დანდური – დახასიათება, მოვლა-მოყვანის აგროწესები
15 / 11 / 2018

ბოტანიკური აღწერილობა. ბოსტნის დანდური (ლათ. Portulaca oleracea) ერთწლოვანი მცენარეების გვარი დანდურისებრთა ოჯახისა.

ღერო გართხმული ან წამოწეულია და ძირიდანვე დატოტვილი.

ფოთლები მცირე ზომისაა, ოვალური ფორმის. ღეროს ძირში ფოთლები სპირალისებურად არის განლაგებული, ხოლო ღეროს ზედა ნაწილში კი ფოთლები ერთმანეთის პარალელურად ვითარდება

ყვავილები მცირე ზომისაა ყვითელი ფერის და შეკრებილია მტევნებად 2-3 ცალის ოდენობით. ყვავილობა იწყება ივნისში და შესაძლებელია გაგრძელდეს აგვისტომდე.

თესლი მუქი-შინდისფერი შეფერილობისაა და აქვს ოვალური ფორმა.

ქიმიური შემადგენლობა. დანდურის ღერო, ფოთლები და თესლი შეიცავს ადამიანისათვის სასარგებლო ვიტამინებს და მიკროელემენტებს.

  • ვიტამინებიდან დანდური შეიცავს:
  • ვიტამინი A-ს
  • თოკოფეროლს, ვიტამინი E-ს
  • ასკორბინის მჟავას, ვიტამინი C-ს
  • ნიკოტინმჟავას, ვიტამინი B3-ს

მაკრკო და მიკრო ელემენტებიდან დანდურის შემადგენლობაში შედის:

  • რკინა
  • თუთია
  • კალციუმი
  • ნატრიუმი
  • კალიუმი

აღნიშნული ნივთიერებების გარდა დანდური წარმოადგენს მცენარეული ნახშირწყლების წყაროს.

თესლი

ფოთლები

ღერო

ყვავილი

დანდურის გავრცელებული ჯიშები

„პარადოკსი“

აღმოცენებიდან მოსავლის პირველ მოჭრამდე პერიოდი შეადგენს 25-30 დღეს. დაბალმზარდი მცენარეა, უხვად ივითარებს ფოთლებს. ღეროს ზედა ნაწილი ღია-მწვანე ფერისაა ხოლო ქვედა ნაწილი კი მოვარდისფრო შეფერილობის.  როზეტის საშუალო სიმაღლე 18-21 სმ-ს შეადგენს. ფოთოლი მცირე ზომისაა, გლუვზედაპირიანი, ხორციანი, მოყვითალო-მომწვანო შეფერილობის. თითოეულ მცენარეზე საშუალოდ 11-25 ფოთოლი ვითარდება. ერთი მცენარის საშუალო მასა 70-80 გრამის ფარგლებშია. მწვანე მასის მოსავლიანობა შეადგენს 0,9 კგ-ს ერთ კვადრატულ მეტრზე.

მოვლა-მოყვანის აგროწესები

დანდურის წარმოება შესაძლებელია როგორც ჩითილების გამოყვანის მეთოდით, ასევე პირდაპირ ღია გრუნტში თესვით.

ნიადაგის მჟავიანობის არე (pH) არ უნდა იყოს 5,7-ზე ნაკლები.

ჩითილების გამოყვანა. ჩითილების მისაღებად დანდურის თესვა საჭიროა დაიწყოს მარტის შუა რიცხვებში. ჩითილები გამოჰყავთ სხვადასხვა ფორმის ქოთნებსა და ჭურჭელში. დანდურის ჩითილების გამოსაყვანი სუბსტრატი-გრუნტი მარტივად მზადდება ბაღიდან აღებულ ჩვეულებრივ მიწას უმატებენ მისი მოცულობის 1/5 ქვიშას და კარგად ურევენ. დათესვამდე ერთი დღე-ღამით ადრე საჭიროა ჩითილების მიწა მოირწყას ნადგამი თბილი წყლით. ამ წესით მომზადებულ გრუნტში თესლი ითესება 4-5 მმ-ის სიღრმეზე, ერთმანეთისაგან 1 სმ-ის დაშორებით. შემდეგ ქოთნებს ათავსებენ თბლი და მზიან ადგილას. აღმოცენებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 22°C-ის ფარგლებშია. ამ პირობებში დანდური საკმაოდ სწრაფად აღმოცენდება და იზრდებ და მაისის ბოლოს უკვე შესაძლებელია ჩითილების გადარგვა ღია გრუნტში.

