კიტრის ბაქტერიული სველი სიდამპლე - სიმპტომები და პროფილაქტიკა
17 / 01 / 2019

გამომწვევი – Pseudomonas burgeri Pot.

დაავადებამ შესაძლოა თავი იჩინოს მცენარის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. ბაქტერიის გავრცელების წყაროს წარმოადგენს დაზიანებული სათესლე მასალა და დამპალი მცენარეული ნარჩენები. დაავადების ძლიერი გავრცელების პირობებში მოსავლის დანაკარგმა შესაძლოა შეადგინოს 40%-ზე მეტი.

დაავადების სიმპტომები – ფოთლების ცენტრალური ძარღვის გასწვრივ ჩნდება სველი, მუქი მწვანე ფერის ლაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში მუქდება. ლაქები ერთმანეთს უერთდება და იქმნება 2-3 სმ-ის ფართობის მქონე ნეკროზული უბნები. 2-6 ნამდვილი ფოთლის ფაზაში მცენარის დაავადების შემთხვევაში შეინიშნება ტურგორის დაკარგვის პროცესი შუადღის განმავლობაში. დილის საათებში კი ხდება ტურგორის კვლავ აღდგენა. ეს მოვლენა შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში. საბოლოოდ, ტურგორის კარგვის პროცესი შეუქცევადი ხდება და მცენარე საბოლოოდ ჭკნება. დაავადების შედეგად დაზიანებული ღეროები ძლიერად რბილდება, მათ გადანაჭერზე ადვილად შეინიშნება გამუქებული ჭურჭლები და ქსოვილები.

ხანდახან დაავადების შედეგი არ არის ტიპიური სიდამპლე, ამ შემთხვევაში მცენარე ჩამორჩენილია ზრდაში, ქვედა ფოთლები ხმება. ნაყოფები კი, თუ მაინც მოხდა მათი განვითარება, კარგავენ სასაქონლო შეხედულებას.

სველი სიდამპლით დაზიანებულ ნაყოფებს უჩნდებათ 0,1-0,2 სმ დიამეტრის მქონე სველი ლაქები. მოგვიანებით ამ ლაქების ცენტრალური ნაწილი მუქდება, ნაყოფის ზედაპირზე არსებული უჯრედების კვდომის შედეგად. ინფექცია ნაყოფში ვრცელდება ჭურჭლების მეშვეობით, ნაყოფის შიგთავსი ხდება ყავისფერი და ლპება.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • დაზიანებული მცენარეების მოცილება და განადგურება;
  • მცენარეთა ოპტიმალური კვების რეჟიმის უზრუნველყოფა;
  • მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ საჭირო კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება;
  • სათესლე მასალის და ნიადაგის დეზინფექცია.
მსგავსი სიახლეები