ვაშლის ჩრჩილი - აღწერილობა და ბრძოლის ღონისძიებები
17 / 01 / 2019

ლათინური დასახელება: Hyponomeuta malinellus Zell.

აღწერილობა. მავნებლის მეოთხე-მეხუთე ასაკის მატლის სხეულის სიგრძე 14-18 მმ-ს შეადგენს. იგი მონაცრისფრო ან ტალახისებრ-ყვითელი ფერისაა. თავი, წინაზურგი, ფარი და ანალური სეგმენტი ყავისფერია. სხეულის დორსალურ მხარეზე ოთრიგად გასდევს ბეწვები, რომელთა შორისაც ორრიგად შავი ლაქებია განლაგებული. მატლის ყოველ სეგმენტზე ექვს-ექვსი ბეწვია, მუცლის თითოეულ სეგმენტზე კი – რვა. მატლს ანალურ ფარზე რვა ბეწვი აზის, მკერდის ფარზე – ექვსი.

პეპლის სიგრძე გაშლილი ფრთებით დაახლოებით 2 სმ-ია. მისი წინა ფრთები თეთრი ფერისაა და დაფარულია ოცამდე შავი წერტილით. ოთხი ასეთივე წერტილი აზის ზურგზეც. უკანა ფრთები ნაცრისფერია. წინა ფრთების ქვედა მხარე მონაცრისფროა, ასეთივე ფერისაა ჯინჯილაც.
საქართველოს პირობებში მავნებელს ერთი თაობა ახასიათებს.

ზამთარს მავნებელი მატლის ფაზაში ატარებს მცენარის ტოტებზე, ფარის ქვეშ.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა. ვაშლის ჩრჩილი მხოლოდ ვაშლის კულტურას აზიანებს. მისი მატლები მცენარის ფოთლებს პირველად დაზიანებას ნაღმების გაკეთებისას აყენებენ – იჭრებიან ფოთოლში ეპიდერმისებს შორის და ანადგურებენ ქლოროფილის მარცვლებს. ასევე პირველი კანის გამოცვლის შემდეგ, როდესაც მატლები ტოვებენ ნაღმებს, ისინი იწყებენ ფოთლების აბლაბუდაში გახვევას და რბილობის დაზიანებას. შედეგად მცენარე სერიოზულად ზიანდება, ეცემა მისი ნაყოფიერების დონე და მოსავლის ხარისხი.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • ნარგაობების რეგულარული გაწმენდა მცენარეული ნარჩენების და ჩამოცვენილი ფოთლებისაგან.
  • ხეების შტამბის მოვლითი სამუშაოების განხორციელება.

ქიმიური კონტროლი. მასობრივი გამრავლების შემთხვევაში შესაბამისი ქიმიური წამლობების განხორციელება – მავნებლის წინააღმდეგ ეფექტურია ზეთოვანი ემულსიების შესხურება ფოთლების ჩამოცვენიდან კვირტების დაბერვამდე, ასევე იმიდაკლოპრიდის და სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ინსექტიციდები.

ზოგიერთი ინსექტიციდის სავაჭრო დასახელება:

  • კონფიდორ მაქსი, წხგრ.
  • კონფიდორი, წხგრ.
მსგავსი სიახლეები