მჟაუნა - დახასიათება და მოვლა-მოყვანის აგროწესები
21 / 12 / 2018

გამოყენება და ბოტანიკური დახასიათება. მჟაუნა (Rumex acetosa L.) საადრეო მხალეული ბოსტნეულია. საჭმელად იყენებენ ახალგაზრდა ფოთლებს, რომლებიც შეკრებილია როზეტში. იგი გამოიყენება ასევე საკონსერვო მრეწველობაშიც, მწვანე ფაფის დასამზადებლად. მჟაუნა შეიცავს A და C ვიტამინებს, ასევე რკინას და მჟაუნმჟავას, კალციუმის მარილების სახით.

მჟაუნას ერთ-ერთ უმთავრეს დადებით მხარეს წარმოადგენს ის ფაქტორი, რომ მას შეუძლია დაიწყოს ვეგეტაცია თოვლის დნობის დაწყებისთანავე, მაშინ, როდესაც სხვა ბოსტნეული მცირე რაოდენობითაა.

მჟაუნა მრავალწლიანი მცენარეა, ეკუთვნის მატიტელასებრ მცენარეთა ოჯახს. გარეული სახით იგი ფართოდაა გავრცელებული საქართველოში, თითქმის ყველა ზონაში, ტენიან მდელოებსა და მდინარეების ჭალებში.

მჟაუნას თესლი მუქი ფერისაა, სამწიბოვანი. თესლის კანი მაგარია, მშრალია და აღმოცენებისათვის მოითხოვს წყლის დიდ რაოდენობას. ღივები ამოდიან 10-15 დღეში. ლებნის ფოთოლაკები გრძელია და შეფერილია ვარდისფრად

პირველი ნამდვილი ფოთოლი კვერცხისებრი ფორმისაა, მახვილბოლოიანი. ღერო ერთ მეტრ სიმაღლეს აღწევს, წახნაგოვანია, თხლად შეფოთლილი, ახალგაზრდა მდგომარეობაში ხორციანია, შემდეგ კი ძლიერ გახევებული.

ღეროზე რგოლებად შეკრული ყვავილებია განლაგებული, რგოლები შეკრებილია საგველა ყვავილედში. ყვავილები წვრილია, თესლი მოთავსებულია ნაყოფგარემოში. მჟაუნას ფესვი ხორციანია, მთავარღერძა, დატოტვილი, გრძელი და ნიადაგში ღრმად გავრცელებული. სწორედ ეს მსხვილი ძირები იზამთრებენ ნიადაგში და მომდევნო წლებში ისევ ამოიყრიან ჯერ ფოთლებს და შემდეგ ღეროს.

მჟაუნას მოვლის აგროწესები - თესვა. მჟაუნა ითესება შემოდგომაზე და ადრე გაზაფხულზე. სექტემბერში ნათესი კარგად მაგრდება და იმავეშემოდგომაზე და მეორე წელს ადრე გაზაფხულზე იძლევა მოსავალს. ითესება ზოლებად, 4-5 მწკრივად. მწკრივებს შორის 20-25 სმ, ხოლო ზოლებს შორის 50 სმ მანძილია საჭირო. ჩათესვის სიღრმე 1.5-2 სმ-ია. ერთ ჰა-ზე ითესება 3-4 კგ.

ნათესის მოვლა. აღმოცენების შემდეგ მცენარეებს ამეჩხერებენ ისე, რომ მათ შორის მანძილი დარჩეს 3-5 სმ. დანარჩენი მოვლა მდგომარეობს სარეველა ბალახების მოცილებაში, ნიადაგის გაფხვიერებასა და მინერალური სასუქების შეტანაში. გარდა ამისა, მჟაუნის ძირები რომ არ გამოიფიტოს, საჭიროა სათესლე ყლორტების მოჭრა. რადგან ერთხელ ნათესი მჟაუნა 3-4 წლის განმავლობაში იძლევა მოსავალს, შემდეგ წლებში აწარმოებენ ნიადაგის ზედაპირის გაწმენდას გასული წლის ნარჩენი ფოთლებისა და ღეროებისაგან და ადრე, ახალი ვეგეტაციის დაწყებამდე კულტივაციას. შემდგომი მოვლა იგივეა რაც პირველ წელს.

ნიადაგის განოყიერება. პირველ გამოკვებას ატარებენ ადრე გაზაფხულზე, შეაქვთ 1 ჰა-ზე 100 კგ ამონიუმის გვარჯილა 100 კგ კალიუმის ქლორიდი და 100-200 კგ სუპერფოსფატი. ყოველ სეზონზე გამოკვებას იმეორებენ 2-4 ჯერ კრეფის შემდეგ.

მოსავლის აღებას იწყებენ შემოდგომით და შედარებით თბილი კლიმატის მქონე რაიონებში აგრძელებენ ზამთრის განმავლობაშიც, მაისამდე. შედარებით ცივი კლიმატის მქონე მთიან რაიონებში მოსავალს იღებენ გაზაფხულზე. ზაფხულში თუ მჟაუნა გადასამუშავებლად არ უნდათ, აღებას წყვეტენ. მოსავალს იღებენ მოზრდილი ფოთლების დანით აჭრით 3-4 სმ-ზე მიწიდან, ისე, რომ ახალგაზრდა ფოთლები არ დაზიანდნენ.

 მოსავლის აღება. გაზაფხულზე პირველ მოსავალს იღებენ მაშინ, როცა მცენარეებზე წარმოშობა 5-6 ნამდვილი ფოთლები. მათ ჭრიან დანით ან იღებენ ხელით ყუნწიანად. შემდეგ აღებას აწარმოებენ 20-25 დღის ინტერვალით საყვავილე ისრების წარმოშობამდე. სეზონის განმავლობაში ჭრიან 3-4 ჯერ. მოჭრილ მჟაუნას აწყობენ ყუთებში და გზავნიან სარეალიზაციოდ.

მჟაუნას საშუალო მოსავალი 1 ჰა-ზე ორწლიანი ნარგაობის შეადგენს 13-15 ტონას.

მჟაუნა 2-3 წლის შემდეგ იწყებს მოსავლის შემცირებას, ამიტომ მიზანშეწონილია 3 წლის შემდეგ მჟაუნას პლანტაციის განახლება.

მსგავსი სიახლეები