ნაცარი – ბუნებრივი სასუქი: აღწერილობა და გამოყენება
15 / 11 / 2018

აღწერილობა და ქიმიური შემადგენლობა. ხის ნაცარი როგორც სასუქი, გამოიყენება უძველესი დროიდან. იგი შეიცავს მცენარის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელ მაკრო და მიკროელემენტებს  – კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს და სხვა მცენარისათვის სასარგებლო  ნივთიერებებს.

მცენარეული ნაცრის ზუსტი ქიმიური შედგენილობის დადგენა შეუძლებელია, რადგან იგი იცვლება იმ მცენარეთა სახეობების და ასაკის მიხედვით, რომელთაგანაც ხდება მისი მიღება.  თუმცა, ჯერ კიდევ მენდელეევმა შეიმუშავა ნაცრის საერთო ქიმიური ფორმულა, სადაც მითითებულია ნაცრის შემადგენელი ელემენტების საორიენტაციო პროცენტული ურთიერთ შეფარდება 100 გრ. ნაცარში.

ნაცარი მდიდარია სხვადასხვა მიკროელემენტებით, რომელთაგან ზოგიერთ მათგანი ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ზრდას და განვითარებას, ზოგიერთი კი ზრდის კულტურათა გამძლეობას სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ.

ქვემოთ წარმოდგენილია ნაცრის საორიენტაციო ქიმიური შემადგენლობა, რომელიც წარმოაჩენს იმ ნივთიერებათა საორიენტაციო პროცენტულ რაოდენობებს, რომელთაც შეიცავს ნაცარი:

  • CaCO3 (კალციუმის კარბონატი) — 17%.
  • CaSiO3 (კალციუმის სილიკატი) — 16,5%.
  • CaSO4 (კალციუმის სულფატი) — 14%.
  • CaCl2 (კალციუმის ქლორიდი— 12%.
  • K3PO4 (კალიუმის ორთოფოსფატი) — 13%.
  • MgCO3 (მაგნიუმის კარბონატი) — 4%.
  • MgSiO3 (მაგნიუმის სილიკატი— 4%.
  • MgSO4 (მაგნიუმის სულფატი) — 4%.
  • NaPO4 (ნატრიუმის ორთოფოსფატი) — 15%.
  • NaCl (ნატრიუმის ქლორიდი) — 0,5 %.

კალციუმის კარბონატი

წარმოდგენილი შემადგენლობიდან ჩანს, რომ ხის წვის შედეგად მიღებული ნაცარი შეიცავს მცენარის კვებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს – კალციუმს, რომელიც აუცილებელია კულტურათა ვეგეტაციის თავდაპირველ ეტაპზე მწვანე მასის ნორმალური ზრდისათვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურებისათვის, რომელთაც ახასიათებთ დიდი ზომის მწვანე მასის განვითარება (მაგალითად კიტრი, პომიდორი, გოგრა..).

ნაცრის შემადგენლობა წარმოშობის მიხედვით

ნაცარი ელემენტების პროცენტული შემცველობები
ფოსფორი კალიუმი კალციუმი
ფოთლების წვის შედეგად მიღებული ნაცარი 3,5 10,0 30,0
წიწვოვანი მცენარეების წვის შედეგად მიღებული ნაცარი 2,5 6,0 35,0
ტორფის წვის შედეგად მიღებული ნაცარი 1,2 1,0 20,0
გადამწვარი ნაკელის წვის შედეგად მიღებული ნაცარი 4,8 11,3 8,5
       
პურეული მცენარეების წვის შედეგად მიღებული ნაცარი 4,0-8,0 10,0-20,0 4,0-8,0
მატიტელასებრთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელი მცენარეების ჩალის წვის შედეგად მიღებული ნაცარი 2,5 30,0-35,0 18,5
მზესუმზირის ღეროების წვის შედეგად მიღებული ნაცარი 2,5 36,0-40,0 18,0-19,8

კალციუმის კარბონატი

კალციუმის კარბონატი დადებით ზეგავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე – იგი აძლიერებს ნივთიერებათა გადაადგილების სისწრაფეს მცენარის უჯრედებში და აბალანსებს ბიოლოგიურ პროცესებს. ამ თვისების გამო განსაკუთრებით ეფექტურია ნაცრის გამოყენება დეკორატიული მცენარეებისათვის ნიადაგის გნოყიერებისას, რადგან იგი დადებით ზეგავლენას ახდენს  ყვავილების ზომაზე და უფრო ბრწყინავ შეფერილობას აძლევს მათ.

