ვაზის მყნობა - გავრცელებული წესები
15 / 11 / 2018

მევენახეობის დარგში არსებობს სხვადასხვა სახის მყნობის მეთოდი, რომლებიც შესაძლებელია გაერთიანდეს ორ ძირითად ჯგუფში:

1. გრუნტში მყნობა;
2. მაგიდაზე მყნობა.

პირველ ჯგუფს მიეკუთვნება მყნობის ის სახე, რომელიც ტარდება სანერგეში ან მოსავლიან ვენახში ორწლიან ან უფრო ხნიერ, დაფესვიანებულ საძირეებზე.

დანიშნულების მიხედვით, პირველ ჯგუფში შემავალი მყნობის წესი გამოიყენება დაფესვიანებული სარვავი მასალის მისაღებად, ვენახის გაშენების მიზნით, ან ვენახში შემთხვევით გამორეული დაბალი ხარისხის ნერგების ჩასანაცვლებლად.
მეორე ჯგუფში შედის ირიბული წესით მაგიდაზე მყნობა, რომელიც ტარდება მაგიდაზე, სამყნობი დანით, ან სხვადასხვა ტიპის სამყნობი აღჭურვილობით.

მაგიდაზე მყნობა, როგორც წესი, ტარდება გაზაფხულზე. საძირედ იყენებენ ჩვეულებრივ უბრალო რქას ან წინა წელს დაფესვიანებულ საძირე მასალას.

გრუნტში მყნობის ზოგიერთი სახეობა

მყნობა ნახევრად გაპობით. მყნობის ეს წესი გამოიყენება ძირითადად ვაზების გაახალგაზრდავების მიზნით ან იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ვაზის ჯიშის ჩანაცვლება.

ნახევრად გაპობით მყნობა ტარდება გაზაფხულზე, ვაზის ტირილის დაწყებამდე. მყნობის დაწყებამდე 8-10 დღით ადრე დასამყნობი ვაზის ძირს გარშემო შემოაცლიან მიწას 20 სმ-ის სიღრმეზე ისე, რომ ფესვის ყელი გამოჩნდეს. შემდეგ გადახერხავენ ნიადაგის ზედაპირის ზემოთ 3-4 სმ-ზე. განახერხი სწორდება მახვილი დანით, ამავე დროს საძირეს აპობენ ცალი გვერდიდან და უკეთებენ ხის პატარა სოლს – სანამყენო კალმის ადვილად მოთავსების მიზნით.

სანამყენო რქა იჭრება 2-3 კვირტზე. რქის ბოლო ნაწილი სოლისებურად ჩაითლება ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გასწიოს სანამყენო საძირის განაპობი. ამავე დროს, ერთმანეთს უნდა დაემთხვეს მათი კამბიალური ქსოვილები. სანამყენოს ჩასმის დროს საჭიროა მისი კვირტი გარეთ იყოს მიმართული. თუ საძირე მსხვილია, მასზე ორივე მხრიდან ამყნობენ და იმ შემთხვევაში, თუ ორივემ გაიხარა, მომდევნო გაზაფხულზე ერთს კი – შედარებით სუსტს, აუცილებლად აცლიან.

დამყნობის დასრულებისთანავე საჭიროა შეხვევა კანაფით ან რაფიით, რის შემდეგაც აყრიან ფხვიერ მიწას 8-10 სმ-ის სიმაღლეზე.

მყნობა მთლიანი გაპობით. საძირის მომზადება ჩატარდება იმავე წესით, როგორც ნახევრად გაპობით მყნობისას. მყნობის წინ საძირეს მთლიანად აპობენ ვერტიკალურად 3-4 სმ-ის სიღრმეზე. განაპობის ბოლო იკვრება კანაფით ან რაფიით, შუა ჭრილობაში კი მოთავსდება სოლი.
სანამყენე კალმებიც მზადდება იმავე წესით, როგორც ნახევრად გაპობით მყნობის შემთხვევაში, კალმებს ორივე მხრიდან ფრთხილად უშვებენ საძირეში ისე, რომ კომპონენტთა კამბიალური ქსოვილები ერთმანეთს დაემთხვეს. ჩადგმის დროს სანამყენე კვირტები გარეთ უნდა მოექცეს. ამის შემდეგ ნამყენი მჭიდროდ იკვრება კანაფით ან რაფიით, რის შემდეგაც აყრიან ფხვიერ მიწას 8-10 სმ-ის სიმაღლეზე.

