ყვავილოვანი კომბოსტო - კულტურის მოვლა-მოყვანის აგროწესები
21 / 12 / 2018

ადგილი თესლბრუნვაში. ყვავილოვანი კომბოსტოს კარგი წინამორბედებია სიმინდი, თავთავიანი, ბაღჩეული პარკოსანი კულტურები. კომბოსტოს წარმოება არ არის რეკომენდებული მინდვრებზე, სადაც წინა წლებში კარტოფილი, ბადრიჯანი, წიწაკა, თამბაქო და პომიდორი იწარმოებოდა. ყვავილოვანი კომბოსტო თავის მინდორს უნდა დაუბრუნდეს 2-3 წლის შემდეგ.
თესლბრუნვაში თავსდება პირველ წელს.

ყვავილოვანი კომბოსტოსათვის განსაზღვრული ნაკვეთის შერჩევა. ყვავილოვანი კომბოსტოს მაღალი მოსავლისა და უხვი თესლის მიღებისათვის უნდა შევარჩიოთ მაღალნაყოფიერი, გაკულტურებული, სწორზედაპირიანი ნიადაგები, რომლებიც მუდმივად უზრუნველყოფილი იქნებიან სარწყავი წყლით.
ყვავილოვანი კომბოსტოს წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 7,0-დან 7,5-მდეა.
იმ შემთხვევაში, თუ ყვავილოვანი კომბოსტოს წარმოებისათვის შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია, ანუ ნიადაგის ყვავილოვანი კომბოსტოს წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის დარგვამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.
ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი pH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.

მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფომის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ნიადაგის ძირითადი დამუშავება. ყვავილოვანი კომბოსტოს, გაზაფხულზე გადასარგავად, ნიადაგი მზრალად იხვნება შემოდგომით, 25-03 სმ-სიღრმეზე. ამ დროს მოხვნა უნდა განხორციელდეს წინამორბედი კულტურის აღების, ან ნაწვერალის აჩეჩვის შემდეგ. ხოლო თუ ყვავილოვანი კომბოსტოს დარგვა დაგეგმილია ზაფხულის ბოლოსთვის, ამ შემთხვევაში ნიადაგი უნდა მომზადდეს დარგვამდე 1-2 თვით ადრე. დასავლეთ საქართველოში ნიადაგი იხვნება გვიან შემოდგომაზე, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ადგილებში ნიადაგის მოხვნა ძირითადად წარმოებს ადრე გაზაფხულზე.

ნიადაგის დარგვისწინა და შემდგომი დამუშავება. გადარგვის წინ წარმოებს მზრალის დარგვისწინა დამუშავება: ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ, სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. ასევე აღსანიშნავია რომ ნიადაგის მულჩირება ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას.
უშუალოდ ვეგეტაციის პერიოდში კი კომბოსტოსათვის ნიადაგის დამუშავების მიზანს შეადგენს ნიადაგის მუდამ ფხვიერი და სარეველებისაგან სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება.

თესვის წესები და ნორმები. ყვავილოვანი კომბოსტო ძირითადად ჩითილის მეთოდით მოიყვანება. ჩითილების გამოსაყვანად წარმატებით გამოიყენება საჩითილე კასეტები და სპეციალურად მომზადებული საკვები სუბსტრატი. ჩითილის გამოყვანა, ანუ თესლის თესვა ჩითილის მისაღებად, ღია გრუნტში გადარგვამდე 30-35 დღით ადრე უნდა დაიწყოს. ჩითილების გამოყვანის ოპტიმალური პირობებია: აღმოცენებისთვის 18-20°C, ხოლო ზრდა-განვითარებისთვის კი 14-18°C ტემპერატურა.
ერთ ჰა-ზე დასარგავად საჭირო ჩითილის რაოდენობა დამოკიდებულია მოყვანის ვადებზე, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობასა და ჯიშების/ჰიბრიდების ზრდის სიძლიერეზე. საშუალოდ, 1 ჰა-ზე თავსდება 25-30 ათასამდე მცენარე.

გადარგვისთანავე აუცილებელია მორწყვა.

ზოგჯერ, გადარგული ჩითილი მოიწყენს, შეჭკნება და ხანდახან ჩაწვება ხოლმე. დაახლოებით 3-4 დღის შემდეგ, როდესაც წარმოიქმნება დამატებითი ფესვები, მცენარე ცოცხლდება და დგება. ასეთ შემთხვევებში საჭიროა მორწყვის გამეორება.

