პროფესიული საჭიროებების კვლევა აგროტესტირების პლატფორმით
15 / 11 / 2018

„საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის“ მიერ შემუშავებული აგროტესტირების ელექტრონული პლატფორმის საშუალებით დაგეგმილია საჭიროებათა კვლევის ჩატარება. კვლევა განხორციელდება გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ.

საჭიროებათა კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში მომუშავე სპეციალისტების პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირება და მიღებული შედეგების გამოყენება პროფესიული უნარ-ჩვევების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობების დაგეგმვის პროცესში.

კვლევის არეალი მოიცავს ქვეყნის ყველა იმ ტერიტორიულ ერთეულს, სადაც წარმოდგენილია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეებზე მოქმედი აგრო-საექსტენციო სამსახურები. შესაბამისად, იგი განხორციელდება საქართველოს 54 ტერიტორიულ ერთეულზე არსებულ 9 რეგიონალურ და 54 მუნიციპალურ სამსახურში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს აგროტესტირების ელექტრონული პლატფორმის ადაპტირება-გადაწყობა უშუალოდ კვლევის საჭიროებებზე, რის გამოც კვლევის დასრულებამდე პლატფორმაში დაიფარება ყველა დარგი/მიმართულება, ეკოლოგიის კატეგორიის გარდა.

კვლევის დასრულების შემდეგ პლატფორმა კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას პირვანდელი სახით.

აგროტესტირების ელექტრონული პლატფორმა შექმნილია საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის მიერ, USAID-REAP პროექტის ფინანსური და პროფესიული მხარდაჭერით. პლატფორმის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს აგრარული პროფილის სპეციალისტების პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერების და დემონსტრირების ხელშეწყობა.

მსგავსი სიახლეები