ჩაის ჩრჩილი - აღწერილობა და ბრძოლის ღონისძიებები
15 / 01 / 2019

ლათინური სახელწოდება. Parametriotes theae Kuzn.

გავრცელება და აგებულებაჩაის ჩრჩილი გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს ყველა იმ რაიონში, სადაც მისდევენ მეჩაიეობას.

ჩაის ჩრჩილის უფროსი ასაკის მატლის სხეულის სიგრძე 10 მმ-ს აღწევს. იგი მოყვითალო ფერისაა და დაფარულია იშვიათი მოკლე ბეწვებით. ახლად გამოჩეკილი მატლი კი უფრო მკრთალი-ყვითელია, შედარებით მუქი თავით.

მავნებლის პეპლის სიგრძე გაშლილი ფრთებით 10-11 მმ-ია, ხოლო სხეულის სიგრძე 8-10 მმ. დედალი უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე მამალი. წინა წყვილი ფრთა ვიწრო და წაგრძელებულია, რომლებსაც ზედა მხარეზე შუა ადგილას მომრგვალებული 2 მურა ფერის ლაქა აზის: ერთი ფრთის ფუძესთანაა, მეორე_ფრთის წვეროსაკენ მდებარეობს. გარდა ამ ორი დიდი ლაქისა, ფრთებზე სხვა, უფრო პატარა ზომის, ორი-სამი ლაქა აქვს. ამასთან, ფრთის ნაპირზე წვერამდე მოსდევს უფრო პატარა ზომის ლაქები. უკანა წყვილი ფრთა უფრო მკრთალია და ღია. როგორც წინა, ისე უკანა წყვილ ფრთას გრძელი და წვრილი ბეწვებისაგან შემდგარი რუხი ფერის ჯინჯილა აქვს. ეს ჯინჯილა განწყობილია უკანა ფრთების ქვედა და გარე კიდეებზე, ხოლო წინა ფრთებაე კი უკანა კიდეებსა და წვეროზე. პეპლის სხეული მონაცრისფეროა, რომელსაც მკრთალი-ყვითელი ფერი გადაჰკრავს. როგორც სხეულის, ისე ფრთების ქერცლები იისფერია, აქა-იქ მოწითალო ელფერით. პეპლის ულვაშები ძაფისებრია და წინა ფრთებზე უფრო გრძელია.

ბიოლოგია და დამოკიდებულება გარემო ფაქტორებთანჩაის ჩრჩილი მეზამთრეობს მატლის ან ჭუპრის ფაზაში. მატლი ზამთარს ატარებს ჩაის ფოთლებსა და ყლორტებში, ხოლო ჭუპრი ყლორტებში. ფოთლებში მყოფი მატლების გამოზამთრება ხდება გაზაფხულზე, მარტ_აპრილში. გამოზამთრებული მატლები გადადიან ყლორტებში, სადაც დაახლოებით ივნის-ივლისში ამთავრებენ ზრდა– განვითარებას და იქვე ჭუპდებიან. ჭუპრის ფაზის ხანგრძლივობა დაახლოებით ორ კვირას შეადგენს. დაჭუპრების წინ მატლი პეპლებისათვის აკეთებს გამოსასვლელ ხვრელს, რომელსაც შიგნიდან გამოფენს ხოლმე თავისივე მიერ გამოყოფილი თეთრი აბლაბუდით. ჭუპრიდან გამოსული პეპელა თავისა და წინა ფეხების დახმარებით აკეთებს ხვრელს აბლაბუდაში და გამოდის გარეთ. პეპლების ფრენა იწყება ივლისში. და გრძელდება სექტემბრამდე. მათი გადაფრენის მანძილი მხოლოდ რამდენიმე ათეული მეტრით განისაზღვრება. გამოფრენიდან რამოდენიმე დღის შემდეგ პეპლები იწყებენ კოპულაციას და კვერცხის დებას ჩაის ბუჩქისა და იაპონური კამელიის ვარჯის სხვადასხვა ადგილას: ფოთლის ქვედა მხარეზე, ყუნწსა და იღლიაში და სხვ. პეპლები დღისით პასიურები არიან. ფრენენ დილას და საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ თითქმის შუაღამემდე. პეპელა დამატებით საკვებს არ საჭიროებს და ამიტომ გამოფრენის მეორე-მესამე დღესვე იწყებს კვერცხის დებას. კვერცხის პროდუქცია არ არის მყარი, იგი დამოკიდებულია მკვებავ მცენარესა და სხვა ეკოლოგიურ ფაქტორებზე ოპტიმალურ პირობებში განვითარებული პეპლის კვერცხის პროდუქცია 60-80 ცალს შეადგენს. ემბრიონის განვითარების ხანგრძლივობა კვირა-კვირა ნახევარია. ახალგამოჩეკილი მატლები იჭრებიან ფოთლის პარენქიმაში და წარმოშობენ მოყვითალო ფერის ნაღმს, რომელშიც იკვებებიან. ნაღმში კვება გრძელდება ყლორტში გადასვლამდე. ნაღმი მატლის გამოსვლისას ნაცრისფერი ხდება, ხმება და ფოთლებზე გამჭოლი ხვრელები წარმოიშობა. მატლის ყლორტში გადასვლა იწყება სექტემბერ – ოქტომბერში და აპრილამდე გრძელდება. ერთ მატლს შეუძლია რამოდენიმე ყლორტი დააზიანოს.
გარემო ფაქტორებიდან კვერცხის ფაზაზე უარყოფითად მოქმედებს დაბალი ტენიანობა, მაღალი ტემპერატურა, მზის სხივების უშუალო მოქმედება, წვიმები და სხვ.

უაყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა.ჩაის ჩრჩილის მატლები აზიანებენ როგორც ფოთლებს, ისე ნაზ ყლორტებსა და გამერქნიანებულ ერთ-ორ წლიან ტოტებს. ფოთლებში მატლები წარმოშობენ ნაღმს და იკვებებიან მისი პარენქიმით, ყლორტებში კი გულით იკვებებიან, რასაც მათი გახმობა მოსდევს. ყლორტების მაქსიმალური დაზიანება აღნიშნულია მარტ–აპრილში. მატლების მიერ დაზიანებული ყლორტები ვერ იძლევიან ხარისხოვანი ჩაის ფოთლის პროდუქციას, რადგანაც ჩაის ფოთლებში, მატლებით დაზიანების გამო, კლებულობს ტანინი და სხვა ნივთიერებათა შედგენილობა, რაც იწვევს ჩაის პროდუქციის ხარისხის გაუარესებას.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • მცენარეული ნარჩენების განადგურება.
  • დაზიანებული პლანტაციების მძიმე გასხვლა, განასხლავის შემდგომი განადგურებით.
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

შემდგენელი: მზაღო ლობჟანიძე 

სრული პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი

მსგავსი სიახლეები