კივი (აქტინიდია) - პლანტაციის მოვლა, გასხვლა, მოსავლის აღება
17 / 01 / 2019

ნიადაგის დამუშავება. კივისათვის დამახასიათებელია ზედაპირული ფესვების განვითარება, რის გამოც ის ვერ იტანს ნიადაგის ხშირ დამუშავებას. აქედან გამომდინარე ფესვთა სისტემის გავრცელების არეში ნიადაგი მუდმივად დაფარული უნდა იყოს ბალახით ან მულჩით. ასევე შესაძლებელია მცენარის ფესვის ყელიდან 1 მ-ის დაშორებით 4-5 წეილიწადში ერთხელ ნიადაგის მსუბუქი კულტივაცია, ხოლო ფერდობებზე ნიადაგის მსუბუქი დამუშავება-აჩეჩვა ფიწლით – ორგანული და მინერალური სასუქების შეტანის ფონზე.

გასათვალისწინებელია რომ ფესვთა სისტემის გავრცელების არეში (ძირებში) მჭრელი ბარით ნიადაგის ღრმა დამუშავება დაუშვებელია.

მორწყვა. კივი ტენის მოყვარულია, ამიტომ მისი პლანტაცია უნდა გაშენდეს სარწყავ ადგილებში. მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია უშუალოდ ნაკვეთში არსებულ კლიმატურ პირობებზე და ნიადაგის ტენიანობაზე. ყველაზე მეტად კივი წყლისადმი მომთხოვნია ახალი ნაზარდების გამოჩენიდან ყლორტების მეორე გასხვლამდე (მაისი-აგვისტო).

კვლებში მიშვებით მორწყვა უმჯობესია ჩატარდეს საღამოს საათებში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არსებობს მორწყვის წვეთოვანი სისტემა, მორწყვა შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში.  მორწყვის საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე არის 350-400 კუბ./მ.

გასხვლაგასხვლის პირველი პერიოდი იწყება დარგვის პირველი წლიდან სამ წლამდე. ამ პერიოდში გასხვლის ამოცანაა საშუალება მიეცეს მცენარეს განივითაროს ძლიერი შტამბი და გვერდითი ღერო-ტოტები. სავეგეტაციო პერიოდში კვირტებიდან წარმოქმნილი მსხვილი ყლორტები უნდა აიკრას ჭიგოზე, წვრილი ყლორტები კი მოშორდეს.

მცენარე მსხმოიარობაში შედის მე-4 მე-5 წელს. მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ აქტინიდიის მცენარეს ესაჭიროება საზამთრო და საზაფხულო გასხვლები.

საზამთრო გასხვლები ტარდება გაზაფხულზე თებერვალ-მარტში, ხდება ვარჯის გამოხშირვა და წინა წლის ნაზარდების დამოკლება.

საზაფხულო გასხვლების მიზანია მეორადი ნაზარდების (ნამსხვრევები) მოცილება და ხვიარა წვეროების წაჩქმეტა. საზაფხულო გასხვლები ტარდება მცენარის ვეგეტაციის სიძლიერის მიხედვით ივნისში და აგვისტოში.

ანასხლავი მწვანე მასა შესაძლებელია გამოყენებული იქნას მცენარის ძირებში მულჩად.

ნიადაგის განოყიერება. ორგანული სასუქებიდან აქტინიდიისათვის ხელსაყრელია გაშენებამდე 80-100 ტონა ნაკელის შეტანა ჰექტარზე ნიადაგის წინასწარი დამუშავების პერიოდში. მსხმოიარობის პერიოდში სასურველია 10-15 კგ. გადამწვარი ნაკელის შეტანა მცენარის ირგვლივ შტამბისაგან მოცილებით, ასევე საუკეთესო ორგანულ სასუქს წარმოადგენს დაბალი მჟავიანობის შემცველობის ტორფი. ასევე გაშენებისათვის ნიადაგის დამუშავებისას საჭიროა მინერალური სასუქების ნიადაგის ანალიზით დადგენილი დოზების შეტანა.

