გარემოში სიცოცხლისუნარიანია დიდი ხნის განმავლობაში, მზის სხივები ვირუსს კლავს 6-11 სთ-ში. ინფექციის წყაროა: დაავადებული და დაავადება მოხდილი ფრინველი დაინფიცირებული საკვები, წყალი, ინვენტარი, ქვეშსაგები, კვერცხი, სასაკლაოს ნარჩენები, ფეკალი და სხვა. დაავადების გადამტანი შეიძლება იყოს: მღრღნელები და სისხლისმწოველი მწერები.

დაავადების სიმპტომები. იბკუბაციური პერიოდი-4-14 დღე. მიმდინარეობის მიხედვით არის 4 ფორმის: კანის ფორმა-(ტიპიური ფორმა); დიფტერიული-”სველი” ყვავილი; შერეული; ატიპიური-შინაგანი ორგანოების დაზიანებით.

კანის და შერეული ფორმის დროს (მიმდინარეობს 5-6 კვირა) უბუმბულო ადგილებზე -  ეპითელიომების (მეჭეჭის ნაირი, სისხლიანი ფუფხები) გაჩენა.  თვალზე მათი გაჩენა იწვევს ქუთუთოების დეფორმაციას, შედეგად-ფრინველი თვალს ვერ ხუჭავს, ვითარდება კონიუქტივიტი, კერატიტი.

დიფტერიული ფორმის დროს: სასუნთქი და კუჭნაწლავის ტრაქტის ორგანოებზე - გამონაყარი მოთეთრო-მოყვითალო ფერის, რომლის მოცილებისას ჩნდება ეროზიები. ახასიათებს ხველა და მსტვინავი ხიხინი, ჩირქოვანი რინიტი.ფრინველის თავი  იღებს მახინჯ ფორმას.

დიაგნოზი. დიაგნოზი ისმევა კომპლექსურად - ეპიზოოტოლოგიური მონაცემების, კლინიკური ნიშნების, პათანატომიური ცვლილებების და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების  საფუძველზე. ლაბორატორიაში აგზავნიან ფრინველის თავს და კანს.

დიფერენციალური დიაგნოზი. ა-ვიტამინოზი, კანდიდამიკოზი, ასპერგილოზი, ინფექციური ლარინგოტრაქეიტი, ინფექციური ბრონქიტი, სინუსიტი(ინდაურში), ტრიქომონოზი(მტრედში)

მკურნალობა. ამუშავებენ: კანის ფუფხებს ნეიტრალური ცხიმებით ან გლიცერინით, წყლულოვან ზედაპირს 1% იოდის ნარევით გლიცერინთან ან ქლორამინთან; ცხვირის ღრუს და კონიუნქტივას - თბილი წყლით, 3% ბორის მჟავას ხსნარით ან გვირილას ნამყენით. ანტიბიოტიკოთერაპია ვიტამინოთერაპიასთან კომპლექსში ზოგადი მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით

პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები. პროფილაქტიკა მოიცავს: ყველა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრ დაცვას, დეზინფექციას, დაუშვებელია უცხო პირთა შესვლა ფერმის ტერიტორიაზე. იკრძალება დაინფიცირებული კვერცხის,ხორცის,დაკვლის პროდუქტების გატანა და ცოცხალი ქათმის რეალიზაცია.

ვაქცინაცია. ფრინველი იცრება 70 დღის ასაკში ფრთის ჩახვრეტის მეთოდით, იძენს მუდმივ იმუნიტეტს!

შემდგენელი: ანა ბოკუჩავა

ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

მსგავსი სიახლეები