აგროპოლიტიკა – კოლექტივიზაციის მოკლე ისტორია
15 / 11 / 2018

ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლებში დაიწყო აგრარული რეფორმები. სხვადასხვა ექსპერიმენტებისა და მოდელების აპრობაციის შემდეგ, განხორციელდა საბჭოთა კავშირის სოფლის მეურნეობის სექტორის სრული კოლექტივიზაცია.

ბოლშევიკების მიერ განხორციელებული აგრარული რეფორმის ძირითადი ეტაპები იყო:

  • პირველი ეტაპი (1917-1918 წწ.) – მიწების ნაციონალიზაცია – მათი განაწილება და გადაცემა გლეხებისათვის, გამოსყიდვის უფლების გარეშე. აიკრძალა მიწის არენდით აღება და დაქირავებული შრომა;
  • მეორე ეტაპი (1919-1920 წწ) – მსხვილი კოლექტიური მეურნეობების შექმნა და კოლექტიური მიწათმოქმედების ფორმის დანერგვა;
  • მესამე ეტაპი (1921-1928) – სხვადასხვა ფორმის კოოპერაციული საწარმოების (არტელები, კომუნები, საზოგადოებები) შექმნა, არენდისა და დაქირავებული შრომის გამოყენების უფლების აღდგენა;
  • მეოთხე ეტაპი (1929-1937 წწ) – სრული კოლექტივიზაცია ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით, კოლექტივების შექმნა და შეძლებული მემამულეების ფენის – ე.წ. კულაკების ფიზიკური ლიკვიდაცია და რეპრესიები.

აგრარული რეფორმის მეოთხე ეტაპის განხორციელების შედეგად საბოლოოდ ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის აგრარული სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი – კოლმეურნეობები.
ოფიციალური განსაზღვრების თანახმად კოლმეურნეობა იყო „ნებაყოფლობის საფუძველზე ჩამოყალიბებული გლეხთა ამხანაგური გაერთიანება“. კოლექტივის მატერიალური ბაზა შეიქმნა გლეხების, ანუ კოლმეურნეების კერძო ქონების გაერთიანებით და კოლმეურნეობათა საკუთრებაში გადასვლით. ერთობლივი შრომის შედეგად კოლმეურნეები ქმნიდნენ მატერიალურ დოვლათს, რომელსაც გაწეული შრომის მიხედვით ინაწილებენ ერთმანეთში. ნამეტი პროდუქციის ფასებს კი ადგენდა სახელმწიფო და თავადვე ყიდულობდა მას.

კოლექტივიზაციის პროცესის განხორციელების გამომწვევ ძირითად მიზნებს წარმოადგენდა:

  • სოციალისტური გარდაქმნების განხორციელება სოფლად;
  • სოფლად მცხოვრები ადამიანების სრული დამოკიდებულება სახელმწიფო-ადმინისტრაციულ სისტემაზე;
  • სწრაფად მზარდი ურბანული სექტორის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით და ადამიანური რესურსებით მომარაგება;
  • ინდუსტრიალიზაციისათვის საჭირო ტექნოლოგიების შეძენა და კრედიტების მოპოვება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვის მეშვეობით;
  • იაფი შრომის სისტემის დანერგვა-განვითარება, კოლექტივიზაციის პროცესის შედეგად რეპრესირებული ადამიანების გამოყენებით.

გამომდინარე იმ ფაქტიდან რომ კოლექტივიზაციის პროცესი გულისხმობდა კერძო საკუთრების ლიკვიდაციას და სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე გლეხების ქონებრივ გათანასწორებას, მისი განხორციელება ნებაყოფლობის საფუძველზე შეუძლებელი შეიქმნა. კოლექტივიზაციის პროცესს ყველაზე დიდ წინააღმდეგობას უწევდა გლეხების შეძლებული ფენა და ყველაზე მეტად სწორედ ამ ფენას შეეხო ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიები: აღნიშნული ფენის წარმომადგენელ გლეხებს ეწოდათ „კულაკები“. ხოლო მათ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას კი სტალინმა „კულაკური კლასის ლიკვიდაცია“ უწოდა.