ღია გრუნტში თესვა. დანდურის გამრავლება შესაძლებელია პირდაპირ ღია გრუნტში თესვით. ამ შემთხვევაში თესვა უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც მიწა ჩათესვის სიღრმეზე (1-2 სმ.) 10-11°C-მდე გათბება. ანუ საქართველოს პირობებში დათესვა შესაძლებელია აპრილის ბოლოს-მაისის დასაწყისში ან უფრო ადრე.

გადარგვის/თესვის შემდგომი მოვლა. დანდურის მოვლა ღია გრუნტში ძირითადად გულისხმობს: გამეჩხერებას, ნიადაგის გაფხვიერებას და საჭიროების შემთხვევაში მორწყვას.

ძლიერ ჩახშირებული ნათესები საჭიროა შემეჩხერდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული მცენარეების ჩაწოლა და ლპობა.

დანდურის ნათესში ნიადაგი მუდმივად ფხვიერ და სარეველებისაგან სუფთა მდგომარეობაში უნდა იქნას შენარჩუნებული. ზაფხულის განმავლობაში მშრალი და ცხელი ამინდების დადგომის შემთხვევაში საჭიროა მცენარის მორწყვა. საორიენტაციოდ, ასეთ კლიმატურ პირობებში დანდური 3-4 კვირაში ერთხელ უნდა მოირწყას. ტენის ნაკლებობის შემთხვევაში დანდური სწრაფად აყვავილდება და მისი ყლორტები მოხმარებისათვის უვარგისი გახდება. თუმცა ასევე აღსანიშნავია რომ ზედმეტი რწყვა და ნიადაგის ძლიერ დატენიანება დაუშვებელია, რადგან ამ დროს მცენარე ზრდაში იწოწება და მოხმარებისათვის გამოუსადეგარი ხდება. ამავე მიზეზის გამო სასურველი არ არის მინერალური სასუქების შეტანა – დანდურისათვის სრულიად საკმარისია ბოსტნეული კულტურების წარმოების შემდეგ ნიადაგში დარჩენილი მინერალური ნივთიერებები.

კვების არე. დანდურისათვის ოპტიმალურ კვების არეს წარმოადგენს 15-20 სმ. მცენარეებს შორის და 60-70 სმ. რიგებს შორის. შემეჩხერების საჭიროების დადგომისას საჭიროა მცენარეების გამეჩხერება იმ ფორმით, რომ დაცული იქნას აღნიშნული კვების არეები.

თესლის აღება. დანდურის თესლის აღებას აწარმოებენ შემდეგი წესით:  ნათესში ტოვებენ რამდენიმე მცენარეს და არ ასუსტებენ მათ მწვანე ნაწილების მოცილებით ანუ მათგან არ იღებენ მოსავალს. მას შემდეგ რაც დატოვებული მცენარეები დაასრულებენ ყვავილობას, კრეფენ მათ მომწიფებულ სათესლე კოლოფებს და იღებენ თესლს. ამ მხრივ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დანდურის თესლი არათანაბრად მწიფდება, ამიტომ თესლის აღებას ანუ მომწიფებული კოლოფების მოკრეფას აწარმოებენ რამდენიმეჯერ. მიუხედავად ამისა, კოლოფების გარკვეული რაოდენობა მაინც სკდება და თესლი მიწაზე იფანტება. ამ ფორმით გაფანტული სათესლე მასალა მეორე წლის გაზაფხულზე აღმოცენდება, რის შედეგადაც შესაძლებელია დანდური მთელს ბაღში გავრცელდეს როგორც სარეველა მცენარე.

მოსავლის აღება. დანდურის აღმოცენებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ უკვე შესაძლებელია მისი საკვებად გამოყენება. ამ დროს ჭრიან ყლორტებს და მცენარის მწვანე მასის სხვა ნორჩ ნაწილებს.

მსგავსი სიახლეები