კადილიაკისებრი მყნობა. ამ შემთხვევაში ვაზს გარშემო აცლიან მიწას 8-10 სმ-ის სიღრმეზე და საძირეს გვერდზე უკეთებენ 3-4 სმ-ის სიგრძის ირიბ ჭრილობას. სანამყენე იკვეცება ორ კვირტზე. მის საძირეში ჩასადგმელ რქის ნაწილს ან სოლისებრად თლიან, ისე როგორც მთლიანი მყნობის შემთხვევაში, ან უკეთებენ ცალმხრივ გეზ ჭრილობას ენითურთ იმგვარად, როგორც ირიბი მყნობის დროს. ამ წესით მომზადებულ სანამყენეს ათავსებენ საძირის ირიბ ჭრილობაში ისე, რომ კომპონენტები ერთმანეთს დაემთხვეს. შემდეგ დამყნობის ადგილს მჭიდროდ კრავენ და ნამყენს აყრიან მიწას.
თუ შემოდგომით დამყნილმა ვაზმა მოასწრო შეხორცება, იგი დაუბრკოლებლად იწყებს განვითარების პროცესს მომავალი წლის გაზაფულიდანვე. ხოლო თუ შემოდგომაზე გაკეთებული ნამყენი დაზიანდა, ან არ შეხორცდა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მისი ხელმეორედ დამყნობა შემდგომი წლის გაზაფხულზე. ამ დროს უნდა დაიმყნას წინათ გაკეთებული ნამყნობი ადგილის ქვემოთ.

მაიორაკისებრი მყნობა. ვაზს გარშემო აცლიან მიწას 2-3 სმ-ის სიღრმეზე. დასამყნობ ადგილს ასუფთავებენ ქერქის მკვდარი ნაწილებისაგან. ამის შემდეგ მათზე ოთხკუთხედის მსგავსად ამოჭრიან 30 მმ სიგრძის, 25 მმ სიგანისა და 3 მმ-მდე სიღრმის რქის ნაწილს.
სანამყენე რქების უმჯობესია მომზადდეს იმავე დღეს, როცა იგეგმება მყნობა. ამ დროს სანამყენე რქებს აცლიან ფოთლებს ისე, რომ მათზე რჩება მხოლოდ ყუნწები. მათ ინახავენ სველ მასალაში. მყნობის მომენტში საკვირტე რქიდან აჭრიან დასამყნობ კვირტს ისე, რომ კვირტი მის შუა ადგილას მოთავსდეს. შემდეგ სანამყენეს მჭიდროდ ათავსებენ საძირის ჭრილობაში და დამყნობის ადგილს მჭიდროდ კრავენ. ნამყენს გაკეთებისთანავე მთლიანად ფარავენ მიწით. ნამყენი ხორცდება 8-10 დღის განმავლობაში, კვირტის კი განვითარებას იწყებს გაზაფხულზე.
გაზაფხულზე შეუხორცებელი ნამყენების აღმოჩენის შეთხვევაში, მყნობას ატარებენ ხელმეორედ, გახარებულ ნამყენებს კი გაზაფხულზევე ახერხავენ ზედა ნაწილს.