გამორგვა. გადარგვის შემდეგ ხშირია ჩითილების დანაკარგები – ზოგიერთი გადარგული ჩითილი ხმება და იღუპება. შესაბამისად, აუცილებელია გაცდენილი ადგილების შევსება ახალი ჩითილებით, დარგვიდან 5-10 დღის შემდეგ. ამ მიზნით, აუცილებელია მარაგად გვქონდეს შენახული ჩითილები.

ნათესის მოვლა. ვეგეტაციის განმავლობაში აუცილებელია რომ კომბოსტოს ნიადაგი მუდმივად ფხვიერ მდგომარეობაში იმყოფებოდეს და ფართობში არ გაჩნდეს სარეველები. ამისათვის, უშუალოდ ნაკვეთში არსებული საჭიროებების შესაბამისად, საჭიროა ნიადაგის სისტემატური გაფხვიერება და სარეველების მოცილება.
ყვავილოვანი კომბოსტოს მოვლის მნიშვნელოვანი ღონისძიება არის ე.წ. „თავების წაჩრდილვა“. ამ ღონისძიებას მზისაგან დაცვის მიზნით ატარებენ. როდესაც ყვავილოვანი კომბოსტოს თავი იზრდება, ფოთლები განზე იზნიქებიან და თავი ექვემდებარება მზის სხივების გავლენას, რაც თავის გამწვანება-გაუხეშებას იწვევს. ამიტომ საჭიროა თავების დაცვა მზისაგან, რისთვისაც თავების გარშემო მდებარე შიგნითა 2-3 მსხვილ ფოთოლს ტეხავენ, ან ჩაზნექენ და აფარებენ თავებს.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვებაყვავილოვანი კომბოსტოს ნაკვეთში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით.
საორიენტაციოდ, 1 ჰა-ზე 30 ტონა მოსავლის მისაღებად საჭიროა ნაკვეთში შეტანილი იქნას:

  • აზოტი N – 247 კგ. (სუფთა ნივთიერება).
  • ფოსფორი P – 144 კგ.(სუფთა ნივთიერება).
  • კალიუმი K – 360 კგ. (სუფთა ნივთიერება).

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:

  • აზოტი N — ვეგეტაციის პერიოდში რამდენიმეჯერ შეტანა, გამოკვების სახით.
  • ფოსფორი P — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.
  • კალიუმი K — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.

შენიშვნა: თუ მზრალად მოხვნის წინ, 1 ჰა-ზე 40 ტონა გადამწვარ ნაკელს შევიტანთ, მინერალური სასუქების დოზები შემცირდება და საჭირო იქნება: აზოტი 47,5, ფოსფორი 44, კალიუმი 120 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

კონკრეტული ნაკვეთისათვის შესატანი სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

მორწყვა. ყვავილოვანი კომბოსტოს ტენით უზრუნველყოფა სჭირდება ვეგეტაციის ყველა ეტაპზე. მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში კომბოსტო 5-10-ჯერ, ან მეტჯერ უნდა მოირწყას. კვლებში მიშვებით მორწყვისას თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე 350-400 მ3, ხოლო წვეთოვანი სისტემით მორწყვისას კი თითოეული მორწყვის ნორმა არის 35-40 მ3.

პიკირება-დაჩითილება. ამ მეთოდის გამოყენებისას ყვავილოვანი კომბოსტოს თესლს სქლად თესენ და აღმოცენების შემდეგ, როდესაც მცენარეები განივითარებენ ლებან-ფოთლებს (პირველი ორი ფოთოლს), იღებენ მიწიდან და რგავენ უფრო დიდ კვების არეზე. გადარგვისას ნორჩ მცენარეებს ფესვს უკვეცენ – აწყვეტენ ფესვის ერთ-მესამედ ნაწილს. მიწიდან ამოღებამდე საჭიროა მცენარეები კარგად მოირწყას.
ეს მეთოდი იძლევა ფართობის ეკონომიურად გამოყენების საშუალებას, განსაკუთრებით სათბურებში. ასევე იგი ქმნის ჩითილის ადრეულად გამოყვანის საშუალებას და ამცირებს ჩითილის გამოყვანაზე საჭირო ხარჯებს.

მოსავლის აღება-შენახვა. ყვავილოვანი კომბოსტო არაერთდროულად შემოდის. მოსავლის აღება შერჩევით ხდება, როცა თავები სასურველ სიდიდეს მიაღწევს. თავების მოჭრის შემდეგ საჭიროა გაციება.
გაციების შემდეგ დახარისხებული თავები პოლიეთილენის პაკეტებით 0°C-ზე ინახება 2-4 თვის განმავლობაში. ამ პირობებში იგი არ კარგავს სასაქონლო ხარისხს.

მსგავსი სიახლეები