მსხალი - ბაღის მოვლის წესები
17 / 01 / 2019

ნიადაგის დამუშავება. მსხლის ბაღში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს ხეების გარშემო სარეველა ბალახების განვითარება. თავდაპირველად, ახალგაზრდა ხეხილის ბაღში ე.წ. „შავი ანეული“ არის ნიადაგის მოვლის ყველაზე რეკომენდირებული წესი. ამ დროს შემოდგომაზე ბაღში შეაქვთ ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების რეკომენდირებული ნორმები და ხდება ბაღის მოხვნა. ვეგეტაციის პერიოდში კი ჩატარდება 4-5-ჯერადი კულტივაცია. ასეთ მდგომარეობაში ნიადაგი შესაძლებელია იყოს 6-8 წლის მანძილზე, შემდეგ კი აუცილებელია მსხლის ბაღში ნიადაგის ხანმოკლე დაკორდება, მრავალწლიანი ბალახებით. ამ მიზნისათვის საუკეთესო ვარიანტია სიდერატების (მწვანე სასუქი) თესვა. სიდერატებად გამოიყენება ბარდა, ხანჭკოლა, ცულისპირა, ცერცვი, სოია. მათი თესვა ხდება შემოდგომაზე, ჩახვნა კი გაზაფხულზე ყვავილებისა და პარკების ფორმირებისას.

გასხვლა. არსებობს მსხლის გასხვლის სხვადასხვა მეთოდები. მაგალითად, საშუალო საძირეებზე გამოიყენება ცენტრალურ-ლიდერული ფორმირება ან შპინდელი, ნაგალა საძირეებზე – შპინდელი და სხვ.

ცენტრალურ-ლიდერული წესით გასხვლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ასეთ დროს კვეცავენ და ამოკლებენ გვერდით ტოტებს, რათა მეტად განვითარდეს ცენტრალური (ანუ ლიდერი) ტოტი თუმცა იგი ზედმეტად რომ არ გაიზარდოს, მასაც ამოკლებენ 1/3-ით.

ყოველ მომდევნო გასხვლისას ტოვებენ ისეთ ახლად წარმოქმნილ გვერდით ტოტებს, რომლებიც მავთულის გასწვრივ ვითარდებიან და საბოლოო ჯამში მცენარე კონუსურ ფორმას იღებს.

შპინდელის ფორმით სხვლის დროს კი დაუტოტავი ნერგი იკვეცება 70-80 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო დატოტვილი ზედა ტოტიდან 30-40 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო ვეგეტაციის პერიოდში (ზაფხულში) ამოიჭრება ლიდერის კონკურენტი ტოტები, ხოლო ქვედა ტოტები მაგრდება მავთულზე. მეორე წელს, თუ მცენარეს ძლიერი ზრდა შეუნარჩუნდება, ლიდერი არ იჭრება, მოიჭრება მხოლოდ კონკურენტი და ქვედა ტოტები მაგრდება მავთულზე. ასეთნაირად გრძელდება 4-5 წლის განმავლობაში. შემდეგში ხდება მობერებული ვერტიკალურად მოზარდი, ჩახშირებული და ნაკლებად პროდუქტიული ტოტების გამოხშირვა.

მსხლის გასხვლის მეთოდის შერჩევისას, ასევე მხედველობაშია მისაღები ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ქარისაგან დაცულობის თვალსაზრისით

ანორმებაყვავილობის დასრულებიდან 20-25 დღის შემდეგ, როდესაც ნაყოფი მიაღწევს 10-12 მმ. ზომას და თესლები ჩამოყალიბდება, ყოველი 5 ნაყოფიდან უნდა მოსცილდეა 1 ან 2. ეს ოპერაცია ტარდება ხელით.

ნიადაგის განოყიერება. მსხლის ბაღში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით.

ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობებია:

  • აზოტი N-2,0-2,6%/მშრალ ნივთიერებაზე.
  • ფოსფორი P-0,13-0,22%/მშრალ ნივთიერებაზე.
  • კალიუმი K- 1,4-1,8%/მშრალ ნივთიერებაზე.
  • მაგნიუმი Mg-0,24-0,45%/მშრალ ნივთიერებაზე.
  • კალციუმი Ca-1,1-1,3%/მშრალ ნივთიერებაზე.

საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა მსხლის ბაღში შეტანილი იქნას 120-140 კგ. აზოტი, 80-100 კგ. ფოსფორი და 80-100 კგ. კალიუმი (სუფთა ნივთიერებები). გარდა ამისა, ორგანული სასუქების სახით საჭიროა 20-30 ტ. კომპოსტის, ან გადამწვარი ნაკელის შეტანა შემოდგომაზე, ან ადრე გაზაფხულზე.

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდებია:

  • აზოტი— ვეგეტაციის პერიოდში: პირველი შეტანა ხდება კვირტების დაბერვის პერიოდში. ხოლო მეორე შეტანა კი მოსავლის აღების შემდეგ.
  • ფოსფორი— ხსნადი ფორმის შეტანა საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა კი შეტანილი უნდა იქნას შემოდგომაზე, ან გვიან ზამთარში.
  • კალიუმი— ხსნადი ფორმის შეტანა საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა კი შეტანილი უნდა იქნას შემოდგომაზე, ან გვიან ზამთარში.

მორწყვა. მსხალი ტენისადმი მაქსიმალურად მომთხოვნია ყვავილობის დასრულების, ნაყოფების დამსხვილების და სიმწიფის პერიოდებში. კონკრეტული ბაღისათვის მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია უშუალოდ ადგილზე არსებულ კლიმატურ პირობებსა და ნიადაგის ტენიანობაზე. საშუალოდ, მსხალი ვეგეტაციის განმავლობაში წვეთოვანი მორწყვის სისტემის არსებობის შემთხვევაში  15-25 -ჯერ უნდა მოირწყას, ხოლო მოღვარვით მორწყვის მეთოდით კი მსხლის მორწყვა საჭიროა საშუალოდ 5-7 ჯერ სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში.

წვეთოვანი სისტემის გამოყენებით მორწყვისას თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა არის 60-80 კუბ.მ-ჰა-ზე, ხოლო მოღვარვით მორწყვისას კი – 600-800 კუბ.მ-ჰა-ზე.

მოსავლის აღება/შენახვა. მსხლის მოსავლის აღება ხდება ჯიშების მიხედვით, ნაყოფისათვის დამახასიათებელი ფერის, ზომის და გემოს მიღწევის შემდეგ.

შენახვის პირობები საზამთრო ჯიშებისათვის:

შენახვის ოპტიმალური ტენიანობა: 60-65%.
შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა: 0,5-1°С.
შენახვის ვადა მოცემულ პირობებში: 4-8 თვე.

შენახვის პირობები საშემოდგომო ჯიშებისათვის (ვილიამსი):

შენახვის ოპტიმალური ტენიანობა: 60-65%.
შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა: 0,5-1°С.
შენახვის ვადა მოცემულ პირობებში: 1-2 თვე.

მსგავსი სიახლეები