გოჯი-ბერი – გამრავლება, მოვლა-მოყვანა, ჯიშები
15 / 11 / 2018

ბოტანიკური აღწერილობა. გოჯი ბერი (ლათ. Licium Barbarum) საკმაოდ პოპულარული კულტურაა. მისი ნაყოფები შეიცავს ორგანიზმისათვის აუცილებელ მინერალურ ნივთიერებებს (ვიტამინებს, ანტიდიოქსანტებს, თუთიას, რკინას, ფოსფორს) და გარდა ამისა, ხელს უწყობს ცხიმების წვას ადამიანის ორგანიზმში.

გოჯი-ბერი ძაღლყურძენასებრთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელი მცირე ზომის ბუჩქოვანი მცენარეა.

ახალგაზრდა ყლორტები მოყვითალო ფერისაა, ადვილად მტვრევადია და დაფარულია მცირე ზომის ეკლებით. ღეროს ქერქი კი უმეტესად რუხი შეფერილობისაა.

ყვავილები იისფერი ან მოვარდისფროა. ყვავილობს მთელი ზაფხულის განმავლობაში. ამის გამო გოჯი-ბერის ხშირ შემთხვევაში ამრავლებენ  როგორც დეკორატიულ მცენარეს.

ნაყოფი მცირე ზომისაა, მუქი-წითელი ან ნარინჯისფერი. აქვს ოვალური ფორმა. მცენარე ნაყოფს იძლევა გადარგვიდან მეორე-მესამე წელს.

გოჯი-ბერის ნაყოფის ნედლი სახით მოხმარება დაუშვებელია. ამიტომ ნაყოფს წინასწარ აშრობენ. გამომშრალ ნაყოფს აქვს ახასიათებს მოტკბო-მომჟავო გემო.

ფესვი დიდი ზომისაა, ძლიერ დატოტვილი. ძლიერი ფესვთა სისტემის წყალობით მცენარე ადვილად ეგუება სხვადასხვა ტიპის და ტენიანობის მაჩვენებლების მქონე ნიადაგებს.

ფოთოლი წაგრძელებული ფორმისაა, მისი ზედაპირი მწვანე, ხოლო ქვედა მხარე კი ღია-ნაცრისფერი შეფერილობის.

გოჯი-ბერის გავრცელებული ჯიშები

ნიუ ბიგი (New big)

ეს ჯიში ივითარებს არა ოვალურ, არამედ მრგვალი ფორმის და საკმაოდ დიდი ზომის ნაყოფებს, რომელთაც აქვთ ტკბილი გემო. იგი თაფლოვან მცენარედაც ითვლება. მისი წარმოება შესაძლებელია როგორც სოფლად, ასევე ქალაქის პირობებში, რადგან იგი კარგად უძლებს ქარიან და დაჩრდილულ ადგილებს.

ჩინური გოჯი-ბერი (Goji Lyciet)

საშუალოდ-საგვიანო ჯიშია, აქვს მხოხავი ბუჩქის ფორმა. მისი ღერო დაფარულია მცირე ზომის ეკლებით. ყვავილობს ზაფხულის მეორე ნახევარში, უხვმოსავლიანია.

გოჯი ლჰასა (Goji Lhasa)

საადრეო ჯიშია. ნაყოფს იძლევა დარგვიდან მეორე წელს. აქვს დიდი ზომის ნაყოფები

გოჯი ბერის ჰიბრიდი „NRLifeberry

ჰიბრიდი გამოირჩევა გამძლეობით დაბალი ტემპერატურების და ზოგიერთი დაავადების მიმართ.

გოჯი-ბერის გამრავლების და მოვლის აგროწესები

არსებობს გოჯი-ბერის გამრავლების ორი მეთოდი:

გამრავლება თესლით. ეს მეთოდი ყველაზე გავრცელებულია. სასურველი ჯიშის სათესლე მასალას თესენ სათბურებში გაზაფხულზე. აღმოცენების შემდეგ ნერგებს უტარებენ პინცირებას (წვეროების წაჩქმეტა), რაც ხელს უწყობს ყლორტების დიდი რაოდენობით განვითარებას თითოეულ ღეროზე.

ვეგეტატიური გამრავლება. ამ შემთხვევაში გოჯი-ბერის გამრავლება ხდება მცირე ზომის ყლორტებით ანუ კალმებით, რომელთა სიგრძე საშუალოდ 8-10 სმ-ს შეადგენს. ვეგეტატური გამრავლებისათვის არჩევენ ნახევრად-გახევებულ ან სრულად გახევებულ ყლორტებს. შერჩეული კალმები ირგვება ქოთნებში ან სათბურებში, სადაც ხდება მათი დაფესვიანება.

ნიადაგის-ადგილის შერჩევა გადასარგავად. გოჯი-ბერის დარგვისათვის შესაბამისი მიწის ნაკვეთის შერჩევისას საჭიროა გათვალისწინებული იქნას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: იგი სწრაფად მრავლდება და ვრცელდება ნაკვეთის ტერიტორიაზე, ადვილად ჩაგრავს სხვა ერთწლიან კულტურებს და იკავებს მათ ადგილს. გავრცელების შემდეგ მისი მოცილება ნაკვეთიდან საკმაოდ რთულია.

მცენარის დასარგავად მოადგება თითქმის ყველა ტიპის და მექანიკური შემადგენლობის ნიადაგი. თუმცა მისთვის უფრო ოპტიმალურია სუსტად-მჟავე და ტუტე რეაქციის ნიადაგები. გარდა ამისა, სასურველია თუ შერჩეული იქნება კარგი განათების მქონე ნაკვეთები, რადგან ხარისხიან მოსავალს გოჯი-ბერი მხოლოდ საკმარისი განათების პირობებში იძლევა.

დარგვის წესი. გოჯი-ბერის დარგვისათვის ოპტიმალური პერიოდია გაზაფხული. დარგვა შესაძლებელია შემოდგომის პერიოდშიც განხორციელდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში იარსებებს მცენარის ყინვებით ადვილად დაზიანების რისკები.

დასარგავად იღებენ 40 სმ-მდე სიღრმის და 50 სმ-მდე სიგანის ორმოებს. უშუალოდ ნერგის  დარგვის წინ საჭიროა ორმოს ფსკერზე შეტანილი იქნას მცირე რაოდენობით გადამწვარი ნაკელი ან ტორფი, რის შემდეგაც ორმო უხვად უნდა მოირწყოს. დარგვისას ორმო საჭიროა ამოვსებული იქნას სპეციალურად მომზადებული გრუნტით. ამისათვის თითოეული ორმოს ამოვსებისათვის განკუთვნილ მიწაში ურევენ 30-45 გრ. კალიუმის სულფატს ან ნაცარს, 150-230 გრ. სუპერფოსფატს და 4-8 კგ კომპოსტს.

კვების არე. გოჯი-ბერისათვის ოპტიმალურ კვების არედ ითვლება 1,5-დან 2 მეტრამდე დაცილება ნერგებს შორის.

გადარგვის შემდგომი მოვლა. გოჯი-ბერი გადარგვის შემდეგ არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლით ღონისძიებებს. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული რწყვა. ძლიერი გვალვების პერიოდში საკმარისია მისი კვირაში ერთხელ მორწყვა. ასევე ნაკლებად მომთხოვნია ნიადაგის განოყიერებისადმი და როგორც წესი, არ გამოიყენება მინერალური სასუქები. გასხვლისადმი ნაკლებად პრეტენზიულია, რაც ნიშნავს იმას რომ მის ბუჩქებს შესაძლებელია მიეცეს ნებისმიერი ფორმა. გასხვლის შემდეგ მას ძალიან სწრაფად უვითარდება ახალი მწვანე ნაწილები.

ისეთ ადგილებში, სადაც განსაკუთრებით ცივი ზამთარია მოსალოდნელი, მცენარეს ზამთრის პერიოდში ფუთავენ/ფარავენ პოლიეთილენით, რაც იცავს მას ყინვით დაზიანებისაგან.

ფოტოგალერეა

მცენარის აგებულება

ნერგების დაფესვიანება ქოთნებში

ყვავილობა

მსხმოიარე მცენარე

მოსავლის აღება

ნაყოფი გამოშრობის შემდეგ

მსგავსი სიახლეები