ამერიკული თეთრი პეპელა - აღწერილობა და ბრძოლის ღონისძიებები
17 / 01 / 2019

ლათინური დასახელებაHyphantria cunea Drury.

გავრცელება და აგებულებაამერიკული თეთრი პეპელა გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით აფხაზეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში.

მავნებლის მატლის სიგრძე 35 მმ-მდეა. ახალგაზრდა მატლი ღია-ყვითელი ფერისაა. ზრდასთან ერთად მისი ფერი იცვლება და გადადის ხავერდისებრ-ყავისფერში. მატლის სხეულის ზედა მხარე დაფარულია შავი მეჭეჭებით და მსხვილი, მოთეთრო ფერის ბეწვების კონით. სხეულის გვერდებზე ლიმონისებრ-ყვითელი ფერის ზოლი გასდევს, რომელზედაც ნარინჯისფერი მეჭეჭები აზის.

ჭუპრი 10-12 მმ-მდე სიგრძისაა. დაჭუპრების პირველ დღეს მისი ფერი ლიმონისებრ-ყვითელია, გამოფრენის წინ კი მუქი-ყავისფერი ხდება.

პეპელას ფრთები თეთრი ფერის აქვს. იშვიათად გვხვდებიან ისეთი ინდივიდებიც, რომელთაც ფრთებზე შავი ან ყავისფერი ლაქები აღენიშნებათ. დედალს ძაფისებრი ულვაშები აქვს, ხოლო მამალს - ფრთისებრი.

ბიოლოგია და დამოკიდებულება გარემო ფაქტორებთან. მავნებელი იზამთრებს ჭუპრის ფაზაში სხვადასხვა თავშესაფრებში: ხის გამხმარი ქერქის ქვეშ, თივაში, ნიადაგის ზედა ფენებში, ჩამოცვენილი ფოთლების ქვეშ და სხვ. ჭუპრებიდან პეპლების გამოფრენის ვადები დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე. ეს პროცესი ძირითადად აპრილ-მაისში მიმდინარეობს და ერთ თვემდე გრძელდება. პეპელა კვერცხებს დებს ფოთლის ქვედა მხარეს, ხის ვარჯის უფრო განათებულ ნაწილში. დადებული კვერცხი ზემოდან დედლის ღია ღინღლით იფარება. პეპლის ფრენა და კვერცხდება საკმაოდ გაჭიანურებულია.

მავნებელი ძალზე დიდი ნაყოფიერებით ხასიათდება. ერთმა პეპელამ შეიძლება 2000 კვერცხი დადოს. ემბრიონული განვითარება 5-10 დღეს მიმდინარეობს. მატლის განვითარებას 45-50 დღე ესაჭიროება. მას ახასიათებს 7 ასაკი (6-ჯერ იცვლის კანს თავისი განვითარების პერიოდში), რის შემდეგაც მავნებელი იჭუპრებს. ჭუპრის ფაზა 10-14 დღეს გრძელდება.

ამერიკულ თეთრ პეპელას დასავლეთ საქართველოს პირობებში აქვს ორი გენერაცია წელიწადში. (ივნისის პირველი რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე და აგვისტოს შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე)

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობაამერიკული თეთრი პეპელა ნაირჭამია მავნებელთა რიცხვს განეკუთვნება. მისი მკვებავი მცენარეების სია 250-ზე მეტი სახეობისა და ჯიშის მცენარეს მოიცავს. ძლიერად აზიანებს როგორც მერქნოვან, ასევე ბუჩქოვან და ბალახოვან მცენარეებს. მავნებლის ახალგამოჩეკილი მატლები გამოყოფენ სეკრეტს, რომელიც ჰაერზე ძაფივით მაგრდება, ქსოვენ აბლაბუდას, ახვევენ მასში მკვებავი მცენარის 2-3 ფოთოლს, და ქმნიან ბუდეს. ბუდეში მოქცეული მწვანე მასის შეჭმის შემდეგ მატლები აფართოებენ ბუდეს ახალი და ახალი ტოტების აბლაბუდაში გახვევით. შედეგად მკვებავი მცენარე რიგ შემთხვევებში მთლიანად შიშვლდება და იღუპება. გარდა ამისა, მავნებლით ძლიერ დაზიანებულ ხეებზე სახლდებიან ქერქიჭამიები, რაც თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს მცენარის ზრდა-განვითარებასა და ცხოველქმედებაზე.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • სექტემბრის დასაწყისიდან აპრილის შუა რიცხვებამდე საჭიროა ჩამოცვენილი ფოთლების შეგროვება და დაწვა, ხე-მცენარეების ქერქის ჩამოფხეკა, საცხოვრებელი სახლებისა და სხვა სათავსოების შემოწმების შედეგად ჭუპრების მოგროვება და განადგურება, ხეების ქვეშ ნიადაგის ღრმად დაბარვა და უხვად მორწყვა;
  • ფერომონიანი სქესმჭერების და სინათლისმჭერების გამოყენება (აპრილ-მაისში);
  • მცენარისათვის აბლაბუდის ქსელში გახვეული ნაწილების მოშორება, მათი შემდგომი დაწვით ან ჩირაღდნის მეშვეობით მავნებლის ბუდეების ტოტებზევე მოწვა, საჭერი სარტყლების გამოყენება დაჭუპრების წინ (დაახლოებით ივნისის პირველი რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე და აგვისტოს შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე);

ქიმიური კონტროლი. მატლის ადრეულ ასაკებში (I, II, III ასაკის მატლები) მის წინააღმდეგ გამოიყენება ლამბდა-ციჰალოტრინის, დელტამეტრინის, ალფა-ციპერმეტრინის და სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ინსექტიციდები.

ზოგიერთი ინსექტიციდის სავაჭრო დასახელება:

  • ალპაკი, ეკ.
  • კარატე, ეკ.
  • ფასტაკი, ეკ.
  • კაიზო, წხგრ.
მსგავსი სიახლეები