აგროპედია გავრცელდა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში
15 / 11 / 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა მუნიციპალიტეტში დაინერგა საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის მიერ შექმნილი თანამედროვე და მუდმივად განახლებადი აგრო-ბიბლიოთეკების სისტემა – აგროპედია. შედეგად, რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ფერმერებისათვის სრულად ხელმისაწვდომი გახდა საჭირო საკონსულტაციო-შემეცნებითი სახის მასალები და ინფორმაცია სოფლის მეურნეობის ყველა ძირითადი დარგის მიმართულებით.

აგროპედია წარმოადგენს თანამედროვე და მუდმივად განახლებად აგრო-ბიბლიოთეკას, რომელიც მოთავსებულია სპეციალურ აპარატში, სადაც ამ დროისათვის მოცემულია 1500-ზე მეტი სტატია და მასალა სხვადასხვა აგრო-ღონისძიებისა თუ სერვისის შესახებ. საჭირო ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მარტივად – ეკრანზე ხელის შეხებით.

აგროპედიას შიგთავსის ანუ აგრო-ბიბლიოთეკის ფორმატი შექმნილია და ვითარდება შესაბამისი დარგების სპეციალისტების მიერ. ასევე მისი დიზაინი და მოხმარების წესი მაქსიმალურად ადაპტირებულია ფერმერთა საჭიროებებზე.

პროექტი განხორციელდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე აგროპედიას ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით, განხორციელებული იქნა საპილოტე პროექტი ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც განთავსებული იქნა აგროპედიას პროტოტიპი და ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი დაკვირვება.

აღნიშნული საპილოტე პროექტის შედეგების გათვალისწინებით, დაიგეგმა პროექტის მეორე ეტაპი და მის ფარგლებში განხორციელდა აგროპედიების განთავსება ავტონომიური რესპუბლიკის ყველა მუნიციპალიტეტში.

ამ ეტაპზე აგროპედიები უკვე განთავსებულია ხულოს, შუახევის, ქედის გამგეობების შენობებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, ქობულეთში – ა(ა)იპ  აგროსერვის ცენტრის შენობაში და ბათუმში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში.

უშუალოდ აჭარის ა/რ-ის ტერიტორიაზე ფუნქციონირებად აგროპედიებში სტატიების და მასალების დამატება წარმოებს ა(ა)იპ  აგროსერვის ცენტრის აგრო-საექსტენციო მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ფერმერების მოთხოვნის საფუძველზე. როგორც აპარატები, ასევე აგროპედიას უშუალოდ აჭარის ტერიტორიაზე არსებული ქსელის მართვის პროგრამა გადაეცემა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს.

აგროპედიების საინსტალაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტებში გაიმართა პროდუქტის პრეზენტაციები, სადაც აგროპედიას ფუნქციონირების და მიზნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდა აჭარის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრს, სამინისტროს წარმომადგენლებს და სექტორში მომუშავე სპეციალისტებს. გარდა ამისა, ადგილობრივი მას-მედიის საშუალებით მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია პროდუქტის ფუნქციონირების დაწყების შესახებ აჭარის ა/რ-ის ტერიტორიაზე. პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით ასევე იგეგმება საინფორმაციო ბუკლეტების   გავრცელება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერთა თემებში.

პროექტი განხორციელდა ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

აგროპედიას შექმნის და მისი გავრცელების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით საინფორმაციო-საკონსულტაციო და შემეცნებითი სივრცის შექმნა საქართველოში მცხოვრები ფერმერებისათვის და ფერმერთა წვდომის უზრუნველყოფა მათი მეურნეობებისათვის საჭირო ინფორმაციასა და მასალებზე.  გარდა ამისა, აგროპედია არის დამხმარე მექანიზმი აგრო-საკონსულტაციო სფეროში მომუშავე საჯარო მოხელეებისთვის. აგროპედიას გამოყენებით მათ საშუალება ეძლევათ ეფექტურად და უდანახარჯოდ გაავრცელონ საჭირო ინფორმაცია და რეკომენდაციები ფერმერთა თემებში და სრულად ხელმისაწვდომი გახადონ საკონსულტაციო სერვისები ყველა ფერმერისათვის.

საქართველო მსოფლიოს პირველი ქვეყანაა, სადაც დაინერგა აგროპედიას ინოვაციური მეთოდი და ასეთი ფორმატის ინოვაციური დამხმარე მექანიზმის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს საჯარო აგრო-საკონსულტაციო სექტორში არსებული სიტუაციის ფონზე – როდესაც არსებობს მრავალი სხვადასხვა ზომის და პროფილის ფერმერული მეურნეობები და მათ მფლობელ ფერმერებს ესაჭიროებათ ობიექტური და დროული საინფორმაციო საკონსულტაციო სერვისების მიწოდება.

ამ ეტაპზე საქართველოს ყველა მუნიციპლიტეტში არსებობს აგრო-საკონსულტაციო სერვისების მწარმოებელი საჯარო სამსახურები. მაგრამ ფერმერული მეურნეობების დიდი რიცხვის გამო ისინი საჭიროებენ დამატებით დამხმარე მექანიზმებს იმისათვის, რათა სრულად დაფარონ ფერმერთა თემებში არსებული საინფორმაციო-საკონსულტაციო მოთხოვნილებები. ამ მიმართულებით აგროპედია ქმნის საჯარო და არასამთავრობო სექტორის ეფექტური თანამშრომლობის მოდელს და უზრუნველყოფს ფერმერებისათვის საჭირო ინფორმაციის და საკონსულტაციო სერვისების სწრაფ და უდანახარჯო გავრცელებას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ყველა ფერმერისათვის ხელმისაწვდომი ფორმით.

აჭარის ა/რ-ის ტერიტორიის გარდა, აგროპედია ფუნქციონირებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში და ასევე, საპილოტე პროექტები ხორციელდება საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, პროდუქტის შემდგომი პოპულარიზაციის და ტექნიკური თვალსაზრისით განვითარების მიზნით.

მსგავსი სიახლეები