მწვანე მყნობა. მწვანე მყნობის წესებიდან გავრცელებულია:
• გაპობით მწვანე მყნობა
• ირიბული წესით მწვანე მყნობა
• კვირტით მყნობა
• შეხებითი წესით მწვანე მყნობა
გაპობით მყნობა. ეს ოპერაცია ტარდება ვაზის მაქსიმალური ზრდის პერიოდში (ივნისის შუა რიცხვები). ამ დროს ვაზზე არჩევენ უკეთესად განვითარებულ ყლორტს, და ჭრიან მას წვერის ზონაში – ზრდის კონუსისა და მისი მომდევნო ორი ფოთოლაკის აცლით, ხოლო შემდეგ ჭრიან მუხლთაშორისის ზონაში, ამ უკანასკნელის 4-5 სმ-მდე სიგრძის დატოვებით. ამის შემდეგ აპობენ მუხლთაშორისს მის მომდევნო ქვედა მუხლამდე, ხოლო მასზე არსებულ ფოთოლს აცლიან, ყუნწის მცირე ნაწილის დატოვებით.
სანამყენედ იღებენ სასურველი ჯიშის ყლორტის წვერის ნაწილს, ორი მუხლის დატოვებით. ამ მიზნით ყლორტს აცლიან ზრდის კონუსს და მუხლებზე მდებარე ფოთლებს (უტოვებენ მხოლოდ ყუნწების მცირე ნაწილს). შემდგომ ქვედა მუხლის ქვემოთ მდებარე მუხლთაშორისის ნაწილს სოლისაბრად თლიან.
ამ წესით მომზადებული სანამყენე იდგმება საძირის განაპობში. ამ დროს რეკომენდებულია, რანამყენეს ქვედა კვირტი მოთავსდეს საძირის ზედა მუხლზე მდებარე კვირტის ადგილას. ამისათვის საჭიროა საძირის კვირტი წინასწარ აეცალოს მჭრელი დანით. ნამყნობი ადგილი მჭიდროდ იკვრება კანაფით ან რაფიით.
ირიბული წესით მყნობა. ამ წესს მიმართავენ ვაზის მაქსიმალური ზრდის პერიოდში. საძირეზე არჩევენ უკეთესად განვითარებულ ყლორტებს და მათზე აკეთებენ ირიბ ჭრილობებს. ამგვარივე წესით მზადდება სანამყენე ყლორტები თითო მუხლით – ისევე როგორც საძირეზე, მასზეც კეთდება ირიბი ჭრილობა. ორივე კომპონენტს ენების ჩაჭრის შემდეგ ერთმანეთს უერთებენ და ნამყნობ ადგილს მჭიდროდ კრავენ. სასურველია, დასამყნობ კომპონენტებს ჰქონდეთ თანაბარი დიამეტრი.
კვირტით მყნობა. საძირედ ვაზზე ირჩევა უკეთესად განვითარებული ყლორტი და მასზე კეთდება თ-სებური ჭრილობა. შესაძლებელია ჭრილობის ფორმის დაკავშირება სანამყენე კვირტის ფორმასთან (ანუ კვირტის ზომის და ფორმის ანათალის აღება).
სანამყენედ ყლორტზე შეირჩევა უკეთესად განვითარებული კვირტი. მასზე ტოვებენ ფოთლის ყუნწის მცირე ნაწილს. კვირტს იღებენ დანის საშუალებით და ათავსებენ საძირეზე გაკეთებულ ჭრილობაში. ნამყნობ ადგილს მჭიდროდ კრავენ.
შეხებითი წესით მწვანე მყნობა. ეს შედარებით მარტივი ოპერაციაა იმ შემთხვევაში, თუ დასამყნობ კომპონენტთა ეგზემპლარები ერთმანეთთან ახლოსაა. ოპერაციის ჩატარებია მიმდინარეობს შემდეგნაირად: საძირეზე არჩევენ უკეთესად განვითარებულ ყლორტებს და მასზე აკეთებენ სიგრძივ გვერდით ჭრილობას ნიადაგის ზედაპირთან ახლოს, ამავე სიდიდის ჭრილობას აკეთებენ მეზობლად მდგომ იგივე სიდიდის ვაზის ყლორტზე, რის შემდეგაც კომპონენტებს ჭრილობებით ერთმანეთს ადგამენ და კრავენ. ნამყნობ ადგილს მთლიანად ფარავენ მიწით.
მყნობის დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდეგ საჭიროა საძირის წვერის ნაწილის გადაჭრა, შეხორცების და საერთო ზრდა-განვითარების პროცესების დაუბრკოლებლად განვითარების მიზნით.

ირიბული წესით მაგიდაზე მყნობა

ირიბული წესით მაგიდაზე მყნობა ტარდება ვაზის გახევებულ ერთწლიან ნაწილებზე. როცოც ზემოთ აღინიშნა, მყნობა ტარდება მაგიდაზე, სამყნობი დანით, ან სხვადასხვა ტიპის სამყნობი აღჭურვილობით. მყნობის ჩასატარებელი პერიოდია გაზაფხული (მარტის მეორე ნახევრიდან აპრილის ბოლომდე).
მყნობის ამ წესის არსი მდგომარეობს შემდეგში: საძირესა და სანამყენეზე კეთდება ირიბი ჭრილობა და ისინი ერთანეთზე დამაგრდება ე.წ. “ენების” საშუალებით.

მსგავსი სიახლეები