თუთა - დარგვა, სხვლა-ფორმირება, შტამბოვანი პლანტაციის გაშენება
15 / 01 / 2019

საქართველოში უპირატესად გავრცელებულია თუთის მაღალშტამბოვანი პლანტაციის გაშენება, კვადრატული და სწორკუთხოვანი  წესით.

კვადრატული წესით პლანტაციის გაშენებისას თუთის რიგები სიგრძით და სიგანით ერთმანეთს კვეთენ სწორი კუთხით და მანძილები როგორც რიგში, ისე რიგთაშორის თანაბარია. ამ წესის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია პლანტაციაში ნიადაგის დამუშავება ორმხრივი მიმართულებით.

სწორკუთხოვანი წესით პლანტაციის გაშენებისას რიგები სიგრძით და სიგანით ერთმანეთს კვეთენ სწორი კუთხით, მაგრამ მანძილი რიგებს შორის მეტია, რიგში მცენარეთა შორის მანძილებთან შედარებით. ამ წესით დარგვას მიმართავენ რიგთაშორისი მანძილებში ბოსტნეული კულტურების მოყვანის მიზნით. მცენარის კვების არის დადგენისა და ნაკვეთის დაგეგმვის წესის შერჩევის შემდეგ განისაზღვრება ფართობის ერთეულზე დასარგავი  მცენარეების რაოდენობა.

დარგვის წესები. პლანტაციებში ირგვება ორი წესით:

  1. ორმოებში.
  2. თხრილებში.

უკეთესს შედეგებს იძლევა თუთის ნერგის სარგავ თხრილში დარგვა, რადგან ნიადაგი უფრო ფხვიერდება და ნაკვეთი უკეთესად ირწყვება.

მოვლის ღონისძიებები. თუთის შტამბოვანი პლანტაციის მოვლითი სამუშაოებიდან მეტად მნიშვნელოვანია ნარგაობის მორწყვა, ნიადაგის განოყიერება და ფოთლის დამზადების ანუ ექსპლოატაციის ჩატარების ვადებისა და წესების დაცვა.

თუთის ექსპლოატაცია ტარდება ვეგეტაციის მეტად აქტიურ პერიოდში (მაისი), ანუ როდესაც ყველა მცენარეზე ყველა ტოტის მოცილება უაღრესად დიდად საზიანოა მცენარისათვის. აქედან გამომდინარე, ამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ექპლოატაციაში მყოფი თუთის პლანტაციებში შეტანილი უნდა იქნას მინერალური სასუქები:

  • აზოტი (N)– 120 კგ. სუფთა ნივთიერება.
  • ფოსფორი (P) – 90 კგ. სუფთა ნივთიერება.
  • კალიუმი (K) – 60 კგ. სუფთა ნივთიერება.

აზოტოვანი სასუქი შეიტანება წელიწადში ორჯერ, შემდეგი წესით: საერთო ნორმის 2/3 ნაწილი ადრე გაზაფხულზე, ხოლო 1/3 კი მაისს – ივნისის თვეებში. ამ მხრივ აღსანიშნავია რომ თუთის დაავადება ფოთლის სიხუჭუჭის გავრცელების ზონაში აზოტოვანი სასუქების მაღალი დოზის შეტანა არ არის რეკომენდებული.

ფოსფოროვანი და კალიუმიანი სასუქები შეიტანება მცენარეთა დარგვის დროს ორმაგი დოზით და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ამ შემთხვევაში შესატანი სასუქების ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

ვარჯის გამოყვანაახლად დარგულ ერთწლიან ნერგს გადაჭრიან კარგად განვითარებულ კვირტის ახლოს ირიბი ჭრილით, სასურველ (1,5 მ.-მდე ) სიმაღლეზე. გადანაჭერი ადგილის დაქანება უნდა მიემართებოდეს კვირტის საწინააღმდეგო მხარეს. გადაჭრის შემდეგ მრავალი ყლორტი განვითარდება, რომელთაგან ზედა მხარეზე განლაგებული ყლორტების გარდა ყველა უნდა გადაიჭრას რგოლზე.

ივნისის ბოლოს დატოვებული უნდა იქნას მხოლოდ სამი ყველაზე ძლერ განვითარებული ყლორტი. ამდენად,ვეგეტაციის ბოლოს მიიღება მუდმივ ადვილზე დარგული ორწლიანი ნამყენი ნერგი სამი ძირითადი ტოტით. მეორე წელს, გაზაფხულზე გადაჭრიან ტოტებს განატოტვის ადგილიდან 30 -35 სმ სიმაღლეზე, კარგად განვითარებულ კვირტთან ახლოს. გადანაჭერი ადგილის დაქანება უნდა მიემართებოდეს კვირტის საწინააღმდეგო მხარეს. მცენარეზე განვითარდება მრავალი ყლორტი. როდესაც ყლორტები 15 -20 სმ. სიმაღლეს მიაღწევს, პირველი იარუსის ძირითად ტოტებზე უნდა დარჩეს ორ-ორი ძლიერ მხარი და სხვადასხვა მხარეზე განვითარებული ყლორტი, დანარჩენი შეიჭრება რგოლზე, ან განტოტვის ადგილზე. მცენარეზე დარჩენილ 6 ტოტს მომდევნო წლის ადრე გაზაფხულზე – ვეგეტაციის დაწყებამდე გადაჭრიან 15- 20 სმ. სიმაღლეზე. ამგვარად მიიღება ორიარუსიანი  ვარჯი 6 ტოტით. ტოტებზე ამონაყარი შემდგომი ექსპლოატაციის მიზნით გადაიჭრება ისე, რომ გადანაჭერ ცერზე დარჩეს ორ-ორი კვირტი. პირველ და მეორე იარუსის ძირითად ტოტებზე ამონაყარს ჭრიან რგოლზე. დროთა განმავლობაში პირველი და მეორე იარუსის ძირითადი ტოტები დამსხვილდება და ჩამოყალიბდება ორ იარუსიანი ვარჯის მქონე მცენარე.

თუ საჭიროა იარუსის მომატება, ვარჯის გამოყვანას დასჭირდება კიდევ ერთი წელი, რისთვისაც გაზაფხულზე მესამე იარუსის ტოტებს გადაჭრიან იმავე წესით, როგორც წინა წელს გადაიჭრა მეორე იარუსის ტოტები.

თუ მუდმივ ადგილზე ფორმირებული, ანუ ორწლიანი ნერგი ირგვება, მაშინ მისი ვარჯის გამოყვანა საერთოდ ერთი წლით შემცირდება.სწორედ გამოყვანილი ვარჯი, გარდა იმისა რომ ხელს უწყობს ტოტებზე არსებული ფოთლებს სინათლის სრულყოფილად გამოყენებას, საშუალებას იძლევა ნორმალურად წარიმართოს მცენარის მოვლითი სამუშაოები და ნარგაობის ექსპლოატაცია.

მსგავსი სიახლეები