სიმინდის ანუ ღეროს ფარვანა - აღწერილობა და ბრძოლის ღონისძიებები
15 / 01 / 2019

ლათინური სახელწოდება - Pyrausta nubilalis Hb.

გავრცელება და აგებულება. სიმინდის ანუ ღეროს ფარვანა საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად გავრცელებულია იმერეთსა და სამეგრელოში, თუმცა ეს მავნებელი მეტ-ნაკლები რაოდენობით გვხვდება თითქმის ყველგან, სადაც მოჰყავთ სიმინდის კულტურა.

ფარვანას ზრდასრული მატლის სიგრძე 25 მმ-ს აღწევს. მისი თავი, ანალური და მკერდის ფარები მურა ფერისაა. მატლის სხეულის ფერი ყვითელი-ნაცარა ან მოწითალოა, ზურგის გასწვრივ მუქი ზოლი გასდევს. ზურგის მხრიდან მკერდის მეორე და მესამე სეგმენტზე მატლს გააჩნია გარდიგარდმო გაწყობილი 4-4 შავი ფარიკა. გარდა ამისა, მატლს სეგმენტების უკანა ნაწილის გვერდებზე ყოველი მხრიდან, კიდევ ორ-ორი უფრო მცირე ზომის ფარი აქვს.

დედალი პეპლის სიგრძე გაშლილი ფრთებით 32 მმ-ს აღწევს, თვით სხეულის სიგრძე კი 15 მმ-მდეა. მისი წინა ფრთები მკრთალი-ყვითელი ან ღია ყავისფერია, რომელთაც გარდიგარდმო გასდევს მკრთალი ზოლი. წინა ფრთებთან შედარებით უკანა ფრთები უფრო მკრთალი ფერისაა, მუცელი 6 სეგმენტისაგან შედგება.

მამალი პეპელა მოყვანილი სხეულით ხასიათდება. მისი მუცელი, დედლისაგან განსხვავებით, 7 სეგმენტისგან შედგება. მამლის წინა ფრთები უფრო მუქია, ვიდრე დედლისა. უკანა ფრთები ღია ყავისფერი ან მურა ნაცარაა. ფრთებზე გარდიგარდმო გასდევს კლაკნილი ღია-ყვითელი ფერის განიერი ზოლი. ამავე ფერისაა ჯინჯილაც.

ბიოლოგია და დამოკიდებულება გარემო ფაქტორებთან.  მავნებელი  იზამთრებს სიმინდის ღეროებში, მათი ტაროების ნაქუჩში, სარეველა მცენარეების ღეროებში, დაზვინულ ჩალაში და სხვ. ამ დროს იგი ზრდასრული მატლის ფაზაში  იმყოფება.

გამოზამთრებული მატლების დაჭუპრება იწყება მაშინ, როდესაც ჰაერის საშუალო დღე-ღამური ტემპერატურა 15-160-ს მიაღწევს (საქართველოს კლიმატური პირობების გათვალისწინებით_აპრილ-მაისში). დაჭუპრებამდე მატლები ღეროში ღრღნიან პეპლის გამოსაფრენ ხვრელს. ხვრელი გარედან დაფარულია ღეროს თხელი კანით. მატლი ეხვევა აბლაბუდის თხელ პარკში და იჭუპრებს მის მიერ წინასწარ გამოღრღნილ ხვრელთან. ამ პერიოდში ჭუპრი გამოირჩევა დიდი მგრძნობიარობით ტენიანობისადმი. გვალვები ასეთ დროს იწვევენ ჭუპრის დიაპაუზაში გადასვლას და რიგ შემთხვევებში მათ დაღუპვასაც. ჭუპრის ფაზის ხანგრძლივობა 10-12 დღით განისაზღვრება. ჭუპრებიდან პეპლების გამოფრენა დაახლოებით ერთ თვეს გრძელდება. ისინი საჭიროებენ დამატებით კვებას, იკვებებიან ყვავილოვანი მცენარეების ნექტრით. დამატებითი კვების გარეშე პეპლები ან საერთოდ არ დებენ კვერცხს, ან დებენ ძალზე მცირე რაოდენობით. დამატებითი კვების შემდეგ პეპლის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად აღემატება ამის გარეშე მავნებლის სიცოცხლის ხანგრძლივობას.