კიტრის ნათესებში ნაცრის შეტანა უზრუნველყოფს მცენარის სრულყოფილ განვითარებას. ამ შემთხვევაში კიტრზე დადებით გავლენას ახდენს კალციუმი, რომელიც ეხმარება მცენარეს მწვანე მასის ზრდაში – ხელს უწყობს მცენარის უჯრედებში ნივთიერებათა შეუფერხებელ გადაადგილებას.

კალციუმის სილიკატი

კალციუმის სილიკატი (CaSiO3) აკავშირებს („აწებებს“) მცენარის უჯრედებს ერთმანეთთან და ეხმარება მათ ნივთიერებათა ათვისებაში.

მაგალითად, ხახვი ძალიან მწვავედ რეაგირებს კალციუმის სილიკატის ნაკლებობაზე – ამ დროს მას უშრება და უხმება ქერქლები. ამ დროს სიტუაციას გამოასწორებს მცენარის მორწყვა ნაცრიანი წყლით.

კალციუმის სულფატი

კალციუმის სულფატი (CaSO4) იგივე გოგირდმჟავას კალციუმის მარილი, შედის სუპერფოსფატის შემადგენლობაში. ხოლო სუპერფოსფატი კი ერთ-ერთი გავრცელებული და პოპულარული სასუქია. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ კალციუმის სულფატის შეტანა ნაცრის სახით უზრუნველყოფს უფრო ხანგრძლივვადიან ეფექტს, ვიდრე მისი მინერალური სასუქის სახით შეტანა (ანუ სუპერფოსფატის სახით შეტანა.).

კალციუმის სულფატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწვანილოვანი კულტურების და ხახვისათვის ჩითილობის და მწვანე მასის ინტენსიურად განვითარების პერიოდებში. მცენარის განვითარებასთან ერთად კალციუმი აკუმულირდება მის მწვანე მასაში და მცენარეული ნარჩენების დაშლის შემდეგ იგი უბრუნდება ნიადაგს.

კალციუმის ქლორიდი

არსებობს მოსაზრება, რომ ხის წვის შედეგად მიღებული ნაცარი არ შეიცავს ქლორს. მაგრამ ეს მოსაზრება მცდარია კალციუმის ქლორიდი (CaCl2) შედის ხის წვის შედეგად მიღებული ნაცრის შემადგენლობაში. მაგრამ ამ ფორმით ქლორის არსებობა მცენარისსათვის საშიში არ არის და პირიქით, მას გააჩნია დადებითი ზეგავლენა მცენარის ზრდა-განვითარების პროცესზე. ბუნებაში ცნობილი თითქმის ყველა მცენარე იყენებს ქლორს ვეგეტაციის ყველა ეტაპზე. ქლორს მუდმივად შეიცავს ხეხილოვანი და ბოსტნეული კულტურების მწვანე მასა (საერთო მასის 1%-მდე ოდენობით. ხოლო ყურძნის და პომიდორის მწვანე მასაში ქლორი უფრო დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი).

კალციუმის ქლორიდი ააქტიურებს ფერმენტების ფორმირებას, აძლიერებს ფოტოსინთეზის პროცესს და ხელს უწყობს საკვები ელემენტების გადაადგილებას მცენარეში.

კალციუმის ქლორიდის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება – იგი აძლიერებს მცენარის სიცივისადმი გამძლეობის უნარს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვენახსა და ხეხილოვან კულტურებში. გარდა ამისა კალციუმის ქლორიდი უზრუნველყოფს ნიადაგის ერთგვაროვნების შენარჩუნებას, რაც იცავს მრავალწლიანი კულტურების ფესვებს ცივი ჰაერის მასების შეღწევისაგან.

კალციუმის ქლორიდი აძლიერებს მცენარეს დაავადებების წინააღმდეგ. ამ მხრივ იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ვარდებისათვის.

ნაცრის შემადგენლობაში შემავალი კალციუმის ქლორიდი ზრდის მცენარის გამძლეობას შემდეგი დაავადებების და ფიზიოლოგიური დაზიანებების წინააღმდეგ:

  • ვაშლის ნაყოფების ლპობა შენახვის პერიოდში.
  • პომიდორის ნაყოფების სიშავე.
  • სტაფილოს ძირხვენების დახეთქვა.
  • კარტოფილის სიშავე და ლპობა, როგორც ვეგეტაციის, ასევე შენახვის პერიოდში.
  • ყურძნის მარცვლების ნაადრევი დაცვენა.
  • მარწყვის ნაყოფების დაობება, მოსავლის განმეორებით აღების პერიოდში.
  • ვარდის შავფეხა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გამო რომ კალციუმის ქლორიდს შეიცავს, ნაცრის გამოყენება შესაძლებელია არამხოლოდ როგორც სასუქის, არამედ როგორც ეკოლოგიურად სუფთა ფუნგიციდის, რომელიც დაიცავს მცენარეებს სხვადასხვა დაავადებებისაგან.

