წიწიბურა – აღწერილობა, მოვლა-მოყვანის აგროწესები
15 / 11 / 2018

ბოტანიკური აღწერილობა. წიწიბურა ეკუთვნის მატიტელასებრტა ოჯახს (Polygonaceae). მისი გვარი (Fagopyrum L) მოიცავს რამდენიმე სახეობას. მათ შორის ფართოდ გავრცელებულია კულტურული წიწიბურა – Fagopyrum esculentum Moench. ის იყოფა კიდევ ორ ქვესახეობად ჩვეულებრივ წიწიბურად – SSp. Vulgare Stol და მრავალფოთლოვან წიწიბურად (SSp. multiflorum Stol). არსებობს ასევე წიწიბურას ველური ფორმები, რომლებიც ასარევლიანებენ ნათესებს.

წიწიბურა ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. მისი ღერო დატოტვილია და სიმაღლით 50-დან 120 სმ-მდე აღწევს, ცალკეულ შემთხვევაში ზოგიერთი საგვიანო ჯიშები იზრდება 2 მეტრამდეც. მომწიფებისას ღერო წითელ შეფერილობას იღებს.

ფესვთა სისტემა მთავარღერძიანია. იგი ვითარდება ჩანასახის ფესვებისა და ღეროს მეორადი ფესვებისაგან, ნიადაგში აღწევს 1 მეტრამდე. თუმცა ფესვების ძირითადი მასა ნიადაგში ვრცელდება 25-30 სმ-ის სიღრმეზე.

ფოთოლი ფართოა, ყუნწიანი, გულისებრ-სამკუთხოვანი ფორმის.

ყვავილედი ორსქესიანია, შეკრებილია მტევნისებურად და მოთავსებულია ფოთლის იღლიებში. კარგად განვითარებულ მცენარეზე 500-დან 1500-მდე ყვავილია.

ნაყოფი სამწახნაგოვანი წიწიბოა, წიფლის ნაყოფის მსგავსად, სიდანაც წარმოსდგება მისი სახელწოდება – წიწიბურა. ნაყოფი რუხი ფერისაა, მოყავისფრო ან შავი, 1000 მარცვლის მასა 20-30 გრამს უდრის. ჯიშის და კულტურის მოვლის პირობების მიხედვით კანზე მოდის მთლიანი მარცვლის წონის 18-30%.

წიწიბურას მარცვალი შედგება სამი ნაწილისაგან, ლებნებისაგან, რომლებიც აღმოცენებისას მიწის ზემოთ ამოდიან, ფესვის ჩანასახისა და ენდოსპერმისაგან.

დამოკიდებულება აგროკლიმატური ფაქტორებისადმი. წიწიბურა არ გამოირჩევა დიდი მომთხოვნელობით ნიადაგისადმი. იგი კარგად ეგუება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგს, მათ შორის ტორფიანს და ქვიშნარებსაც. ასევე კარგად ვითარდება ნიადაგის არეს რეაქციის სხვადასხვა მაჩვენებელზე (pH 5-დან 7,5-მდე). კარგ მოსავალს იძლევა ახლად ათვისებულ მიწებზე, ყამირებზე. მისთვის გამოუსადეგარია მხოლოდ ჩადაბლებული, ჭაობიანი ადგილები, სადაც წყალი დგება ცუდი დრენაჟის გამო.

წიწიბურას თესლი გაღივებას იწყებს 7-8°C-ის პირობებში, მაგრამ მისი ნორმალურად აღმოცენებისათვის ოპტიმალურია 15°C სითბო. მცენარე მცირე ყინვასაც ვერ იტანს. მისი ნათესები საგრძნობლად ზიანდება -1,5°C-იანი წაყინვის შემთხვევაში, ხოლო -2°C-მდე ტემპერატურის დაცემა კი სრულად სპობს მას.

12-13°C სითბოს პირობებში წიწიბურა სუსტად იზრდება, თუმცა იგი ასევე ვერ იტანს სიცხეს – ტემპერატურის 25°C-მდე მომატების შემთხვევაში მისი ზრდა-განვითარება ფერხდება.

წიწიბურას ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 20°C-ის ფარგლებშია.

ყვავილობის პერიოდში მცენარის განვითარებაზე ცუდად მოქმედებს როგორც მშრალი, ასევე ძლიერ წვიმიანი და ტენიანი ამინდები.

წიწიბურა ტენის მოყვარული მცენარეა, განსაკუთრებით სჭირდება მას მორწყვა ყვავილობის პერიოდში. გვალვიანობის დროს წიწიბურას მოსავლიანობა მკვეთრად უარესდება.

