ბადრიჯანი - დარგვა, ჩითილის გამოყვანა, მოვლა
17 / 01 / 2019

ნიადაგის დამუშავება. ბადრიჯანი კარგად იზრდება სხვადასხვა ტიპების ნიადაგებზე, თუმცა მისი წარმოებისთვის საუკეთესოა კარგი დრენაჟის მქონე, ორგანული ნივთიერებებით მდიდარი, მცირედთიხნარი და ქვიშნარი ნიადაგები.

სიდერატების გამოიყენების შემთხვევაში, მათი შეტანა აუცილებელია დარგვამდე მინიმუმ 2 თვით ადრე, რათა მოესწროს სიდერატების ნიადაგში გარდაქმნა.

ბადრიჯნისათვის განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე. ამავე არეალის ჭარბტენიან ადგილებში ნიადაგი ძირითადად გაზაფხულზე იხვნება.
გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.

კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. ასევე აღსანიშნავია რომ ნიადაგის მულჩირება ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას.

ვეგეტაციის პერიოდში, ნიადაგის გაფხვიერების და სარეველების მოცილების მიზნით საჭიროა რამდენჯერმე ჩატარდეს კულტივაცია. უშუალოდ ნაკვეთში არსებული სიტუაციის მიხედვით, კულტივაცია ტარდება 3-5-ჯერ, ან მეტჯერ. ზოგადად, რადგან პომიდორის ფესვთა სისტემის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია ნიადაგის კარგი აერაცია, რიგ შემთხვევებში კულტივაცია ტარდება სისტემატურად, ყოველი მოღვარბით მორწყვის, ან წვიმიანი ამინდების შემდეგ. ასევე, აერაციის გაუმჯობესების მიზნით, განსაკუთრებით მძიმე მექანიკური შემადგენლობის ნიადაგებზე, ჩითილების გადარგვიდან 20-25 დღის შემდეგ, მიმართავენ მიწის შემოყრას, რაც, აერაციის გაუმჯობესების გარდა, ხელს უწყობს დამატებითი ფესვების განვითარებას და მცენარის გაძლიერებას.

ნიადაგის განოყიერება. ნიადაგის წინასწარი ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი კულტურის წარმოების დაწყებამდე. ანალიზისათვის ნიადაგის ნიმუშის აღება აუცილებელია ადრე გაზაფხულზე ან ზამთარში. თუ ნიადაგის pH დაბალია, მასში დარგვამდე მინიმუმ 2-3 თვით ადრე შეაქვთ კირის რეკომენდებული რაოდენობა, ხოლო თუ pH ნორმის ფარგლებშია – თაბაშირის. თუ ანალიზის შედეგად დადგინდება, რომ ნიადაგში მაგნიუმის დეფიციტია, ამ დროს საჭიროა დოლომიტური კირის გამოყენება, ხოლო თუ მაგნიუმი ნორმაშია, გამოიყენება არადოლომიტური კირი.

შესაბამისი აგროქიმიკატების დროული და ხარისხიანი გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსავლის ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებლებს და უზრუნველყოფს ადრეულ მოსავალს. ბადრიჯნის ყოველი ერთი ტონა მოსავლისათვის, სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, ერთ ჰა-ზე რეკომენდებულია 7,68 კგ აზოტი, 2,4კგ ფოსფორი და 10 კგ. კალიუმი (სუფთა ნივთიერებები).
თუ ნიადაგის ანალიზი გაკეთებული არ არის, რეკომენდებულია ერთ ჰა-ზე დაახლოებით 1000 კგ სასუქის შეტანა. სასუქის ფორმულაცია უნდა იყოს 6-12-12 ან 5-10-15. ამ დროს საჭიროა სასუქის რიგებში სწორი შეტანისა და გადარგვამდე მისი დროული გახსნის უზრუნველყოფა.

სასუქების ერთიანი რაოდენობის 50%-ის შეტანა გადარგვამდეა აუცილებელი, დარჩენილი ნაწილი კი – გადარგვიდან ორი კვირის შემდეგ.

ნაყოფების ფორმირებისას ერთ ჰა-ზე 25-35 კგ (სუფთა ნივთიერება) აზოტი უნდა იქნას შეტანილი, ხოლო ორი კვირის შემდგომ – მისი გაორმაგებული დოზა. აზოტის შეტანა სასურველია კალციუმის ნიტრატის სახით, რადგან კალციუმის ნიტრატი, ამონიუმის ნიტრატისაგან განსხვავებით, ამცირებს ნაყოფის წვერის სიდამპლის გაჩენის რისკებს.

თესვა-რგვა და ნათესის მოვლა ბადრიჯანი ძირითადად ჩითილის გადარგვის მეთოდით მოიყვანება. ჩითილის გამოყვანა ღია გრუნტში გადარგვამდე 35-50 დღით ადრე იწყება. უმჯობესია თესლი სპეციალურად განკუთვნილ კასეტებში დაითესოს. ჩითილის გამოყვანის ოპტიმალური ტემპერატურაა 18-24°C. ჩითილების გადარგვისას შესაძლებელია გამოყენებული იქნას შემდეგი სქემები: კომპაქტური ჯიშებისათვის 90+50X20-25 სმ. (57,2-71,4 ათასი მცენარე 1 ჰა-ზე), ძლიერმოზარდი ჯიშებისათვის 90+50X30-40 სმ. (35,7-47,6 ათასი მცენარე 1 ჰა-ზე), ძალიან ძლიერად მოზარდი ჯიშებისათვის 90+50X50-70 სმ. (20,0-28,6 ათასი მცენარე 1 ჰა-ზე).

როგორც მაგარი და გაშლილი ღეროს მქონე მცენარე, ბადრიჯანი არ მოითხოვს გასხვლას, ან ჭიგოებზე აკვრას. ჩითილების გარდა, შესაძლებელია ბადრიჯნის პირდაპირ ღია გრუნტში მოყვანაც. ამ დროს საჭირო იქნება აღმოცენებული მცენარეების გამეჩხერება და კონკრეტული ჯიშის/ჰიბრიდისათვის დამახასიათებელი კვების არეს დატოვება.
ფართობში გადარგული/დათესილი ბადრიჯნის შემდგომი მოვლა გულისხმობს ნიადაგის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნებას, ანუ კულტივაცია-გაფხვიერების დროულ განხორციელებას, ბრძოლას სარეველების წინააღმდეგ და დამატებითი გამოკვების ჩატარებას.

მორწყვა. ბადრიჯანი საჭიროებს ტენიანობის განსაზღვრული დონის შენარჩუნებას. ნიადაგის ზედმეტი ან ნაკლები ტენი იწვევს კულტურის პროდუქტიულობის შემცირებას. ტენის სიჭარბის შემთხვევაში მოსალოდნელია ნაყოფების დახეთქვა, ხოლო არასაკმარისი ტენიანობა კი იწვევს მცენარის ჭკნობას და ხელს უწყობს მის წვეროს სიდამპლით დაავადებას.

ბადრიჯანს ტენით უზრუნველყოფა განსაკუთრებით სჭირდება გაღივების, აღმოცენების, ყვავილობის, გადარგვის და ნაყოფების ზრდა-ფორმირების ფაზებში.

მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში ბადრიჯანი 10-15-ჯერ უნდა მოირწყას. თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა ერთ ჰა-ზე არის 30-დან 110 მ3-მდე.

მორწყვა შესაძლებელია როგორც კვალში მიშვებით, ასევე მორწყვის წვეთოვანი სისტემის გამოყენებით.

მოსავლის აღება-შენახვა. ბადრინჯნის ნაყოფი სიმწიფის სხვადასხვა ფაზაში იკრიფება. ეს დამოკიდებულია ქვესახეობაზე და ტემპერატურაზე. ყვავილობიდან მოსავლის აღებამდე პერიოდი მერყეობს 10-დან 40 დღემდე. ჩვეულებრივ, ბადრიჯანი იკრიფება არამწიფე ფაზაში, სანამ თესლები გადიდდება და გამაგრდება. სიმწიფისწინა ფაზის ინდიკატორებია ასევე ნაყოფის სიმაგრე და კანის ბზინვარება. გადამწიფებული ბადრიჯნის ნაყოფი გულგულიანი და მწარე ხდება.

ბადრიჯნის კრეფა მიმდინარეობს პერიოდულად, ყოველ 5-6 დღეში. ნაყოფები ყუნწიანად იჭრება – დანით ან მაკრატლით, რადგან აუცილებელია რომ მოსავლის აღებისას ბადრიჯნის ნაყოფი უნდა მოიჭრას და არ უნდა მოიწყვიტოს. ხშირად, კრეფისას, მკრეფავები ბამბის ხელთათმანებს იყენებენ ნაყოფის დაზიანების თავიდან ასაცილებლად. თუ ბადრიჯნის მოსავლის აღებისას და დატვირთვა-გადმოტვირთვისას არ იქნა დაცული სიფრთხილის ზომები, ნაყოფი შეიძლება დაიჟეჟოს ან მოისრისოს. დაუშვებელია ბადრიჯნის სატვირთო კონტეინერებში დასტებად დაწყობა.

შენახვის ოპტიმალური პირობები. ბადრიჯნის ნაყოფი ინახება 10-12°C ტემპერატურაზე 90-95% ფარდობითი ტენიანობის პირობებში. ბადრიჯნის შენახვის ვადა ჩვეულებრივ 20-25 დღეა.

მსგავსი სიახლეები