ქვამარილი

ნაცრის შემადგენლობაში არსებული ქვამარილი (NaCl) წარმოადგენს ზრდის დამაჩქარებელ კატალიზატორს ტენისადმი მაღალი მოთხოვნილების მქონე ისეთი კულტურებისათვის, როგორიცაა: კიტრი, გოგრა, ყაბაყი.  ქვამარილი უზრუნველყოფს კულტურათა უჯრედებში წყლის დაკავება-დარეზერვებას. ქვამარილის ზემოქმედებით დაკავებულ წყალს მცენარე გამოიყენებს გვალვიანი პერიოდის დადგომის შემთხვევაში. ანუ ქვამარილი ზრდის მცენარის გვალვისადმი გამძლეობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლისადმი დიდი მოთხოვნილების მქონე კულტურათა წარმოებისას.

კალიუმის ორთოფოსფატი

ნაცრის შემადგენლობაში არსებული კალიუმის ორთოფოსფატი  (K3PO4) ეხმარება მცენარეს წყლის ბალანსის რეგულირებაში. ამ ნივთიერების უკმარისობის შემთხვევაში. მცენარეთა ფოთლებსა და ფესვებში გროვდება ამიაკი, რაც თრგუნავს მცენარის ზრდას. გარდა ამისა, კალიუმის ორთოფოსფატი ზრდის მცენარის სივიცისადმი გამძლეობის უნარს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სითბოს მოყვარული მრავალწლიანი ხეხილისა და ყურძნის კულტურისათვის.

კალიუმის ორთოფოსფატი  ასევე უქმნის განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებს მრავალ დეკორატიულ მცენარეს – იგი ძალიან სასარგებლოა ბაღის სხვადასხვა სახეობის ყვავილებისათვის, ვარდისა და ქრიზანთემებისათვის.

მაგნიუმი

ნაცარი შეიცავს მაგნიუმის სამ ნაერთს, რომლებიც ერთობლივად მოქმედებენ მცენარის ზრდა-განვითარების პროცესებზე. განსაკუთრებით სასარგებლოა ნაცრის შემადგენლობაში არსებული მაგნიუმი ხეხილოვანი, ბოსტნეული და მარცვლეული კულტურებისათვის. მაგნიუმი ნაცარში არსებულ კალუიმთან ერთად ხელს უწყობს ზრდის ენერგიის გამომუშავებას.

მაგნიუმი ხელს უწყობს ნახშირწყლების ფორმირებას, რაც თავის მხრივ სახამებლისა და ცელულოზის წყაროს. მაგალითად, ვარდის მთავარღერძიანი ფესვთა სისტემისათვის ძალიან სასარგებლოა ნაცრის შემადგენლობაში არსებული მაგნიუმი. მისი მიწოდება ვარდის ფესვისათვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ფესვი მაგნიუმის გაცილებით მეტი რაოდენობით მოიხმარს, ვიდრე მისი მიწისზედა ნაწილი.

ნატრიუმი

ნატრიუმი ახდენს ბევრი ისეთი ფერმენტის გააქტიურებას, რომლებიც არ რეაგირებენ ნაცრის შემადგენლობაში არსებულ სხვა ელემენტებზე. მაგალითაად, პომიდორი მიეკუთვნება ნატრიუმის მოყვარე მცენარეთა ჯგუფს (ნატრიფილები) და იგი ძალიან კარგად რეაგირებს ნაცრის შემადგენლობაში არსებულ ნატრიუმზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ განიცდის კალიუმის დეფიციტს. ამ დროს უკვე ნატრიუმი უზრუნველყოფს  წყლის ბალანსის შენარჩუნებას მცენარეში.

ნაცრის გამოყენების საჭიროების განსაზღვრა

ნაცრის შემადგენლობაში შედის ბევრი ისეთი მაკრო და მიკრო ელემენტი, რომელიც საჭიროა მცენარის ზრდა-განვითარებისათვის. როდესაც მცენარე განიცდის ამ ელემენტებიდან ერთი ან რამდენიმე მათგანის დეფიციტს, მისი ზრდა-განვითარება ფერხდება და იზრდება სხვადასხვა სახის დაავადებების და ფიზიოლოგიური დარღვევების გაჩენის რისკები.

