ნუში - ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება
15 / 01 / 2019

ჩვეულებრივი ნუში ეკუთვნის ვარდისებრთა ოჯახს (Rosacae) და სხვა კურკოვან კულტურებთან ერთად გაერთიანებულია Prunoideae – ს ქვეოჯახში, ნუშის Amygdalus – ის გვარი აერთიანებს 40-ზე მეტ სახეობას,რომელთა შორის Amygdalus communis - ჩვეულებრივი ნუში აერთიანებს ნუშის კულტურულ ჯიშებს.
ნუში მრავალწლიანი ფოთოლმცვენი მცენარეა. ბუნებაში მისი სიმაღლე 6-10 მეტრს და ზოგჯერ მეტსაც აღწევს. ვარჯის ძირითადი ფორმა განიერ-პირამიდულია, თუმცა, ასევე არსებობს სხვადასხვა ფორმის ვარჯის მქონე ნუშის ხეები. ფოთოლი ლანცეტისებრია, წვრილად დაკბილული კიდეებით ან კიდემთლიანი, აქვს მცირე ზომის ყუნწი.
ნაყოფი კურკაა, მოთავსებულია მწვანე ფერის მშრალ ნაყოფგარემოში – ლენჯოში, რომელიც მეტწილად მოფენილია ნაცრისფერი ხავერდოვანი ბუსუსებით. დამწიფებისას ნაყოფგარემო სკდება და კურკა მთლიანად სცილდება. ზოგიერთი ჯიშის ნუშს გაპობილი ლენჯო ფრთებივით შეახმება კურკის ზურგის გასწვრივ.
ნუში კონტინენტური ზონის სამხრეთის თბილი რაიონების მცენარეა, ახასიათებს განსაკუთრებით ხანგრძლივი ვეგეტაციის პერიოდი. ადრე გაზაფხულზე, ხელსაყრელი ტემპერატურული პირობების დადგომისთანავე ნუში სხვა ხეხილოვან კულტურათა შორის ყველაზე ადრე იწყებს ყვავილობას და ყველაზე ბოლოს ასრულებს ვეგეტაციას. მისი სავეგეტაციო ციკლი საქართველოს პირობებში განისაზღვრება 195-225 დღით, ზოგ შემთხვევაში მეტითაც.
ინტენსიურ საწარმოო ციკლში ნუშის სიცოცხლის ხანგრძლივობა 20-30 წელია. მისი ვეგეტაციისათვის ოპტიმალური ჰაერის ტენიანობა 60-65% - ია ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა კი არის 70-80%. ნიადაგის ოპტიმალური pH ნუშისათვის უდრის 6,5-7,5-ს. კულტურისათვის კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი იწყება -23°С-დან (მოსვენების პერიოდში, დამოკიდებულია საძირეზე). კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი კი კულტურისათვის არის 41-43°С (ამ დროს ვითარდება ნაყოფების დამწვრობა). ნუში უკვე 4000 წელზე მეტია იწარმოება. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 450 წლიდან მისი მოყვანა დაიწყეს ხმელთაშუა ზღვისპირეთში დაწყებული თურქეთიდან ტუნისამდე. 
ნაყოფის ქიმიური შემადგენლობა. ნუშის გული ჯიშების მიხედვით, შეიცავს: ჰიგროსკოპულ წყალს – 3,9-5,41%, ცხიმს – 44,56-66,04%, ცილას – 15,16-31,69%, საერთო შაქარს – 3,92-10,76%, საქაროზას – 2,31-8,24%, მინერალურ ნივთიერებებს – 2,36-3,95%.
დამატებითი ინფორმაცია. გემოს მიხედვით ნუშები იყოფა ორ ჯგუფად:

  • ტკბილი.
  • მწარე.

ნუშის ნაყოფი გამოიყენება მრავალმხრივი დანიშნულებით  – კვების, ფარმაკოქიმიურ და საპარფიუმერიო მრეწველობაში. გარდა ამისა, ნუშის მცენარე გამოიყენება ფერდობების დასამაგრებლად და გამომდინარე იმ ფაქტიდან რომ ნუში ძლიერ გვალვაამტანია – იგი ასევე გამოიყენება ურწყავი ფერდობების ასათვისებლად. ნუში ასევე კარგი საძირეა ატმისათვის.

მსგავსი სიახლეები