ნუშის ბაღის გაშენება
17 / 01 / 2019

ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა. ნუშის ბაღის გასაშენებლად საჭიროა შერჩეული იქნას ქარებისაგან დაცული ადგილი. ან, მსგავსი პირობის არარსებობის შემთხვევაში საჭიროა მოხდეს სპეციალური ქარსაცავი ზოლების გაშენება. ასევე მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ სამხრეთის ფერდობები უფრო თბილია და ამიტომ ბაღის გაშენება რეკომენდებულია სამხრეთის ან სამხრეთ-დასავლეთი მხარეს არსებულ ფერდობებზე. ამავე დროს, ნიადაგი უნდა იყოს სტრუქტურული, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კარგი ჰაერაციის და წყალგამტარი.

ნუში კარგად ვითარდება მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის და კარგი დრენაჟის (წყლის გამტარობა) მქონე ნიადაგებზე. ასევე, მისთვის მისაღებია სასურველია კარბონატული ხირხატიანი ნიადაგები.

ნუშის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 6.5-დან 7.6-მდეა.

ნიადაგის მომზადება ბაღის გასაშენებლად. თავდაპირველად, ზაფხულის ბოლოს, შემოდგომაზე, საჭიროა საპლანტაჟე, ან ნახევრად საპლანტაჟე ხვნის ჩატარება საბაღე ნაკვეთზე. საპლანტაჟო ხვნა ტარდება 60-80 სმ. სიღრმეზე, ხოლო ნახევრად საპლანტაჟო ხვნა უნდა ჩატარდეს 40-60 სმ. სიღრმეზე.

იმავე წლის შემოდგომის ბოლო პერიოდში, ან მომდევნო წლის გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს საბაღე ნაკვეთის გადახვნა 4 ფრთიანი გუთნით და შემდეგ მძიმე დისკებით გაფხვიერება. ამ სამუშაოების შემდეგ კი, საჭიროა ნაკვეთის ფრეზირება როტაციული კულტივატორით. 

დასარგავი ორმო. ნერგის დასარგავად, საჭიროა მომზადდეს ორმოები, რომელთაც ექნებათ 40 სმ. სიგანე, 30 სმ. სიგრძე და 40 სმ სიღრმე. ასევე, შესაძლებელია დარგვისათვის გაკეთდეს 25-დან 35 სმ-მდე სიღრმის ტრანშეები.

ნერგის ხარისხი. ნერგი უნდა იყოს ჯანსაღი, დაუზიანებელი ფესვთა სისტემით და კარგად შეხორცებული ნამყენი ადგილით.

დარგვის სქემები:

  • ძლიერ საძირეებზე (ნუში, GF 677) დამყნილი ნერგები – რიგთაშორის 5-6 მეტრი, მცენარეებს შორის – 4-3,5 მეტრი.
  • ნახევრად ნაგალა საძირეებზე (რუტპაკ 40 ) — 4,0-5,0X1,5-3,0. ანუ რიგთაშორის 4,0-5,0 მეტრი, მცენარეებს შორის – 1,5-3 მეტრი.

დარგვის წესი. დარგვისას ნერგის ნამყენი ადგილი უნდა მოექცეს ნიადაგიდან 4-5 სმ. სიმაღლეზე.

დარგვის დრო. თებერვალი-მარტი ან ნოემბერი.

ნიადაგის განოყიერება დარგვისას. სასუქები შეაქვთ ორმოებში. ამ დროს ორმოს ფსკერზე იყრება აზოტის, კალიუმის და ფოსფორის შემცველი სასუქები, თითოეული მათგანი საშუალოდ 30-50 გრამის ოდენობით. ორმოში სასუქის ჩაყრის შემდეგ, აუცილებელია სასუქის 5-10 სმ. სისქის მიწით დაფარვა.

გარდა ამისა, დარგვისას ნერგისათვის შემოსაყრელ მიწას უნდა შეერიოს 5-6 კგ. გადამწვარი ნაკელი. ეს ოპერაცია (ნაკელის შეტანა) საჭიროა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პლანტაჟის დროს არ იქნა ნაკელი შეტანილი. პლანტაჟის დროს კი საჭიროა 30-40 ტონა ნაკელის შეტანა ერთ ჰექტარზე.

ნიადაგის ამ სახით განოყიერების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში ახალგაზრდა ბაღში არ არის საჭირო ნაკელის და მინერალური (ფოსფორიანი და კალიუმიანი) სასუქების გამოყენება. გამოიყენება მხოლოდ აზოტიანი სასუქები ყოველწლიურად ადრე გაზაფხულზე. 

მსგავსი სიახლეები