როგორც სტატიაში წარმოდგენილი ცხრილიდან ჩანს, ყველაზე დიდი რაოდენობით ნაცარი შეიცავს კალციუმს. შესაბამისად, მცენარისათვის ნაცარი წარმოადგენს კალციუმით მომარაგების მნიშვნელოვან საშუალებას.

კალციუმის უკმარისობის შემთხვევაში მცენარეზე ჩნდება შემდეგი სახის სიმპტომები:

  • ფოთლების დეპიგმენტაცია (ფოთლები იღებენ თეთრ შეფერილობას)
  • ფოთლების დეფორმაცია (წვეროები იხრება ქვემოთ, ხოლო კიდეები კი იხვევა ზემოთ)
  • პომიდორს, წიწაკას, ბადრიჯანს და კარტოფილს აღენიშნებათ საყვავილე მტევნების დაცვენა.
  • პომიდორის ნაყოფების ზედაპირზე ჩნდება მუქი ლაქები
  • ვაშლის ხეს ყლორტების წვეროები უჭკნება და უარესდება ნაყოფის გემური ხარისხი
  • კარტოფილის და ხახვის ღეროებსა და ბოლქვებზე ჩნდება მკვდარი ქსოვილებისაგან ფორმირებული უბნები

მნიშვნელობის თვალსაზრისით მეორე ელემენტი რომელსაც ნაცარი შეიცავს, არის კალიუმი. იგი კალციუმთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი ნაცრის შემადგენლობაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, კალიუმის რაოდენობა ნაცარში საკმარისია იმისათვის რომ მოახდინოს გაცვლითიპროცესების ნორმალიზება მცენარეულ ორგანიზმებში.

როდესაც მცენარე განიცდის კალიუმის ნაკლებობას, გარეგნული თვალსაზრისით მას აღენიშნება შემდეგი სახის სიმპტომები:

  • ხეხილოვან კულტურებზე ფოთლები ნაადრევად ჭკნება და მიუხედავად ამისა, არ ცვივა – დამჭკნარი ფოთოლი რჩება ყუნწზე.
  • ვარდები კარგავენ სურნელს.
  • კარტოფილს, წიწაკას, ბადრიჯანს და პომიდორს უხმებათ ფოთლების კიდეები. რის შემდეგაც ფოთლები მილისებურად იხვევა.

ნაცრის შემადგენლობაში შემავალი კიდევ ერთი მცენარისათვის მნიშვნელოვანი ელემენტია მაგნიუმი. იგი ხელს უწყობს ნახშირწყლების ფორმირების პროცესს.

მაგნიუმის უკმარისობისას ფერხდება მცენარის განვითარება და მცენარე ზრდაში ჩამორჩება. მაგნიუმის უკმარისობისას მცენარე ავლენს იგივე სიმპტომებს, რაც კალიუმის უმარისობის დროს იქნა აღწერილი.

რამდენიმე მაგალითი, როდესაც ნაცრის გამოყენება მცენარისათვის საზიანოა

სასუქების (თუნდაც ორგანული) გადაჭარბებით შეტანამ შესაძლოა გამოიწვიოს გაცილებით უფრო დიდი პრობლემები, ვიდრე მოსალოდნელია მათი უკმარისობის შემთხვევაში.

დაუშვებელია ნაცრის, როგორც სასუქის შეტანა ტუტე რეაქციის ნიადაგებში. ასეთ ნიადაგებზე ნაცრის შეტანის და შედეგად, ნიადაგის არეს რეაქციის pH-ის მომატების გამო, მცენარეებზე შესაძლოა გაჩნდეს შემდეგი სახის სიმპტომები:

კალციუმის სიჭარბის სიმპტომები

  • ფოთლების არანორმალური ზრდა, ვაშლის და ვენახის შემთხვევაში.
  • ყლორტების და ახალგაზრდა ნაზარდების ჭკნობა პომიდორზე.
  • ბაღის ყვავილებზე ფოთლების დაცვენა.
  • ვარდის ფოთლებზე შეინიშნება ძაღღვებს შორის არსებული ქსოვილების ქლოროზი და თეთრი ფერის ლაქები ყვავილების ყუნწებზე.
  • ფოთლების დეპიგმენტაცია (ფოთლები იღებენ თეთრ შეფერილობას).

კალიუმის სიჭარბის სიმპტომები

  • ვაშლის და მსხლის ნაყოფების რბილობი იღებს მუქ შეფერილობას.
  • ნაყოფების მწარე სიდამპლე.
  • ფოთლების ნაადრევად დაცვენა.
მსგავსი სიახლეები