კივის პლანტაციაში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით. საორიენტაციოდ კი ყოველწლიურად საჭიროა კივის პლანტაციაში, თითოეულ ძირზე შეტანილი იქნას მინერალური და ორგანული საკვები ელემენტები შემდეგი რაოდენობებით:

გრ/თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერებები)

2 წლის

100 გრ.

60 გრ.

90 გრ.

3 წლის

150 გრ.

90 გრ.

130 გრ.

4 წლის

200 გრ.

110 გრ.

150 გრ.

5 წლის

300 გრ.

140 გრ.

180 გრ.

6 წლის

350 გრ.

160 გრ.

350 გრ.

7 წლის

350 გრ.

180 გრ.

500 გრ.

8 და მეტი წლის

350 გრ.

180 გრ.

500 გრ.

მოსავლის აღება-შენახვა. კრეფის ვადები დიდადაა დამოკიდებული ნაყოფის სიმწიფის ხარისხზე. განასხვავებენ ასაღებ, ტექნიკურ (ტექნოლოგიურ), სამომხმარებლო და ფიზიოლოგიურ სიმწიფეს. ზოგჯერ სამომხმარებლო და ტექნიკური სიმწიფის პერიოდები ერთმანეთს ემთხვევა.

კივის ნაყოფის კრეფისათვის იდეალური დროის განსაზღვრა რთულია, რადგან იგი, სხვა ხილისგან განსხვავებით, მომწიფებისას არ განიცდის შეფერილობის არსებით ცვლილებას, თუმცა შეინიშნება დამწიფების ფიზიოლოგიის განმსაზღვრელი ზოგიერთი ფიზიკო-ქიმიური პროცესების სხვადასხვაგვარი გამოვლინება. მაგ: მცირდება ნაყოფის სიმაგრე, მეჩხერდება და გაწმენდისას ადვილად ცვივა ეპიდერმისზე არსებული ბუსუსები, მცირდება სახამებლის შემცველობა,იზრდება ასკორბინის მჟავას, შაქრის რაოდენობა, აგრეთვე შაქრის შემცველობის თანაფარდობა ნაყოფის მჟავიანობასთან.

მოსავლის აღების ვადებზე დიდ გავლენას ახდენს ნაყოფების მოყინვის საშიშროება. ქვეყნებში, სადაც მოყინვის საშიშროება დაბალია, ნაყოფებს ტოვებენ დედა მცენარეზე სამომხმარებლო სიმწიფის მიღწევამდე. აღსანიშნავია, რომ მოსავლის ნაადრევი აღება და ხელოვნურად დამწიფების დაჩქარება აუარესებს ხილის ხარისხს.

ჩვენს კლიმატურ პირობებში მიუღებელია როგორც ნაყოფის დედა მცენარეზე დატოვება, ისე მოსავლის ორ ეტაპად აღებაც. სასურველია კრეფა ჩატარდეს ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე, თუმცა, ჯიშობრივი თავისებურებებისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, კრეფის ვადები, შესაძლებელია 10-15 დღით გადაიწიოს.

კივის ნაყოფები იკრიფება არა სამომხმარებლო, არამედ ტექნიკური სიმწიფის ფაზაში, როცა ისინი ცალკეულ ზონისთვის დამახასიათებელ სიმწიფის ინდექსს მიაღწევენ. შემდგომი დამწიფება სამომხმარებლო სიმწიფის მიღწევამდე მიმდინარეობს შენახვის პერიოდში.

ოპტიმალური მოსავლის პირობებში საშუალოდ ერთ ჰექტარზე შესაძლებელია დამზადდეს 20-25 ტონა ნაყოფი. საქართველოს სუბტროპიკული ზონის სხვადასხვა მიკროეკოლოგიური ზონების მიხედვით მოსავლიანობა შესაძლებელია მერყეობდეს ჰექტარზე 10-20 ტონის ფარგლებში.

შენახვის ოპტიმალური ტენიანობა: მიწისზედა გრილ სათავსოში 85-87% მიწისქვეშ სარდაფში 90-92%. შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა მიწისზედა გრილ სათავსოში 9-16°С-ია, ხოლო მიწისქვეშ სარდაფში - 8-10°С.

 

მსგავსი სიახლეები