პეპელა ჯგუფურად დებს კვერცხს სიმინდის, სარეველა ბალახებისა და სხვა მკვებავი მცენარეების ფოთლის ქვედა მხარეზე. თითო ჯგუფში 70-მდე კვერცხია. კვერცხები ზემოდან იფარება დედლის დამატებითი სასქესო ჯირკვლებიდან გამოყოფილი სეკრეტით. ერთი პეპლის კვერცხის პროდუქცია, მატლის კვების პირობების გათვალისწინებით, 250-1250_მდე ერთეულს შეადგენს. ემბრიონის განვითარების ხანგრძლივობა 12 დღით განისაზღვრება. გამოჩეკილი მატლი ჯერ ფოთლის ყუნწში გადადის და იქ იკვებება, შემდეგ კი შედის მცენარის ღეროში და იკვებება მისი კედლების ქსოვილებით. დაჭუპრებამდე მატლი 3-4_ჯერ იცვლის კანს.

აღსანიშნავია, რომ ჭუპრის მსგავსად მავნებლის კვერცხი და ახალგამოჩეკილი მატლი გამოირჩევიან დიდი მგრძნობიარობით ტენიანობისადმი. მათი დიდი ნაწილი იღუპება დაბალი ტენიანობის, წვიმით ჩამორეცხვისა და მზის სხივების უშუალო მოქმედების შედეგად.

საქართველოს პირობებში სიმინდის ფარვანას ახასიათებს ორი თაობა.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა. სიმინდის ფარვანა საქართველოში აზიანებს სიმინდს, ღომს, ფეტვს, მზესუმზირას, კარტოფილს, ჩაის, ციტრუსებს და სხვ. ის სიმინდის კულტურისათვის მეტად მნიშვნელოვანი და სახიფათო მავნებელია. ფარვანას მავნეობის მაქსიმალურ ზონად ითვლება დასავლეთ საქართველოს დაბლობი ტერიტორია, სადაც მავნებლის მიერ სიმინდის ნათესებისადმი მიყენებული ზარალი 20-44%-ის ფარგლებში მერყეობს.

გარდა მაქსიმალური მავნეობის ზონისა, მავნებელს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ახასიათებს მერყევი მავნეობისა და ერთეულად გამრავლების ზონები, რომლებიც შესაბამისად მოიცავენ ზღვის დონიდან 350-550 მეტრამდე დაშორებულ ტერიტორიას, სადაც მცენარეთა დაზიანების პროცენტი 4-24-ის ფარგლებშია და საქართველოს ტერიტორიის ზღვის დონიდან 550 მეტრს ზემოთ (სადამდეც არსებობს სიმინდის კულტურა), არსებულ ნაწილს, სადაც მცენარეთა დაზიანების პროცენტი 1-3 უდრის.

მავნებლის ინტენსიური გამრავლებისას სიმინდის ყანები საქონლის მიერ განადგურებულს ჰგავს. გარდა ღეროებისა, მატლები აზიანებენ ტაროებსაც, სადაც ღრღნიან სასველებს და ჭამენ მარცვლებს. გაზაფხულის თაობის მატლები ხშირ შემთხვევებში ჯერ კიდევ გაუხსნელ ფოთლებსაც ღრღნიან. შედეგად კი ფოთლის ფირფიტებს განივ მწკრივებად ემჩნევა გამჭოლი, მრგვალი და წაგრძელებული ხვრელები. ამ თაობის მატლები იჭრებიან ქოჩოჩშიც, აზიანებენ მას და უსპობენ დამტვერიანების ფუნქციას, რასაც შედეგად მოსავლის მკვეთრი შემცირება მოსდევს.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • კულტურათა მონაცვლეობა.
  • ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ.
  • მცენარეული ნარჩნენების განადგურება.
მსგავსი სიახლეები