მოვლა-მოყვანის აგროწესები

ნიადაგის შერჩევა-დამუშავება. წიწიბურასათვის კარგი წინამორბედია თავთავიანი, პარკოსანი და სათოხნი კულტურები.

ნიადაგის დამუშავება წიწიბურასათვის იწყება შემოდგომაზე  – ამ დროს ნიადაგი იხვნება მზრალად. გაზაფხულზე ხდება ხნულის დაფარცხვა ტენის შენარჩუნების მიზნით.

წიწიბურა გვიან ითესება, ამიტომ მის დათესვამდე, გაზაფხულზე საჭიროა ხნულის 2-3-ჯერ კულტივაცია. ბოლო კულტივაცია ტარდება თანმიყოლებული დაფარცხვით უშუალოდ თესვის წინ, 1-2 დღით ადრე.

ნიადაგის განოყიერება. წიწიბურა კარგად რეაგირებს სასუქებზე. ყოველი 200 კგ. მარცვლის მისაღებად მცენარეს ნიადაგიდან გამოაქვს 60 კგ. აზოტი, 61 კგ. ფოსფორი, 150 კგ. კალიუმი და 62 კგ-მდე კირი. მცენარე ყვავილობამდე ითვისებს ამ ნივთიერებათა 60-75%-ს.

ნაკელის გამოყენება გამართლებულია მხოლოდ ქვიშნარ ნიადაგებზე. სხვა მიწებზე ის იწვევს მცენარის მწვანე ნაწილების ძლიერ ზრდას. ქედან გამომდინარე ნაკელის შეტანა რეკომენდებულია არაუშუალოდ წიწიბურას კულტურისათვის, არამედ მისი წინამორბედი კულტურის წარმოებისას.

თესვა. შესაბამისი ხარისხის სათესლე მასალის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან წიწიბურას თესლი არათანაბარი ზომისაა. მსხვილი და მძიმე თესლი უფრო თანაბარ და ძლიერ აღმონაცენს იძლევა. დასათესად ოპტიმალური ფრაქციის თესლის შერჩევის წესი შემდეგში მდგომარეობს:

თესლს ათავსებენ ამონიუმის გვარჯილის 10-15%-იან ხსნარში. ამ დროს დასათესად ვარგისი თესლი იძირება, მსუბუქი და უხარისხო თესლები კი ზედაპირზე რჩება. ასეთი წესით გადარჩეულ თესლს რეცხავენ სუფთა წყლით, აშრობენ და თესავენ.

თესვას იწყებენ მაშინ, როდესაც ნიადაგის ტემპერატურა ჩათესვის სიღრმეზე მიაღწევს 12-15°C-ს. ჩათესვის სიღრმე კი 5-8 სმ-ის ფარგლებშია.

კვების არე. წიწიბურა ითესება მწკრივებად. თესვა წარმოებს სათესი მანქანებით, მწკრივთაშორის 45 ან 15 სმ-ის დაშორებით.

თესვის ნორმა. წიწიბურას თესვის ნორმა დამოკიდებულის შერჩეულ კვების არეზე და მერყეობს 40-დან 100 კგ-მდე ერთ ჰა-ზე.

თესვის შემდგომი მოვლა. დათესვის შემდეგ კარგ შედეგს იძლევა ნათესის მოტკეპნა. ვეგეტაციის პერიოდში კი ფართომწკრივიანი ნათესის შემთხვევაში ტარდება კულტივაცია, წვიამიანი ამინდების შემთხვევაში კი მიმართავენ მიწის ოდნავ შემოყრასაც, რაც იწვევს დამატებითი ფესვებისა და სანაყოფე ღეროების გამოტანას.

მოსავლის აღება-შენახვა

წიწიბურას მოსავალი თანაბრად არ შემოდის. ამის გამო კარგ შედეგს იძლევა მოსავლის ორ ფაზად აღება. ასეთ შემთხვევაში მოსავლის აღება წარმოებს შემდეგი წესით: როცა მცენარეებზე ნაყოფების2/3 გამუქდება, ის იჭრება მანქანებით და ღვარეულებად ეწყობა, 3-4 დღის შემდეგ, როგორც კი ღვარეულები შეშრება, მას იღებენ ამკრეფი კომბაინებით და ახდენენ მის გალეწვას. შემდეგ მარცვალს ასუფთავებენ და აშრობენ.

შენახვისათვის განსაზღვრულ წიწიბურას მარცვალში ტენიანობა 13-14%-ის ფარგლებში უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები