სიმინდის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგია
15 / 11 / 2018

ბოტანიკური აღწერილობა. სიმინდი (ლათ. Zea mays) მარცვლოვანთა ოჯახის წარმომადგენელია, მისი სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკა, საიდანაც ის მთელს ამერიკაში გავრცელდა.
სიმინდის თესლი, განსხვავებით თავთავიანებისაგან გაღივების დროს იძლევა ერთ ღივს, რომელიც სიგრძეზე იზრდება და თავის მხრივ იკეთებს გვერდით ფესვებს. ანუ ფუნჯა ფესვს.
ღერო-მძლავრია და მაღალი ღერო ცილინდრული მოყვანილობისაა და დაყოფილია მუხლთშორისებად.
ფოთოლი – სამი ნაწილისაგან შედგება – ფოთლის ღარის, ფირფიტისა და ენაკისაგან, ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარე შეუბუსავია, ზედა კი შებუსილი, ვერ იტანს დაჩრდილვას, ძლიერ იჩაგრება სარეველებისაგან.
სიმინდის ტარო შედგება ყვავილედის გამსხვილებული, ცილინდრული ფორმის ღერძისაგან, რომლის ამოკვეთილ ბუდეებში სწორ რიგებად წყვილწყვილად სხედან თავთუნები. მწკრივების რაოდენობა ჯიშების მიხედვით იცვლება და 8-16 შორის, იშვიათად არის 24, აღნიშნულია 48 მწკრივიანი ტაროც.

დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. სიმინდი სითბოს მოყვარული მცენარეა, მისი თესლის გაღვივება შესაძლებელია 8-10°С სითბოს პირობებში, მაგრამ ამ პირობებში გაღივების ტემპი დაბალია და თესლის მნიშვნელოვანი ნაწილი ავადდება. თესლის გაღივების ოპტიმალური ტემპერატურად ითვლება 20-25 გრადუსი.
გაზაფხულის ყინვები -2°С-ის ფარგლებში აზიანებს სიმინდის აღმონაცენს, ხოლო შემოდგომის ნაადრევმა ყინვამ -4-°С ის ფარგლებში შეიძლება დააზიანოს მცენარის ფოთლები და უვარგისი გახდეს მწვანე მასა სასილოსედ.
სიმინდი ითვლება გვალვა გამძლე მცენარედ, ამას იმით ხსნიან, რომ მშრალი ნივთიერების შესაქმნელად სიმინდი უფრო ნაკლებ წყალს ხარჯავს, ვიდრე საგაზაფხულო თავთავიანი ხორბალი, ქერი, შვრია. მისი ტრანსფირაციის კოეფიციენტი 270-270 ფარგლებშია.
განათების მიმართ სიმინდი დიდ მოთხოვნილებას აყენებს, განსაკუთრებით განვითარების პირველ პერიოდში, სიმინდი ითვლება მოკლე დღის მცენარედ, მისი სინათლის სტატია დიდი ტემპით მიმდინარეობს 12-14 საათიანი დღის ხანგრძლივობის პირობებში.

ქიმიური შემადგენლობა. სიმინდის მარცვალი შეიცავს: 12-16% წყალს, 65-70% ნახშირწყლებს, 8-10% ცილას, 4,5-5% ცხიმს, 2-2,5% უჯრედანას, 1,5% ნაცარის ელემენტებს.

განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა 20-24 °С
ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა 60-65%
ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა 70-85%
ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია, pH 5,5-7,0
გავრცელების არეალი ზღვის დონიდან 20-1200
საჭირო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 1500-3000
კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი -2°С-dan -3°С-mde
კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი 30-35°С
სასურველი წინამორბედი კულტურები საშემოდგომო ხორბალი, პარკოსანი და ბაღჩეული  კულტურები
არასასურველი წინამორბედი კულტურები შაქრის ჭარხალი, კარტოფილი, მზესუმზირა, თამბაქო

სიმინდის გავრცელებული ჯიშები და ჰიბრიდები

აჯამეთის თეთრი


ადგილობრივი ჯიშია. იგი საქართველოს სასელექციო სადგურმა გააუმჯობესა. მისი ტარო ოდნავ კონუსისებრი ან კონუსურია, სიგრძით 18-24სმ. მსხვილი. ამ ჯიშის ირგვლივისობა შუა ნაწილში 14-16სმ-ია. ტაროზე უმეტესად 10-12 მწკრივია, იშვიათად ამაზე მეტი. მწკრივები ხშირად სპირალურია და განსაკუთრებით წვეროსკენ მარცვლები გაბნეულია. მისი ნაქუჩი თეთრი ფერისაა.
მარცვალი თეთრი ფერისაა, კბილა ტიპის, დიდი ზომისა და ფართო (ტიპი B ან იშვიათად A). 1000 მარცვლის წონა 350-500გრ-მდეა. მარცვლის გამოსავალი 79-81%-ია. მცენარე სიმაღლით 200-300სმ-მდეა, ფოთოლთა რაოდენობა 18-22-ია. ქვედა ტარო მიმაგრებულია 130-140სმ სიმაღლეზე. მარცვლის საშუალო მოსავლიანობა 33-45 ცენტნერს აღემატება. კარგად გვარობს დასავლეთ საქართველოს დაბლობ ადგილებში. მისი სავეგეტაციო პერიოდი 130-150 დღემდეა. კარგია სასურსათოდ. სოკოვანი დაავადებებით მცირედ ზიანდება. აღნიშნულია მცირედ წითელი სიდამპლითა და ფუზარიოზით დაავადება.

კრაბასი F1


საადრეო ყვითელი ჰიბრიდია. ვეგეტაციის ხანგრძლივობა 110-115 დღეა. მარცვლის მოსავალი შეადგენს 8-10 ტონას 1 ჰა-ზე.

ლომთაგორა 1


საშუალო-საგვიანო (124-126 დღე) ჰიბრიდია, მაღალპროდუქტიული. ოპტიმალურ აგროტექნიკურ პირობებში იძლევა 6-8 ტონა მარცალს ჰა-ზე.
რეკომენდირებულია დასავლეთ საქართველოს რაიონებისათვის ზღვის დონიდან 700-750 მეტრამდე.

ქართული კრუგი


მორწყვის პირობებში 1 ჰა-ზე იძლევა 6-8 ტონას. მარცვალი ყვითელია. საფურაჟეა. ვეგეტაცია გრძელდება 140 დღე.

სიმინდის მოვლის აგროწესები

ადგილი თესლბრუნვაში. სიმინდი სხვა მარცვლოვან კულტურებთან შედარებით, მეტად ეგუება ერთსა და იმავე ნაკვეთზე ზედიზედ თესვას, თუმცა ხანგრძლივი თესვისას ნაკლებ მოსავალს იძლევა, ვიდრე თესლბრუნვაში. დასავლეთ საქართველოს დაბლობებში, სადაც თავთავიანი პურეული და ბაღჩეული კულტურები არ ითესება, სიმინდი უნდა დაითესოს მინდვრის მოხვნის პირველ წელს და შემდეგ 4-5 წლის განმავლობაში ზედიზედ უნდა დაითესოს სოიასა და ლობიოს მორიგეობით შეთესვით.
პირველ წელს შეიძლება დავთესოთ იონჯა-მრავალსათიბი კოინდრის ნარევი, სიმინდის მოსავლის აღების შემდგომ შეიძლება დავთესოთ შუალედური კულტურები: შვრიანარევი, ცულისპირა, ბარდა, რაფსი, ტურნეფსი, შაქრის ჭარხალი. თესლბრუნვების მიხედვით შეიძლება მორიგეობით დავთესოთ პარკოსანი კულტურები: ლობიო, სოია და სხვა.

სიმინდისათვის განსაზღვრული ნაკვეთის შერჩევა. ნიადაგის მიმართ სიმინდის დამოკიდებულება, იმაში გამოიხატება, რომ ის თავისუფლად ეგუება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგს. არ ვარგა მისთვის მხოლოდ მლაშობები. საუკეთესო შედეგი იძლევა სიმინდი ნოყიერ, ჰუმუსით მდიდარ სტრუქტურიან, თიხნარ ნიადაგებზე – შავმიწები, ყომრალი და ყავისფერი ნიადაგები.
სათანადო აგროტექნიკის პირობებში, სიმინდის მაღალი მოსავალი შეიძლება მივიღოთ ეწერ ნიადაგებზეც. სიმინდი კარგ მოსავალს იძლევა ახლად გატეხილ ყამირებზე და აგრომელიორაციული ღონისძიებების ჩატარების შედეგად ჭაობის დაშრობის შემდეგ, განთავისუფლებულ ნიადაგებზე.
სიმინდი მოითხოვს ტუტე ან სუსტი მჟავე არეს რეაქციის მქონე ნიადაგს. ნიადაგის შერჩევის შემდეგ აუცილებლად უნდა შეირჩეს ნაკვეთი. სასურველია ნაკვეთის დახრილობა 50-ს არ აღემატებოდეს.
სიმინდის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 5,5-დან 7,0-მდეა.
იმ შემთხვევაში, თუ სიმინდის წარმოებისათვის შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია, ანუ ნიადაგის სიმინდის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის დარგვამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი pH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.

მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ნიადაგის ძირითადი დამუშავება. სიმინდის დასათესად განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში, ნაწვერალის აჩეჩვის ან წინამორბედი კულტურის აღების შემდეგ, შემოდგომაზე უნდა მოიხნას 27-30 სმ. სიღრმეზე წინმხვნელიანი გუთნით, რათა გამოყენებული იქნას ზამთრის ყინვების მოქმედება ნიადაგის კარგად მოსამწიფებლად. Aამ დროს მცირდება ნიადაგის დალექვის საშიშროება. ხელი შეეწყობა დასათესი ფსკერის კარგად მომზადებას. სარეველა ბალახების აღმოცენების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას ტოტალური მოქმედების ჰერბიციდები.
დასავლეთ საქართველოში ნიადაგის მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან ადრე გაზაფხულზე.

ნიადაგის თესვისწინა და შემდგომი დამუშავება. გაზაფხულზე მოხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. ამ მიზნით დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია ჩვეულებრივი თათებიანი ან დისკოებიანი კულტივატორებით 10-12 სმ სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. დათესვამდე სარეველა ბალახების აღმოცენების შემთხვევაში საჭიროა ტოტალური ჰერბიციდის გამოყენება. დასათესი ნიადაგი სუფთა უნდა იყოს სარეველა ბალახებისაგან.
ვეგეტაციის პერიოდში სიმინდის ნათესი ვერ იტანს გამკვრივებულ და პირშეკრულ ნიადაგს, ამიტომ თუ სიმინდის დათესვის შემდეგ, აღმოცენებამდე ნიადაგმა ქერქი გაიკეთა, საჭიროა ნათესი აღმოცენებამდე დაიფარცხოს მსუბუქი ფარცხით.
როდესაც სიმინდი აღმოცენდება და განივითარებს 2-3 ფოთოლს, ნათესი მსუბუქი ფარცხით იფარცხება მწკრივების გარდიგარდმო. ეს ოპერაცია სასურველია შესრულდეს დილი 10-11 საათის შემდეგ – ამ დროს მცენარე ელასტიურია და ადვილად არ იმტვრევა.
ვეგეტაციის შემდგომ ეტაპებზე სიმინდი საჭიროებს თოხნა-კულტივაციას. სიმინდის თოხნა-კულტივაციის რაოდენობა დამოკიდებულია ადგილზე არსებულ სიტუაციაზე: სარწყავ პირობებში, სადაც დასარევლიანება უფრო მეტია, საჭიროა საშუალოდ სამი კულტივაცია და ერთი გათოხნა. ორწყავ პირობებში კი შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ერთი თოხნა და ორი კულტივაცია.
პირველი კულტივაცია ტარდება 8 სმ-ის სიღრმეზე, შემდეგი კულტივაციები კი უფრო ნაკლედ სიღრმეებზე.
სიმინდის სარეველების და მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ, ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს შესაბამისი პესტიციდების გამოყენებაც.

თესვა. სიმინდი ითესება მწკრივებად, სიმინდის სათესი მანქანებით. მწკრივთა შორის ოპტიმალური მანძილი 70-75 სმ-ია. მცენარეებს შორის მანძილი ძლიერად მოზარდ ქართულ ჯიშებისათვის შეადგენს 20-22 სმ-ს. ერთ ჰა-ზე ითესება 25-30 კგ თესლი.
სიმინდის ჰიბრიდები უფრო მჭიდროდ ითესება, ერთ ჰა-ზე 60-75 ათასი მარცვალი.
ჩათესვის სიღრმე თიხნარ-მძიმე ნიადაგებზე 5-6 სმ-ია, ხოლო მსუბუქი-ფხვიერი შედგენილობის ნიადაგზე კი 7-8 სმ.
აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ პირობებში სიმინდის თესლის ჩათესვის სიღრმე 8-10 სმ-ს შეადგენს.
თესვისას უმჯობესია პუნქტირებული სათესების გამოყენება. ეს უზრუნველყოფს თანაბარ აღმონაცენს.
ხარისხიანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია თესვის ვადების დაცვა – დათესვის საუკეთესო დროა პერიოდი, როდესაც ნიადაგი თესლის დათესვის სიღრმეზე 10-12°С-მდე გათბება.

ნიადაგის განოყიერება. სიმინდის ნაკვეთში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით.
საორიენტაციოდ, 1ჰა-ზე 10 ტონა მოსავლის მისაღებად საჭიროა ნაკვეთში შეტანილი იქნას:

  • აზოტი N – 288 კგ. (სუფთა ნივთიერება).
  • ფოსფორი P – 190 კგ.(სუფთა ნივთიერება).
  • კალიუმი K – 464 კგ. (სუფთა ნივთიერება).

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:

  • აზოტი N — ვეგეტაციის პერიოდში რამდენიმეჯერ შეტანა, გამოკვების სახით.
  • ფოსფორი P — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.
  • კალიუმი K — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.

მზრალად მოხვნის წინ თუ 1 ჰა-ზე 30 ტონა გადამწვარ ნაკელს შევიტანთ, მინერალური სასუქებიდან საჭირო იქნება: აზოტი 138, ფოსფორი 115კგ, კალიუმი 284 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

მორწყვა. სიმინდი წყლისადმი ყველაზე მომთხოვნია თესლის გაღივების და აღმოცენების ფაზებში. მისი მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე.
ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში სიმინდი 4-ჯერ მაინც უნდა მოირწყას, 2-ჯერ ყვავილობამდე და 2-ჯერ ყვავილობის შემდეგ.
მორწყვის სრული საორიენტაციო ნორმა ერთ ჰა-ზე არის 3000-3500 კუბ./მ.
მორწყვა შესაძლებელია როგორც კვალში მიშვებით, ასევე დაწვიმებით.

მოსავლის აღება-შენახვა

სამარცვლე სიმინდს იღებენ სრული სიმწიფის ფაზაში სექტემბრის თვეში. მოსავლის აღება უნდა დავიწყოთ იმ ნაკვეთებიდან, სადაც საშემოდგომო თავთავიანი კულტურების თესვაა გათვალისწინებული. სიმინდის მოსავლის აღება ხდება მარცვლეულის ამღები კომბაინით „ჯონ დირი“, „ნიუ ჰოლანდ“, „დოც ფირი“, „მესიფერგიუსონი“, „კლასის“ და სხვა.
მოსავლის მარცვლად აღების შემთხვევაში მარცვალი უნდა გაშრეს სპეციალურ საშრობებში. მარცვლის შრობას ატარებენ მისი შენახვისა და ხარისხის ამაღლების მიზნით. მარცვალი ითვლება შენახვისათვის მდგრადი, თუ მისი ტენიანობა 13-14%-ზე მეტი არ არის.
სიმინდის დამწიფების შემდეგ, მოსავლის აღების დაგვიანება არ არის მიზანშეწონილი. ნალექებით უხვი შემოდგომის პირობებში შეიძლება გამოიწვიოს როგორც მარცვლის, ისე ჩალის გაფუჭება-დაავადება და მათი ხარისხის გაფუჭება. აგრეთვე გამოიწვევს ნასიმინდარის მოხვნის დაგვიანებას.მოსავლის აღების პერიოდში სიმინდის მარცვლის ტენიანობა 25%-ია, ამიტომ მათი ჩახურების გამო, შენახვამდე საჭიროა სიმინდის ტაროებისა და მარცვლების გამოშრობა.

ფუჩეჩგაცლილი ტაროები უნდა უნდა გაიშალოს თხელ ფენად, სანამ მარცვლის ტენიანობა 13-14%-ს არ მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები