ბარდა - თესვა, მოვლა-მოყვანის აგროწესები
15 / 01 / 2019

ნიადაგის დამუშავებაბარდას დასათესად განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში, ნაწვერალის აჩეჩვის ან წინამორბედი კულტურის აღების შემდეგ, შემოდგომაზე ოქტომბერ-ნოემბერში, ღრმად, 27-30 სმ სიღრმეზე მოიხვნება. დასავლეთ საქართველოში ნიადაგი მოიხვნება გვიან შემოდგომაზე, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე.

გაზაფხულზევე საჭიროა მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ჩატარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ. სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. ნაკვეთის ზედაპირის გასწორების მიზნით ჩატარდება მსუბუქი მოტკეპვნა.

თესვის წესები და ნორმები. ბარდა ითესება მწკრივებად, სათესი მანქანებით. ვიწრო მწკრივებად თესვისას მწკრივებს შორის მანძილი 15 სმ, ხოლო ფართო მწკრივებად თესვისას 45 სმ-ია. შესაძლებელია უფრო ვიწრო მწკრივებად დათესვა: მწკრივთა შორის 7,5 სმ-ის დატოვებით.

ფართო მწკრივებად დათესვისას ერთ ჰექტარზე 110-120, ვიწრო მწკრივებად თესვისას კი 250-270 კგ თესლია საჭირო.

უფრო სწორია თესვის ნორმის განსაზღვრა ფართობის ერთეულზე მცენარეთა რაოდენობის მიხედვით. მშრალ ადგილებში ერთ ჰა-ზე საკმარისია 700-900 ათასი, ხოლო ტენიან პირობებში 1,2-1,4 მილიონი მცენარის განთავსება.

ჩათესვის სიღრმე. ნიადაგის სტრუქტურის და ტენიანობის კოეფიციენტის მიხედვით თესლის ჩათესვის სიღრმე 5-დან 9 სმ-მდეა.

კარგი მოსავლის მისაღებად აუცილებელია თესვის ვადების დაცვა და საღი და გრანულირებული სათესლე მასალის გამოყენება. ასევე კარგ შედეგს იძლევა თესვა პუნქტირებული სათესით – უზრუნველყოფს თანაბარ აღმონაცენს.

მორწყვა. მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. ბარდას ტენით უზრუნველყოფა განსაკუთრებით სჭირდება თესლის გაღივების, აღმოცენების, ყვავილობის და მარცვლის ფორმირების ფაზებში. ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში ბარდა 2-3-ჯერ უნდა მოირწყას. თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა ერთ ჰა-ზე არის 450-550 კუბ/მ წყალი.

მორწყვა შესაძლებელია როგორც კვალში მიშვებით, ასევე დაწვიმებით.

ნიადაგის განოყიერება. ბარდას კულტურაში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

ბარდას ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად, შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით, საჭიროა: აზოტი 3,3კგ, ფოსფორი 1,92კგ, კალიუმი 6,96 კგ. (სუფთა ნივთიერებები). ამგვარად, 1 ჰაზე 50 ტ. მოსავლის მისაღებად საჭიროა შეტანილი იქნას:

  • აზოტი: 22,8 კგ.  (სუფთა ნივთიერება).
  • ფოსფორი: 24,8 კგ.  (სუფთა ნივთიერება).
  • კალიუმი: 54,4 კგ.  (სუფთა ნივთიერება).

აზოტის შეტანა ხდება დამატებითი გამოკვების სახით, ვეგეტაციის მიმდინარეობის პერიოდში, ხოლო ფოსფორი და კალიუმი კი სასურველია შეტანილი იქნას შემდეგი წესით: ერთიანი რაოდენობის 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი კი დამატებითი გამოკვების სახით.
მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 20 ტონა გადამწვარი ნაკელის შეტანის შემთხვევაში საჭიროა: აზოტი 0კგ, ფოსფორი 24,4კგ., კალიუმი 43,2 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

კონკრეტული ნაკვეთისათვის შესატანი სასუქების ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

მოსავლის აღება.  ბარდას პარკების შემოსვლა ერთდროულად არ ხდება. ქვედა პარკები უფრო ადრე მწიფდება. ამიტომ მოსავლის აღება უმჯობესია ორ ფაზად: ჯერ ნათესი სამკალით მოიჭრება, ხოლო გაშრობის შემდეგ კომბაინით გაილეწება.

გალეწვის შემდეგ მარცვალს აშრობენ და ანიავებენ. ინახება ტომრებში, მშრალ ადგილას. შენახვისას მარცვლის ტენიანობა 14-15%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

ბარდას წარმოების საბაზისო აგროკალენდარი

დასავლეთ საქართველო:

  • ნიადაგის განოყიერება: თებერვალი-მარტი.
  • მოხვნა: თებერვალი-მარტი.
  • დადისკვა-კულტივაცია: მარტი.
  • დათესვა: მარტი-აპრილი.
  • წამლობები: აპრილი მაისი.
  • მოსავლის აღება: ივლისი.

აღმოსავლეთ საქართველო:

  • ნიადაგის განოყიერება: ოქტომბერი-ნოემბერი.
  • მოხვნა: ოქტომბერი-ნოემბერი.
  • დადისკვა-კულტივაცია: მარტი-აპრილი.
  • დათესვა: მარტი-აპრილი.
  • წამლობები: აპრილი მაისი.
  • მოსავლის აღება: ივლისი.
მსგავსი სიახლეები