კარტოფილის იაროვიზაცია - მნიშვნელობა და წესები
17 / 01 / 2019

კარტოფილის ბოლქვების უკეთ განვითარებას და კარგი მოსავლის მიღებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სარგავი მასალის იაროვიზაცია, ანუ ტუბერების წინასწარი გაღვივება.

იაროვიზაციის შედეგად მცირდება სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რაიონებისათვის. იაროვიზაცია ასევე ხელსაყრელია ბარის რაიონებში კარტოფილის წარმოებისას, რადგან იგი აჩქარებს კარტოფილის მომწიფებას, რაც მნიშვნელოვანია გამომდინარე იმ ფაქტიდან რომ კარტოფილი სიგრილის მოყვარული მცენარეა და იაროვიზაციის შემთხვევაში ბარის რაიონებში იგი ზრდა-განვითარებას ასწრებს გრილი ამინდების პირობებში, ძლიერი სიცხეების დადგომამდე.

იაროვიზაციისათვის საჭიროა კარტოფილის ტუბერები გაიშალოს კარგად განათებულ სათავსოში, ისე, რომ შეძლებისდაგვარად ყველა ტუბერს ხვდებოდეს სინათლე.  აღნიშნულ სათავსოში ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს 12-15 გრადუსს შორის. უფრო მაღალი ჰაერის ტემპერატურა იწვევს ტუბერების გამოშრობას და საზიანოა. დაბალი ტემპერატურა კი აფერხებს იაროვიზაციის პროცესს. ერთი ტონა კარტოფილის იაროვიზაციისათვის საჭიროა 35-50 მ² ფართი.
იაროვიზაცია შეიძლება ასევე ჩატარდეს კალათებში, ყუთებში და სპეციალურად მოწყობილ თაროებზე. კარტოფილი უნდა დაეწყოს ორი ტუბერისსისქის ფენად.  კალათების და ყუთების ერთმანეთზე დაწყობისას, უზრუნველყოფილი უნდა იყოს კარგი განათება და ვენტილაცია. ყოველ 5-10 დღეში ტუბერები უნდა გადაბრუნდეს (მდებარეობა შეეცვალოს), რათა განათება ყველა ტუბერისათვის თანაბარი იყოს.

იაროვიზაციის პროცესის დაწყება საჭიროა დარგვამდე დაახლოებით 2-3 კვირით ადრე. როცა ტუბერებზე წარმოიქმნება 2-3 სანტიმეტრის სიგრძის მქონე ღივები, უკვე მზადაა დასარგავად.

მსგავსი სიახლეები