აგროპედია წარმოადგენს თანამედროვე და მუდმივად განახლებად აგრო-ბიბლიოთეკას, რომელიც მოთავსებულია სპეციალურ აპარატში, სადაც ამ დროისათვის მოცემულია 1500-ზე მეტი სტატია და მასალა სხვადასხვა აგრო-ღონისძიებისა თუ სერვისის შესახებ. საჭირო ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მარტივად – ეკრანზე ხელის შეხებით.

აგროპედიას შიგთავსის ანუ აგრო-ბიბლიოთეკის ფორმატი შექმნილია და ვითარდება შესაბამისი დარგების სპეციალისტების მიერ. ასევე მისი დიზაინი და მოხმარების წესი მაქსიმალურად ადაპტირებულია ფერმერთა საჭიროებებზე.

მეთოდი ინოვაციურია და აგრო-საკონსულტაციო სფეროში იგი არ გამოუყენებია არც ერთ სხვა ქვეყანას

სამომავლოდ, იგეგმება აგროპედიას კიოსკების რიცხვის გაზრდა და ისეთი ახალი ფუნქციების დამატება, როგორიცაა ვიდეო-კითხვების დასმის ფუნქცია, დივერსიფიცირებული მართვა და ა.შ.
აგროპედიაში ინფორმაციის განახლება ხდება მუდმივად. ამ ეტაპზე იგი მოიცავს 1500-ზე მეტ სტატიას სოფლის მეურნეობის შესახებ, თუმცა ახლო მომავალში სტატიების და მასალების მინიმალური ოდენობა 2000-ს გადააჭარბებს.

აგროპედიას კიოსკით სარგებლობა უფასოა. ამ ეტაპზე აგროპედიას კიოსკები მოქმედებს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში და რაჭაში, ქ. ამბროლაურში.

აგროპედიას შექმნის და მისი გავრცელების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით საინფორმაციო-საკონსულტაციო და შემეცნებითი სივრცის შექმნა საქართველოში მცხოვრები ფერმერებისათვის და ფერმერთა წვდომის უზრუნველყოფა მათი მეურნეობებისათვის საჭირო ინფორმაციასა და მასალებზე.  გარდა ამისა, აგროპედია არის დამხმარე მექანიზმი აგრო-საკონსულტაციო სფეროში მომუშავე საჯარო მოხელეებისთვის. აგროპედიას გამოყენებით მათ საშუალება ეძლევათ ეფექტურად და უდანახარჯოდ გაავრცელონ საჭირო ინფორმაცია და რეკომენდაციები ფერმერთა თემებში და სრულად ხელმისაწვდომი გახადონ საკონსულტაციო სერვისები ყველა ფერმერისათვის.

საქართველო მსოფლიოს პირველი ქვეყანაა, სადაც დაინერგა აგროპედიას ინოვაციური მეთოდი და ასეთი ფორმატის ინოვაციური დამხმარე მექანიზმის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს საჯარო აგრო-საკონსულტაციო სექტორში არსებული სიტუაციის ფონზე – როდესაც არსებობს მრავალი სხვადასხვა ზომის და პროფილის ფერმერული მეურნეობები და მათ მფლობელ ფერმერებს ესაჭიროებათ ობიექტური და დროული საინფორმაციო საკონსულტაციო სერვისების მიწოდება.