
მსხალი ეკუთვნის ვარდყვავილოვანთა (pyrus) ოჯახის (Rosaceae) ვაშლოვანთა ან თესლოვანთა ქვეოჯახის (Pomoideae) Pyrus L.-ის გვარს. საჭმელად გამოიყენება მისი ნაყოფის რბილობი (მეზოკარპიუმი) და კანი (ეგზოკარპიუმი).
გავრცელების არეალის მიხედვით, მსხალი მეორე ადგილზეა ვაშლის შემდეგ. ბუნებრივ პირობებში საშუალო ან დიდი ზომის ხეა, იზრდება 5-25მ-დე და ბუნებრივ პირობებში ცოცხლობს 80-100 წელი.
მსხლის ნაყოფის გემო და არომატი ნიადაგურ პირობებზეა დამოკიდებული. მაგალითად, საკვები ნივთიერებებით ღარიბ ნიადაგებზე მსხლის ნაყოფი ხშირად მჟავეა, მშრალი და მწარე, უვითარდება დიდი რაოდენობით გამაგრებული უჯრედები.
დამოკიდებულება აგროკლიმატურ პირობებთან. მსხალი სინათლის მოყვარულია, ნაკლებად გვალვაგამძლე. მოითხოვს ღრმა ნიადაგებს, რადგან მათი ფესვები ძირითადად 1,5 მეტრ სიღრმეზე ვითარდება. მსხმოიარობას იწყებს 3-5 წლიდან, მეწლეობა ნაკლებად ახასიათებს. მსხლის უმეტესი ჯიშები, მსხმოიარობს მეჭეჭა ტოტებზე და სანაყოფე ჩანთებზე. ზრდისა და მსხმიარობის თავისებურებით წააგავს ვაშლს. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა ჯიშების მიხედვით 240-260 დღეს შეადგენს. საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 18-25 ტონას შეადგენს. ნარგაობის საექპლუატაციო ხანგრძლივობა 25-30 წელია და იგი დამოკიდებულია ბაღის ტიპსა და საძირეზე.
ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის მსხალი ცალკეული ფენოლოგიური ფაზის გავლისთვის საჭიროებს სხვადასხვა ტემპერატურას: კვირტების გახსნის პერიოდში საშუალო დღე-ღამური ტემპერატურა უნდა იყოს 10°C, ხოლო სანაყოფე კვირტების ფორმირებისათვის საჭიროა მინიმუმ 15°C ტემპერატურა. ძლიერი ვეგეტატიური ზრდის ფაზაში მსხალი 3°C-ზე უკვე ზიანდება. ახალგაზრდა ნასკვებისათვის კრიტიკული ტემპერატურაა 1,5°C, ხოლო გაშლილი ყვავილებისათვის კი 1.09°C.
მსხლის კულტურა ტენის მიმართ საშუალო მომთხოვნად ითვლება, მაგრამ იგი დამოკიდებულია როგორც გარემო-პირობებზე, ასევე ნიადაგებზე და აგროტექნიკურ ღონისძიებათა გატარებაზე.
მსხალი კარგად ხარობს და ხარისხიან ნაყოფს იძლევა შავმიწა და წაბლა კარგი სტრუქტურის მქონე ნიადაგებზე, რომელთაც გააჩნიათ წყლის და საკვები ელემენტების კარგი შეკავების უნარი. ნიადაგის არეს ოპტიმალური მჟავიანობა (pH) მსხლისათვის არის 6,0-7,5.
დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიანი არეალების პირობებში მსხალი შედარებით უფრო ხშირად ავადდება ქეცით. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კი ეს დაავადება ვაშლთან შედარებით უფრო ნაკლებად აზიანებს მსხალს.
მსხლის ნაყოფის ქიმიური შედგენილობა. მსხლის ნაყოფი შეიცავს 7.61-13.17% შაქრებს, მათ შორის ფრუქტოზას 5.17-5.72%, გლუკოზას 2.2-2.57% და საქაროზას 0.25-4.88%. ნაყოფი გამოიყენება როგორც ნედლად მოხმარებისათვის, ასევე გადამუშავების და დაკონსერვებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ მსხლის ნაყოფში შაქრების შემცველობა ვაშლთან შედარებით ნაკლებია, მას უფრო ტკბილი გემო აქვს, რადგან მის ნაყოფში მჟავების რაოდენობაც მცირეა.
-
მაყვლის ჯიშები - ჰული 20.03.2019 2686 ნახვა
-
ლენცოფა - აღწერილობა და თვისებები 17.02.2020 6323 ნახვა
-
კივის ჯიშები - მონტი 17.01.2019 2454 ნახვა