აღმოსავლური ნაყოფჭამია - აღწერილობა და ბრძოლის მეთოდები
15 / 01 / 2019

ლათინური სახელწოდება: Grapholitha molesta Busek.

გავრცელება და აგებულება. აღმოსავლური ნაყოფჭამია ძირითადად დასავლეთ საქართველოში კერძოდ აჭარაში, აფხაზეთსა და იმერეთში იყო გავრცელებული, ამჟამად კი აღმოსავლეთშიც ფართოდაა ცნობილი.
უფროსი ასაკის მატლის სიგრძე დაახლოებით 14 მმ-ია. იგი ნაცრისფერია, მკრთალი-მოწითალო ელფერით, თავი ყავისფერი ან მუქი-ყავისფერია. მუცლის ცრუფეხების კაუჭები ერთიარუსიანია და გაწყობილია გვირგვინით. მავნებლის მატლის სხეული ანალური სავარცხლით და ფარზე სამი ჯაგრით ხასიათდება.
პეპლის ზომა გაშლილი ფრთებით დაახლოებით 15-16 მმ-ია. წინა ფრთის წვეროს ნახევარში მრუდედ მისდევს თითქოს ფრჩხილებისაგან შემდგარი გაორკეცებული თეთრი ზოლები, ხოლო თვით წვეროსთან ახლოს აქვს რამდენიმე შავი წერტილი. პეპლის საერთო ფერი ნაცრისფერია. უკანა ფრთები, წინასთან შედარებით, ცოტა მკრთალია. მისი ზურგი უფრო მუქია, ვიდრე ფრთები და ყავისფრად გამოიყურება, თუმცა ვერცხლის ელფერი გადაჰკრავს. ძაფისებრ ულვაშებზე ახასიათებს მოთეთრო რგოლები.
ბიოლოგია და დამოკიდებულება გარემო ფაქტორებთანმავნებელი იზამთრებს მკვებავი მცენარის ღეროსა და დედატოტების გამხმარი ქერქის ქვეშ, მუმიფიცირებულ ნაყოფებსა და სხვა თავშესაფრებში. ამ დროს მავნებელი იმყოფება უკანასკნელი ასაკის მატლის ფაზაში და მოთავსებულია პარკში. გაზაფხულზე, როდესაც ჰაერის დღე-ღამური საშუალო ტემპერატურა მიაღწევს 14-15°_ს, დაახლოებით აპრილ-მაისში იწყება პეპლების გამოფრენა ჭუპრებიდან. გამოფრენის შემდეგ მავნებელი იწყებს კვერცხის დებას ფოთლის ფირფიტაზე და ნაყოფზე, თუ კი ამ დროს იგი უკვე გამონასკვულია. პეპლის კვერცხის პროდუქცია 200 ცალამდე აღწევს. ემბრიონის განვითარების ხანგრძლივობა, ადგილისა და თაობის მიხედვით, 3-9 დღეა, მატლისა – ერთიდან სამ კვირამდე, ჭუპრისა კი 1-4 კვირა. მავნებელი დასავლეთ საქართველოს პირობებში იძლევა 5-6 თაობას.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობამავნებელი აზიანებს თესლოვან და კურკოვან ხეხილს: ვაშლს, მსხალს, კომშს, ატამს, ალუბალს და სხვ. განსკუთრებით ძლიერ ზიანდება ატამი და კომში. მავნებლის მატლები აზიანებენ კულტურათა ყლორტებს და ნაყოფებს: ღრღნიან და წარმოშობენ ხვრელებს, რის შედეგადაც იწყება ფოთლებისა და ყლორტის ხმობა. გარდა ამისა, დაზიანებულ ადგილებში ყლორტი და ნაყოფი გამოყოფენ ფისს. ასეთი ნაყოფები საკვებად უვარგისია და მალე ლპება.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • ხეების შტამბის მოვლითი სამუშაოების განხორციელება.
  • გამხმარი ტოტების და მცენარეული ნარჩენების სისტემატური მოცილება ნაკვეთებიდან.
  • მასობრივი გამრავლების შემთხვევაში შესაბამისი ქიმიური წამლობების განხორციელება – გამოიყენება დელტამეტრინის, დიმეთოატის, იმიდაკლოპრიდის და სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ინსექტიციდები.

 

მსგავსი სიახლეები