ე.წ. „კულაკთა კლასი“ დაიყო სამ კატეგორიად (აღსანიშნავია რომ „კულაკის“ იდენტიფიცირების ზუსტი პარამეტრები არ არ არსებობდა).

პირველ კატეგორიაში მოხვდნენ ის შეძლებული გლეხები, რომელთაც გააჩნდათ ანტისაბჭოთა განწყობები და წარსულში სხვადასხვა სხვადასხვა ფორმით იბრძოდნენ კომუნისტების წინააღმდეგ.

მეორე კატეგორიაში ხელისუფლებამ გააერთიანა გლეხები, რომელთაც გააჩნდათ გარკვეული ავტორიტეტი სოფლებში.

მესამე კატეგორია კი მოიცავდა ყველა იმ გლეხს, რომელსაც ხელისუფლების ადგილზე მყოფი წარმომადგენლები ჩათვლიდნენ კულაკად.

პირველი კატეგორიის გლეხები ექვემდებარებოდნენ დაპატიმრებას. მეორე კატეგორიაში მოხვედრილი გლეხები ოჯახებიანად გადაასახლეს ურალში, ყაზახეთსა და ციმბირში. გადაასახლეს მესამე კატეგორიის გლეხებიც, მათივე საცხოვრებელ რაიონებში, უფრო უარეს პირობებში.

გაკულაკებამ მიიღო მასობრივი და ორგანიზებული ხასიათი: ხელისუფლების მიერ ქვეყნის რაიონებისათვის შედგენილი იქნა გეგმები, რომელთა მიხედვითაც ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებს რაიონში, ევალებოდათ ცენტრალური ხელისუფლების მიერ განსაზღვრული რაოდენობის ადამიანთა გაკულაკება. გეგმების შესრულება მკაცრად კონტროლდებოდა ხელისუფლების მიერ და გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში ისჯებოდნენ ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლები.

ოფიციალური მონაცემებით ძალადობრივი კოლექტივიზაციის კამპანიის შედეგად რეპრესირებული იქნა 7 მილიონამდე ადამიანი.

კოლექტივიზაციის შედეგად საბჭოთა კავშირში სრულიად განადგურდა ან რეპრესირებული იქნა შეძლებული და შრომისუნარიანი მემამულეთა ფენა, გლეხმა დაკარგა საკუთრება და შესაბამისად, დამოუკიდებელი  განვითარების შესაძლებლობა. იგი მთლიანად დაექვემდებარა სახელმწიფო ადმინისტრაციულ სისტემას და იქცა კოლმეურნედ – დაქირავებულ სასოფლო-სამეურნეო მუშად, რომელსაც გააჩნდა კონკრეტული ფუნქციები და ეკონომიკური თვალსაზრისით არ იყო დაინტერესებული საკუთარი შრომის შედეგებით და ხარისხით, რადგან შრომის ანაზღაურება ხდებოდა ე.წ შრომადღეების და არა შესრულებული საქმის ხარისხის მიხედვით, ხოლო მიღებულ მოსავალს კი სახელმწიფო იბარებდა ფიქსირებულ ფასებში და ეს ფასები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა რეალურ საბაზრო ღირებულებას.

