სოია - აგრობიოლოგიური დახასიათება
15 / 01 / 2019

სოია (ლათ. Glycine hispida maxim) პარკოსანთა ბოტანიკური ოჯახის ერთწლიანი მცენარეა. იგი გამოიყენება მრავალი დანიშნულებით: მისგან ამზადებენ სხვადასხვა მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტებს: რძეს, ყველს, ზეთს, ძეხვეულს. ასევე იგი ფართოდ გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში და შინაური პირუტყვის საკვებად.

ქიმიური შემადგენლობის მხრივ 100 გრამ სოიაში 24-45% ცილაა, 20-32% – ნახშირწყლები და 13-37% ცხიმი. იგი ასევე შეიცავს D, B, E და სხვა ვიტამინებს. სოიას ნაცარი კი დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, ფოსფორს და კირს.

საქართველოში სოია გავრცელდა მეოცე საუკუნის დასაწყისში. ამჟამად ქვეყანაში არსებობს მრავალწლიანი სელექციის შედეგად მიღებული და საქართველოს ბუნებრივ-კლიმატურ პირობებზე მორგებული პერსპექტიული ჯიშები, რომელთა წარმოებაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს კარგ მოსავალს.

დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. სოია სითბოს მოყვარული მცენარეა. მისი თესლი გაღივებას იწყებს 8°С-დან, ხლო თესლის გაღივებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა კი 22 – 25°С-ია. კულტურის ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 22 – 25°С-ის ფარგლებშია. სოიას ნათესს შეუძლია დაუზიანებლად გადაიტანოს -3°С-მდე ყინვა.

სოია განსაკუთრებით მომთხოვნია ტენისადმი. ამ მხრივ იგი ლობიოსთან და მუხუდოსთან შედარებით გაცილებით უფრო დიდი რაოდენობის წყალს მოითხოვს ვეგეტაციის პერიოდში. მისი ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა 75-80%-ის ფარგლებშია, ხოლო ჰაერის ტენიანობის ოპტიმალური მაჩვენებელი კი 70-დან 75%-მდეა.

სოიას მოვლა-მოყვანა შესაძლებელია თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე. განსაკუთრებით კარგ მოსავალს იგი იძლევა შავმიწა-თიხნარ და ქვიშნარ ნიადაგებზე, საკვები ნივთიერებებით მდიდარ მიწებზე, სარწყავ პირობებში. სოია ვერ ეგუება არაფხვიერ, დაჭაობებულ და ძლიერ მჟავე რეაქციის ნიადაგებს. სოიასათვის ნიადაგის მჟავიანობის არეს ოპტიმალური რეაქცია (pH) 6,5-7,0-ის ფარგლებშია.

მსგავსი სიახლეები