ძალადობრივი კოლექტივიზაციის პოლიტიკის გატარების პარალელურად დაიწყო აგრარული სექტორის სერიოზული კრიზისი, 1929-1932 წლებში მარცვლეულის წარმოება შემცირდა 10%-ით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ცხენების რიცხვი შემცირდა ერთი მესამედით. დაიწყო ძლიერი შიმშილი, რომელმაც მოიცვა დაახლოებით 25-30 მილიონი ადამიანი. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე შედეგები დადგა უკრაინაში, სადაც აღნიშნული შიმშილობა ცნობილია „ჰოლოდომორის“ სახელწოდებით და ითვლება თანამედროვე უკრაინის უდიდეს ეროვნულ კატასტროფად. სხვადასხვა მონაცემებით „ჰოლოდომორის“ შედეგად შიმშილით დაიღუპა 2,2-დან 10 მილიონამდე უკრაინელი. (ამ ყველაფრის პარალელურად კი გრძელდებოდა მარცვლეულის ექსპორტი საზღვარგარეთ: ამავე პერიოდში 18 მილიონამდე ცენტნერი მარცვლეული იქნა გაყიდული ინდუსტრიალიზაციისათვის საჭირო ტექნოლოგიების და კრედიტების მოსაპოვებლად).

კრიზისის შედეგად მნიშვნელოვნად გაუარესდა გლეხების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უკიდურესი სიღარიბის გამო გლეხები მასობრივად ტოვებდნენ სოფელს და გადადიოდნენ ქალაქებში, სადაც შედარებით უკეთესი საცხოვრებელი პირობები იყო. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იმისათვის რომ მომხდარიყო გლეხთა ქალაქებში მიგრაციის კონტროლი, გატარდა სპეციალური ღონისძიებები, კერძოდ 1932 წელს შემოღებული იქნა სპეციალური საპასპორტო სისტემა, რომელიც არ ითვალისწინებდა სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებზე პასპორტების გაცემას, რაც თავის მხრივ მაქსიმალურად უზღუდავდა გლეხს ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებას და უზრუნველყოფდა მის სოფლად დამკვიდრებას.

აგრარულ სექტორში შექმნილი კრიზისი წარმოიქმნა ძალადობრივი კოლექტივიზაციის თანმდევი რამდენიმე ძირითადი ფაქტორის მოქმედების შედეგად, რომელთა ფორმულირება შესაძლებელია შემდეგი სახით:

  • შეძლებული და შრომისუნარიანი გლეხების რეპრესიები;
  • სოფლის მეურნეობის სექტორის სრული დაქვემდებარება სახელმწიფო-ადმინისტრაციულ სისტემაზე;
  • შრომის მოტივაციის გაქრობა;
  • სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფიქსირებული, რეალურ ღირებულებაზე მნიშვნელოვნად ნაკლები ფასები და ნედლეულის ექსპორტის ზრდა იმ პირობებში, როდესაც მოსავლიანობა მცირდებოდა;
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ძალადობრივი ექსპროპრიაცია.

კრიზისის შემდეგად შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლა და სიტუაციის გაუმჯობესება მოხერხდა მხოლოდ 30-იანი წლების შუა პერიოდში. აღსანიშნავია რომ კოლექტივიზაციის პერიოდში უმნიშვნელოდ გაიზარდა მარცვლეულის წარმოება და თითქმის არ გაზრდილა ხორცის და რძის წარმოება. სამაგიეროდ, აგრარული სფეროს სახელმწიფოს ადმინისტრაციულ სისტემაზე დაქვემდებარებამ საბჭოთა ხელისუფლებას საშუალება მისცა გაეზარდა სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის და კერძოდ მარცვლეულის ექსპორტი, რაც ცხადია ხდებოდა კოლმეურნეთა უკიდურესი გაღარიბების ხარჯზე.

ძალადობრივი მეთოდებით განხორციელებული კოლექტივიზაციის შედეგად საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ აგრარული სექტორი გარდაქმნა იაფი მუშახელის და ნედლეულის მომწოდებელ სფეროდ და მიღებული შემოსავლები მიმართა ქვეყნის ინდუსტრიალიზაციისაკენ. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ კოლექტივიზაციის პროცესმა მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი შეასრულა ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის მიმართულებით, საბჭოთა სახელმწიფოს მიერ შექმნილი აგრარული სისტემა საბოლოო ჯამში ვერ ჩამოყალიბდა კონკურენტუნარიან და პერსპექტიულ სფეროდ.

მსგავსი სიახლეები